ტორვიტინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ატორვასტატინი/atorvastatin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები

შემადგენლობა
ტორვიტინის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ატორვასტატინის 10 მგ-ს, 20 მგ-ს ან 40 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ფერმენტ HMG-CoA-რედუქტაზას სელექციური კონკურენტული ინჰიბირებით, ატორვასტატინი თრგუნავს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილკოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონის მჟავაში. მევალონის მჟავა კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედს.
ქოლესტერინის (qs) სინთეზის დათრგუნვა იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (dslp) რეცეპტორების რეაქტიულობის მატებას ღვიძლში. აღნიშნული რეცეპტორები იერთებენ dslp-ს, გამოდევნიან მათ სისხლის პლაზმიდან და ამცირებენ სისხლში qs/dslp-ის დონეს.
ატორვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და აპოლიპოპროტეინ B-ს, ასევე ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა (Zdslp) და ტრიგლიცერიდების დონეს, იწვევს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (mslp) დონის არამდგრად მატებას.
ატორვასტატინი ეფექტურია და ამცირებს ქოლესტერინის დონეს მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობას.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებული ატორვასტატინი კარგად (80%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1-2 საათში. ღვიძლში “პირველადი გავლის” გამო ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად ატორვასტატინის ბიოშეღწევადობა 14%-ს შეადგენს.
პლაზმის ცილებს 98% უკავშირდება. ატორვასტატინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზაციას განიცდის უპირატესად ღვიძლში. ფერმენტ HMG-CoA-რედუქტაზაზე მეტაბოლიტების მაინჰიბირებელი მოქმედება 20-30 სთ გრძელდება. ელიმინაცია ხორციელდება ნაღველით. T1/2 დაახლოებით 14 საათია. 46% ელიმინირდება ფეკალური მასებით, ხოლო 2%-ზე ნაკლები შარდით.

ჩვენებები
– პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია) დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
– შერეული ჰიპერლიპიდემია, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში;
– სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების მატება და დისბეტალიპოპროტეინემია (დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში);
– მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია (დიეტასთან ერთად);
– მეორადი პროფილაქტიკისათვის მიოკარდიუმის ინფარქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით და/ან დისლიპიდემიით დაავადებულებში განმეორებითი სტენოკარდიის რისკის შემცირების მიზნით.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება სტანდარტულ ჰიპოლიპიდემიურ დიეტასთან ერთად.
პრეპარატი უნდა მიიღონ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის დოზის (10-80 მგ) შერჩევა ხდება dslp-ის საწყისი დონის, თერაპიის მიზნისა და ინდივიდუალური ეფექტურობის გათვალისწინებით. თერაპიის დასაწყისში და/ან დოზის მატებისას ყოველი 2-4 კვირის განმავლობაში საჭიროა პლაზმაში ლიპიდების დონის კონტროლი და შესაბამისად დოზის კორექცია.
ტორვიტინის ყოველდღიური საწყისი რეკომენდებული დოზა 10 მგ-ია. ეფექტურობის მიხედვით შესაძლებელია დღიური დოზის 80 მგ-მდე გაზრდა. ტორვიტინის მოქმედება მიღებიდან 2 კვირის შემდეგ ვლინდება, მაქსიმალურ ეფექტს 4 კვირაში აღწევს. ამიტომ დოზის კორექცია პრეპარატის პირველი მიღებიდან 4 კვირის მანძილზე საჭირო არ არის.
პირველადი (მემკვიდრული ჰეტეროზიგოტური და პოლიგენური) ჰიპერქოლესტერინემიის და შერეული ჰიპერლიპიდემიის დროს საწყისი დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. პაციენტის რეაქციის მიხედვით 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა 80 მგ-ია.
მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში. ოპტიმალური ეფექტი მაქსიმალური დღიური დოზის – 80 მგ-ის მიღების შემთხვევაში აღინიშნება.
ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. ყველაზე ხშირად ვითარდება ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა.
იშვიათად ვლინდება კუნთების კრუნჩხვა, მიალგიები, მიოზიტი, ასთენია, დიარეა, გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენება
– ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან ტრანსამინაზების გაურკვეველი გენეზის აქტივობის მატება (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი);
– რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის ადეკვატურ მეთოდებს;
– ორსულობა;
– ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
– ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები;
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით გამოიყენება ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებლებსა და/ან ავადმყოფებში ანამნეზში ღვიძლის დაავადებებით.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
ტორვიტინი სიფრთხილით ინიშნება ელექტროლიტური დისბალანსის, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების, ალკოჰოლიზმის, ანამნეზში ღვიძლის დაავადებების, არტერიული ჰიპოტენზიის, მძიმედ მიმდინარე მწვავე ინფექციების, არაკონტროლირებადი კრუნჩხვების, ქირურგიული ჩარევების, ტრავმების დროს.
ატორვასტატინმა შესაძლებელია კრეატინფოსფოკინაზასა და ამინოტრანსფერაზას აქტივობის მატება გამოიწვიოს. ატორვასტატინის მიღების ფონზე შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება აღინიშნოს, რომელსაც, როგორც წესი, კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლი საჭიროა ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დაწყებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, დოზის მომატების შემთხვევაში და პერიოდულად, პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის მანძილზე. ასპარტატამინოტრანსფერაზასა და ალანინამინოტრანსფერაზას მაჩვენებლების 3-ჯერ მატების შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება.
ატორვასტატინით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია მიოპათიის განვითარება. მიოპათიის რისკი იზრდება ატორვასტატინთან ერთად ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, კლარითრომიცინის, აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებების (ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), ნიკოტინის მჟავას ან ნიაცინის ერთდროული გამოყენებისას.
პრეპარატით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ატორვასტატინის გავლენა ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ატორვასტატინისა და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია ატორვასტატინის ეფექტურობის შემცირება გამოიწვიოს.
ანტაციდები (სუსპენზიები მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველობით) ამცირებენ სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობას.
ატორვასტატინის და დიგოქსინის განმეორებით მიღებისას პლაზმაში დიგოქსინის თანაბარი კონცენტრაცია 20%-ით იმატებს.
პერორალურ კონტრაცეპტულ საშუალებებთან (ნორეთინდრონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაცია) ერთად ატორვასტატინის გამოყენება იწვევს კონტრაცეპტული საშუალებების აბსორბციის გაძლიერებას და სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მატებას. ამიტომ ქალებში, რომლებიც ატორვასტატინით მკურნალობენ, საჭიროა კონტრაცეპტული საშუალების შერჩევა.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, ატორვასტატინით მკურნალობის დროს აუცილებელია ისარგებლონ კონტრაცეპციის საიმედო საშუალებებით.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება 20-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება