დიაზეპამი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიაზეპამის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიაზეპამი/diazepam

დიაზეპამის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები. ბენზოდიაზეპინები


დიაზეპამი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
დიაზეპამს 5 მგ-ს ან 10 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი, პოლივინილპიროლიდონი.
1 ამპულა (2 მლ ხსნარი) შეიცავს:
დიაზეპამს _ 10 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ბენზოის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი-1,2, ეთილის სპირტი, საინიექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაზეპამი ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორია. პრეპარატი დამთრგუნველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი ახდენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, მიორელაქსაციურ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას, არ იწვევს ექსტრაპირამიდულ დარღვევას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას დიაზეპამი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 30_90 წთ-ში მიიღწევა.
პრეპარატის მნიშვნელოვანი ნაწილი (98%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები გადიან პლაცენტურ ბარიერს, გადადიან დედის რძეში. პრეპარატის ნახევარგანაწილების პერიოდი პლაზმაში შეადგენს 3 სთ-ს.
დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 48 სთ-ია. დიაზეპამის საშუალო კლირენსი შეადგენს 20-30 მლ/წთ. დიაზეპამი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით და ფეკალიებით.
Т1/2 იზრდება ახალშობილებში, ხანდაზმულ ავადმყოფებში, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
ჩვენებები
• პრემედიკაცია ქირურგიული და სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჩარევების წინ (ენდოსკოპია, კარდიოვერსია, გულის კათეტერიზაცია, მცირე ქირურგიული მანიპულაციები, ძვლების რეპოზიცია ამოვარდნილობისა და მოტეხილობების დროს, ბიოფსია, სახვევების შეცვლა დამწვრობებისას);
• ფსიქიკური დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს შფოთვა, აგზნებადობა, შიში, მღელვარება; • ენდოგენური ფსიქოზები (როგორც დამხმარე საშუალება);
• ყველა სახის ნევროზები, განსაკუთრებით განგაშის სინდრომთან ერთობლიობაში;
• ნერვული დაძაბულობა ფსიქოსომატური დაავადებებისას;
• ნევროზული მოშლილობა პედიატრიულ პრაქტიკაში (თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ენურეზი, სიჯიუტე, მავნე ჩვევები);
• ეპილეფსია (როგორც დამხმარე საშუალება);
• რეფლექსური კუნთოვანი კრუნჩხვების შესამცირებლად ტრავმების, დაზიანებების, ანთებების დროს;
• კუნთოვანი ტონუსის შესამცირებლად იმპულსების გამტარი გზების დაზიანებებისას ზურგის ტვინის დონეზე (მათ შორის, სპასტიურობა, პოლიომიელიტი, პარაპლეგია, ჰიპერკინეზი).
მიღების წესები და დოზები
დოზირება ინდივიდუალურია, დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე.
ტაბლეტები: მოზრდილებში ინიშნება 5-20 მგ. მკურნალობას იწყებენ დოზით 2.5-5 მგ 1-2-ჯერ დღეში, შემდეგ დოზას თანდათანობით ზრდიან.
ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 5_10 მგ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 60 მგ 2_3 მიღებაზე.
დასუსტებულ და ხანდაზმულ ავადმყოფებში ინიშნება შემცირებული დოზები _ 2.5 მგ 1-2-ჯერ დღეში. ბავშვებში ინიშნება შემდეგი დოზები:

ასაკი დოზირება
1 წლიდან – 3 წლამდე 1.25 მგ (5 მგ-იანი ტაბლეტის 1/4) დღეში
3 წლიდან – 7 წლამდე 2.5 მგ (5 მგ-იანი ტაბლეტის 1/2) დღეში
7 წლიდან – 14 წლამდე 5.0 მგ (5 მგ-იანი 1 ტაბლეტი) დღეში

საინიექციო ხსნარი: შეჰყავთ ვენაში ან კუნთში.
ქირურგიული ჩარევის წინ სედატიური ეფექტის მისაღწევად პრეპარატი შეჰყავთ დიდი ზომის ვენაში ნელა დოზით 5 მგ/წთ-ში.
კრუნჩხვებისას მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ ვენაში 10-20 მგ სიჩქარით 0.5 მლ (2.5 მგ) 30 წმ-ში. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით 30-60 წთ-ის შემდეგ.
მძიმე ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ ვენაში ნელა დოზით 10 მგ. საჭიროებისას შეიძლება ინიექციის გამეორება 4 სთ-ის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
მოდუნებულობა, ძილიანობა; მეტყველების, მხედველობის, მეხსიერების, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები; თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, თავბრუხვევა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები; გულისრევა, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია; არტერიული ჰიპოტონია, ბრადიკარდია; შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის ატონია; ტრემორი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ქრონიკული ჰიპერკაპნია, მძიმე მიასთენია, გლაუკომა, 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა განხორციელდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით. სიფრთხილით ინიშნება გულისა და სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
დიაზეპამის გამოყენების ფონზე აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის ვენაში შეყვანისას შესაძლებელია ფლებიტის ან თრომბოფლებიტის განვითარება. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მცირე დიამეტრის ვენაში შეყვანა. ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატი მოქმედებს სწრაფად, მაგრამ ხანმოკლე დროით.
პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში.
რეკომენდებული საწყისი დოზა ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს 0.25 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც 3 წთ-ის განმავლობაში შეჰყავთ.
სამეანო პრაქტიკაში პრეპარატი არ გამოიყენება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: აკრძალულია ავტომანქანის მართვა და ტექნიკის მომსახურება დიაზეპამის მიღებიდან 12 სთ-ის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დეპრესია, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, ფსიქიკური აშლილობა, ცნობიერების არევა, იშვიათ შემთხვევებში – პარადოქსული აგზნებადობა. ჭარბი დოზირების მძიმე შემთხვევებში – კომა, რეფლექსების, გულ-სისხლძარღვთა სისტემებისა და სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, ზომების გატარება, რომლებიც მიმართულია არტერიული წნევის მოსამატებლად. ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სპეციფიკურ ანტაგონისტად შეიძლება ფლუმაზენილის გამოყენება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას დიაზეპამის მოქმედების ეფექტი იზრდება.
ციმეტიდინი და ომეპრაზოლი ამცირებენ დიაზეპამის კლირენსს. პრეპარატებმა, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტების ინდუქციას, მათ შორის, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებმა (კარბამაზეპინი, ფენიტოინი), შეიძლება დააჩქარონ დიაზეპამის გამოყოფა.
შენახვის პირობები და ვადები
ტაბლეტები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
საინიექციო ხსნარი: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ტაბლეტები და საინიექციო ხსნარი: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა: 5მგ და 10მგ ტაბლეტები. 0.5% 2 მლ ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N1 რეცეპტით)
მწარმოებელი კომპანია: ბიოპოლუსი, საქართველო

გაფრთხილება