გადასვლა ,,დიეტების” მთავარ გვერდზე
ის დიეტები, რომლებშიც ძირითადი აქცენტი კეთდება ნახშირწყლების მცირე დოზით მიღებაზე, ეფუძნება ამგვარ პრინციპს: „შაქარი – თეთრი სიკვდილი“. ამ ტიპის დიეტების ავტორები სწორედ შაქარს, უფრო სწორად – ნახშირწყლებს მიიჩნევენ წონაში მომატების მთავარ მიზეზად.
დიეტები, რომლებიც ნახშირწყლების ნაკლები რაოდენობით მიღებას ითვალისწინებს, ეფუძნება შემდეგ ცნობილ თეორიას: თუ ორგანიზმი ვერ ასწრებს ჭარბად მიღებული ნახშირწყლების გადამუშავებას, ისინი ცხიმებად გარდაიქმნებიან და ასე ვთქვათ, ენერგეტიკულ მარაგს ქმნიან. თუ შევამცირებთ ან აღარ მივიღებთ ნახშირწყლებს, ორგანიზმი „იძულებული ხდება“, ცხიმის რეზერვები დახარჯოს.
ბოლო პერიოდში სამეცნიერო ლიტერატურაში გამოჩნდა ისეთი გამოკვლევებიც, რომლებიც ამ თეორიას ან უარყოფს, ან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის მაგალითია მიხეილ გინზბურგის ნაშრომი. თუმცა, ნახშირწყლების ნაკლებად მიღებაზე გათვლილი დიეტები საკმაოდ გავრცელებულია და წონაში კლების თვალსაზრისით, სასურველი შედეგებიც მოაქვს.
ისიც აღსანიშნავია, რომ ამგვარი დიეტების უმრავლესობას თამამად შეიძლება ეწოდოს არა დიეტა, არამედ – კვების მეთოდიკა. ასეთ მეთოდიკას მიეკუთვნება: კრემლის დიეტა, მონტინიაკის მეთოდი, ატკინსის დიეტა, სამხრეთ პლაჟის დიეტა. მათი ავტორები გვირჩევენ, შემოთავაზებული მეთოდიკა მთელი სიცოცხლის განმავლობაში დავიცვათ; გვარწმუნებენ, რომ ნივთიერებათა ცვლა ახალ ყაიდაზე გადაეწყობა; ორგანიზმი მიეჩვევა ტკბილეულის არმიღებას და აღარც „მოგთხოვთ“ კანფეტს, შოკოლადს, ფუნთუშეულს.
არსებობს დიეტები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწესებს მკაცრ შეზღუდვებს. ასეთია, მაგალითად: კიმ პროტასოვის დიეტა, ფრანგული დიეტა, ცილოვანი დიეტა, ანგელის დიეტა, ხორცის დიეტა, პროტეინების დიეტა და „ათი პროდუქტის“ დიეტა.
იშვიათად ხდება, როდესაც ამგვარ დიეტებს სწრაფად მოაქვს შედეგები. მეტწილად, ისინი გათვლილია იმაზე, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესში ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს (რაც, ბუნებრივია, 3–5 დღეში ვერ მოესწრება). ადამიანები საგრძნობ ეფექტს ხანგრძლივი დროის შემდეგ გრძნობენ.
ამგვარი დიეტების გადატანა არცთუ ადვილი საქმეა, განსაკუთრებით – მაშინ, თუ მკვეთრად შევზღუდავთ შაქრის მოხმარებას. ასეთ შემთხვევაში სრულებით შესაძლებელია, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის უკმარისობა) წარმოიქმნას. შედეგად, ადამიანი გრძნობს სისუსტეს, რომელიც ხშირად გონების დაბნელებამდე მიდის, ეძინება, უქვეითდება შრომისუნარიანობა, მუდმივად აქვს შიმშილის გრძნობა.
თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, მითუმეტეს, თუ იგი ნივთიერების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ამგვარი დიეტის დაცვას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. სასურველია, წინასწარ კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან. დიეტა უკუჩვენებას აძლევს: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, ფეხმძიმეებსა და მუძუძურ ქალებს.
Viewed 82380 times by 18587 viewers


