ორლიპი

ორლიპი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ორლისტატი/orlistat

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება, გასტრო-ინტესტინალური ლიპაზების ინჰიბიტორი.

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – ორლისტატის 120 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
მოქმედების მექანიზმი დამყარებულია კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმების წარმოქმნაზე, რის შედეგადაც ხდება ლიპაზების ინაქტივაცია, ირღვევა საკვების ცხიმების დაშლა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი აბსორბცია. პრეპარატის სისტემატური გამოყენებისას აღნიშნული ეფექტი იწვევს სიმსუქნით დაავადებული პაციენტების წონის შემცირებას. მიღების შემდეგ ორლისტატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღებული დოზის 97% გამოიყოფა ფეკალური მასებით, მათ შორის 83% – შეუცვლელი სახით. ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო შეადგენს 3-5 დღეს.

ჩვენებები
სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა (ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).

მიღების წესები და დოზები
ინიშნება თითო კაფსულა (120 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე. პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა. თუ კვებას გამოტოვებენ ან საკვები არ შეიცავს ცხიმს, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გამოტოვებაც. პრეპარატის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში, მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში). ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენება
– ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი;
– ქოლესტაზი;
– ორლისტატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებულ და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე (არაუმეტეს 30% ცხიმების შემცველობით). კვების რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ორლისტატით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია ცხიმების დღიური რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე. პრეპარატით მკურნალობის შედეგად პაციენტის წონის დაკლების ფონზე შესაძლოა გაუმჯობესდეს სიმსუქნის თანმდევი პათოლოგიების – არტერიული ჰიპერტენზიის, ლიპიდური ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (ამ შემთხვევაში საჭიროა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება) მიმდინარეობა. ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების და ბეტა-კაროტინის შეწოვა. ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის. პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის. ორლისტატი არ ინიშნება ორსულობის პერიოდში (უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო). ორლისტატის დანიშვნა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან დაუდგენელია გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად. ორლისტატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-20oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 60მგ კაფსულა №30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება