კალციტრონი

კალციტრონი

კალციტრონის ზოგადი ინფორმაცია

კალციტრონი. CALCITRON. ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი, ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, D3 ვიტამინის პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – კალციუმის კარბონატი + ქოლეკალციფეროლი. Calcium carbonate + Colecalciferol. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A12AX. მწარმოებელი ფირმა – ავერსი-რაციონალი (საქართველო).

კალციტრონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კალციტრონი. CALCITRON გამოდის 400მგ–,  500მგ–  და 600მგ–იანი ტაბლეტის ფორმით. 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: კალციუმის კარბონატს, 400 (500,600)მგ ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტურს; ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) – 100 (250, 400) სე. დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილპარაბენი, ჟელატინი, პოლიდექსტროზა, სორბიდექსი, ლევომენთოლი, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი Sunset Yellow (E 110).

კალციტრონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კალციტრონის ფასები ფარმადეპოში
კალციტრონის ფასები ავერსში
კალციტრონის ფასები psp-ში
კალციტრონის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კალციტრონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კალციტრონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კალციტრონის აქტიური ნივთიერებები       

კალციუმის კარბონატი + ქოლეკალციფეროლი. Calcium carbonate + Colecalciferol. კალციუმის კარბონატს + ქოლეკალციფეროლს მიაკუთვნებენ ვიტამინების და ვიტამინების მსგავსი საშუალებების ჯგუფს.

კალციტრონის სინონიმები

კალცინორმ – D3 (Calcinorm D3, G P C, საფრანგეთი),იდეოსი (IDEOS, Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, საფრანგეთი), კალცი დე-დენკი (Calci D-Denk, Denk Pharma, გერმანია),კალციუმი D3 ნიკომედი (CALCIUM D3 NICOMED, Nycomed, ნორვეგია),  კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე (CALCIUM D3 NICOMED FORTE, Nycomed, ნორვეგია),  შელკალი სიროფი (SHELCAL SYROP, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი).

კალციტრონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  •  ოსტეოპოროზი  სენილური
  •  ოსტეოპოროზი  სტეროიდული
  •  ოსტეოპოროზი  მენოპაუზის დროს
  • ოსტეოპოროზის გართულება (ძვლების მოტეხილობა)
  •  კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტი
  •  ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი, ბავშვებისა და მოზარდების
  •  კალციუმისა და ვიტამინ D3-ის  არასაკმარისი მიღება საკვებით
  • კალციუმისა და ვიტამინ D3-ზე ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება

კალციტრონის საფირმო აღწერიდან

კალციტრონის ფარმაკოლოგიური თვისებები

კალციტრონი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) უკმარისობას ორგანიზმში, რაც აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას).

კალციტრონის ფარმაკოკინეტიკა

ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში აქტიური ვიტამინ D-დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით.

კალციტრონის ჩვენებები

• ოსტეოპოროზის (სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური, მენოპაუზის დროს) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
• კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის აღდგენა (საკვებით მათი არასაკმარისი მიღება, ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება მათზე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვებისა და მოზარდების ინტენსიური ზრდის პერიოდი).

კალციტრონის მიღების წესები და დოზები

ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს (მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა არ არის რეკომენდებული). კალციტრონი 400: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ ინიშნება 2-3 ტაბლეტი დღეში;
ბავშვებში 3-დან 12 წლამდე ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში ან დოზირება დგინდება ინდივიდუალურად; კალციტრონი 500: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ – 2 ტაბლეტი დღეში;
ბავშვებში 3-დან 12 წლამდე ინიშნება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით;
კალციტრონი 600: მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ – 2 ტაბლეტი დღეში; ბავშვებში 12 წლამდე არ არის რეკომენდებული.

კალციტრონის გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია;
სხვა: ალერგიული რეაქციები.

კალციტრონის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ჰიპერკალცემია; ჰიპერკალციურია; ნეფროლითიაზი; სარკოიდოზი; ვიტამინ D3-ის დოზის გადაჭარბება;
სიმსივნური მეტასტაზები ძვალში; თირკმლის მძიმე უკმარისობა; ტუბერკულოზის აქტიური ფორმა; ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი; 3 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში.
ორსულობის პერიოდში პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმს და 600 სე ვიტამინ D3-ს. ჰიპერკალცემიამ (რომელიც ვითარდება დოზის გადაჭარბებისას) ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გონებრივი და ფიზიკური განვითარების დეფექტები.
ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დედასთან და ბავშვთან ამ ვიტამინების მიწოდების დამატებითი წყაროები.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობისას, მძიმე უკმარისობის შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია.
კალციტრონის მიღებისას პაციენტები, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს ან/და დიურეზულ საშუალებებს, საჭიროებენ კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლს სისხლის შრატში. კალციუმისა ან კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას სისხლის შრატში, აგრეთვე ჰიპერკალციურიისას, რომელიც აღემატება 7.5 მმოლ/24 სთ (300 მგ/24 სთ), საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
პრეპარატის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ ვიტამინ D3-ის დამატებითი მიღება სხვა წყაროებიდან იმისათვის, რომ ავიცილოთ დოზის გადაჭარბება.
საკვები, რომელიც შეიცავას ოქსალატებს (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინს (ბურღულეული), ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ არ შეიძლება კალციტრონის მიღება ასეთი საკვების მიღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში.
სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ოსტეოპოროზით დაავადებულ იმობილიზირებულ ავადმყოფებში, ვინაიდან არსებობს ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება პოლივიტამინურ კომპლექსებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ კალციუმს და D ჯგუფის ვიტამინებს.

ჭარბი დოზირება კალციტრონით

სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალცემია, ჰიპერკრეატინემია;
ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზით – სისხლძარღვების და ქსოვილების კალცინოზი. მკურნალობა: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით შეყვანა ორგანიზმში, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგ. ფუროსემიდი), კორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატის მიღება.
პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ ჰიპერდოზირების ნიშნების გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს.

კალციტრონის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კალციტრონთან ფენიტოინისა და ბარბიტურატების გამოყენებისას მცირდება ვიტამინ D3-ის აქტივობა. კალციტრონისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროულად მიღებისას აუცილებელია ეკგ-ს და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები ახდენენ გავლენას საგულე გლიკოზიდების თერაპიულ და ტოქსიკურ ეფექტზე.
კალციტრონისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 სთ-ისა, რადგან ვიტამინ D3-ს შეუძლია გაზარდოს მათი აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კალციტრონის მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 2 სთ-ის შემდეგ ბისფოსფონატების და ნატრიუმის ფტორიდის გამოყენებიდან, ვინაიდან ის ამცირებს მათ შეწოვას.
პრეპარატის კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულად მიღებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კალციტრონის დოზის მომატება, რადგან კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის აბსორბციას. კალციტრონისა და ქოლესტირამინის, საფაღარათო საშუალებების (რომლებიც დამზადებულია მინერალური ან მცენარეული ზეთის საფუძველზე) ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ D3-ის აბსორბციის შემცირება.
კალციტრონისა და თიაზიდური ჯგუფის პრეპარატების ერთობლივი გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალცემიის რისკი კალციუმის მილაკოვანი რეაბსორბციის მომატების შედეგად. ფუროსემიდის და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკების მიღებისას პირიქით, იზრდება კალციუმის გამოყოფა თირკმელებით.

საკვები პროდუქტების მჟავე რეაქცია ზრდის, ხოლო სუსტი ტუტოვანი რეაქცია ამცირებს კალციუმის შეწოვას.

კალციტრონის შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

კალციტრონის გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.