საწარმოს ფინანსური ანალიზი

ლევან შენგელია. საწარმოთა საფინანსო ანალიზი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

ფინანსურ ანალიზს აღრიცხვის სპეციალისტთა კომპეტენციას მიაკუთვნებენ, მაგრამ, როგორც წესი, იგი არ შედის აღრიცხვის რიგითი სპეციალისტის მოვალეობებში; თუმცა, ზოგ შემთხვევაში, იქმნება აუცილებლობა, ფინანსური ანალიზი ბუღალტერმა ჩაატაროს, რაც არასწორია.

ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თავისებურებაა, რომ ხშირად ურთიერთობები ერთმანეთისადმი ნდობას ეფუძნება, თუნდაც საქმე ეხებოდეს ბიზნესს. ამგვარი დამოკიდებულებები მანამდე გრძელდება-ხოლმე, სანამ სიტუაცია კრიტიკული არ გახდება.

ლალი დოლიძე (პირობითი გვარ-სახელია) ერთ-ერთი, არცთუ დიდი ტურისტული ფირმის მთავარი ბუღალტერი იყო . აღრიცხვის ყველა საქმეს ლალი სწორად უძღვებოდა, ანგარიშსაც დროულად აბარებდა. კომპანიის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მისმა დამფუძნებელმა მოულოდნელად მოითხოვა ამომწურავი ფინანსური ანალიზის ჩატარება, რათა მიეღო სრული ინფორმაცია ფირმის მუშაობის, ასევე – მის განვითარების მეთოდებისა და პერსპექტივების შესახებ. ლალი დოლიძე კარგად ვერ მიხვდა, ეს ყველაფერი რა საჭირო იყო იმ კომპანიაში, სადაც აღრიცხვა მკაცრად წარმოებს და არც საგადასახადო ინსპექციას აქვს რაიმე პრეტენზია. მაგრამ, სამსახურია სამსახურია და ლალის მოუწია მისთვის ნაკლებად ნაცნობი საქმის გაკეთება. ამ დავალების შესრულებისას გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე კარგად იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა – ფაქტობრივად, ფირმა განვითარების იმავე დონეზე იდგა, რასაც ფუნქციონირების დაწყებიდან ექვს თვეში მიაღწია. ეს გასაოცარი ფაქტი იყო, რადგან ფირმის განვითარებაზე თანხებს მუდმივად გამოყოფდნენ. ეს თანხები, როგორც შემოწმებით გაირკვა, აუცილებელ რეკლამაზე იხარჯებოდა.

თუმცა, არსებობდა ვარაუდები, რომლებიც მალე დადასტურდა კიდეც. გამოიკვეთა ასეთი სურათი: გაყიდვების მენეჯერები, რომლებიც ფირმაში დაარსების დღიდან მუშაობდნენ, ქურდობდნენ: აწყობდნენ ტურებს, ასე ვთქვათ, სალაროს გვერდის ავლით. კერძოდ, კლიენტი მოდიოდა, იხდიდა მგზავრობის თანხას, რომლიდანაც 10 პროცენტი ილექებოდა მენეჯერის ჯიბეში; მენეჯერი ანგარიშგებას საკუთარი სურვილის მიხედვით აწარმოებდა. ამავდროულად, მოლარის აყვანას ფირმა ზედმეტ ფუფუნებად თვლიდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ შემოსავლები მხოლოდ გეგმით გათვალისწინებულ ხარჯებს ფარავდა. ამაზე ზევით არ ადიოდა, ანუ, არა და არ იმატებდა.

ლალის აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ფირმაში ყველაფერი დამყარებული იყო ნდობაზე, ხოლო კლიენტებთან დადებული ხელშეკრულება და მისი სისრულეში მოყვანა ხორციელდებოდა, ასე ვთქვათ, ქაღალდის მიღმა. მენეჯერებს უკვე შესწავლილი ჰყავდათ მუდმივი კლიენტები, რომლებიც არც ისე ცოტანი იყვნენ. მენეჯერებს ჰყოფნიდათ გამბედაობა, კლიენტებისთვის არ მიეცათ გამოწერილი, დანომრილი ბლანკი — „ტურ ერთი“, რომლის მიხედვით ხდებოდა მკაცრი აღრიცხვა. თუ ბლანკები ადგილზეა, გამოდის, რომ კლიენტი არ იყო. სინამდვილეში კი, ფირმის გვერდის ავლით მნიშვნელოვანი თანხები „კეთდებოდა“.

იმდენად, რამდენადაც ზოგ შემთხვევაში საერთო და მრავალმხრივი ანალიზი კეთდება, აქ გამოყენებული უნდა იქნას ნორმატიული და გეგმური ინფორმაცია, ინფორმაცია წარმოების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, ექსპერტთა დასკვნები. მარტივად რომ ითქვას, კომპანიას საშუალება აქვს, გაარკვიოს, ფინანსური პოლიტიკის წარმართვისთვის შერჩეული მეთოდები რამდენად გამართლებულია და შეუძლია, თუ არა, აუცილებლობის შემთხვევაში, მოახდინოს ამ მეთოდების კორექტირება.

მოკლედ რომ ითქვას, ხსენებულ ფირმაში ქურდობისგან შექმნილ პანაცეას ძალიან მალე მიაკვლიეს. გამოყენებულ იქნა ელექტრონული სისტემები ხელშეკრულებების მოსამზადებლად და მათ განსახორციელებლად; ამავე დროს, მკაცრად აღირიცხა აბსოლუტურად ყველა კლიენტი; ასე რომ, რაიმეს დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. 6 თვე რომ გავიდა, ფირმის შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა. აქედან მოყოლებული, ლალი დოლიძეს სჯერა, რომ ფინანსურ შემოწმებებს მართლაც მოაქვს სარგებელი. დღეისთვის იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დროდადრო აუცილებელია ფინანსური ანალიზის ჩატარება, თუნდაც, ერთი შეხედვით, ფირმის საქმეები ნორმალურად მიდიოდეს.

  ეს ფაქტი არც მოგონილია და არც  ერთადერთი. ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა – არსებობენ კომპანიები, რომლებიც მსგავსმა ანალიზმა გაკოტრებას გადაარჩინა. ფინანსური ანალიზი ამჟღავნებს იმ პრობლემის საფუძველს, რაც ზედაპირზე არ ჩანს. შესაძლოა, ერთი შეხედვით, კომპანია აყვავებას განიცდიდეს, რეალურად კი, საქმე ისე წავიდეს, რომ კომპანიამ დიდხანს ვერ იარსებოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნამდვილად არ ღირს ფირმის დაღმასვლის მომენტს დაველოდოთ. უმჯობესია, ფინანსური მდგომარეობა დროულად გავარკვიოთ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია დადებითი და ოპტიმალური ცვლილებების განხორციელება, მდგომარეობის უკეთესობისკენ შემობრუნება.

ზოგჯერ, თვითონ ხელმძღვანელსაც უჩნდება სურვილი, გაარკვიოს, რამდენად გამართლებულია საწარმოს მიერ არჩეული პოლიტიკა. მაგალითად, თუ საქმე ეხება სავაჭრო ორგანიზაციას, ფინანსური ანალიზი ეხმარება საწარმოს მუშაობის ყველა ასპექტის განხილვაში, საქონლის შესყიდვისა და მომსახურებაზე ფასწარმოქმნის საკითხების ჩათვლით. ანალიზის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ საწარმოს შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ფინანსური ანალიზის ამოცანაა, კომპლექსურად შემოწმდეს საწარმოს რენტაბელობა, ფინანსური მდგრადობა, ჩადებული კაპიტალის ეფექტური გამოყენება და ბევრი სხვა საკითხი.

ეს ყოველივე იმიტომ კეთდება, რომ გაირკვეს კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, შეირჩეს საიმედო გზა კომპანიის ოპტიმალური განვითარებისთვის. საამისოდ საჭირო ინფორმაციების წყაროს კი სწორედ ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს. აღრიცხვა გულისხმობს საერთო და მრავალმხრივი ანალიზის ჩატარებას. ამდენად, ეს პროცესი საჭიროებს ნორმატიული და გეგმიური ინფორმაციის, საწარმოს ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის, ჩატარებული გამოკითხვისა და ექსპერტთა დასკვნების გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია ბუღალტრული აღრიცხვის საშუალებით არკვევს, რამდენად სწორად აქვს შერჩეული მეთოდები ფინანსური პოლიტიკის წარმართვისთვის. ამასთან, საშუალება ეძლევა, კორექტირება შეიტანოს ამ მეთოდებში, თუ ეს აუცილებელია.

როგორც წესი, საწარმოს ხელმძღვანელებს აინტერესებთ ხოლმე ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც კომპანიის უკეთ მართვაში დაეხმარებათ.

მსგავსი ტიპის ანალიზი კეთდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იცვლება გენერალური ან ფინანსური დირექტორი, იურიდიული პირი, ასევე — ყიდვა–გაყიდვის დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფინანსური ანალიზი არის სასარგებლო და ეფექტური საშუალება საწარმოში არსებული ფარული პროცესების დასანახად.

ვინ ატარებს ფინანსურ ანალიზს? — პრაქტიკულად ყველა. მსხვილ ფირმებში არსებობს ეკონომიკური ან ფინანსური განყოფილება, რომელიც ფინანსურ ანალიზს ატარებს. თუ ფირმა დიდი არაა, ამ მიზნით მიიწვევენ ხოლმე ეკონომისტს აუდიტორული კომპანიიდან. მსგავს სამუშაოს სპეციალისტი საშუალოდ ორ დღეში ახორციელებს. სამუშაოს ღირებულება გამოითვლება ფირმის ბალანსისა და იმის მიხედვით, რა სახის საქმიანობას ეწევა.

ისე კი, როგორც წესი, მსგავსი სამუშაოს შესრულება მთავარ ბუღალტერს ევალება, როგორც ეს ლალი დოლიძის შემთხვევაში იყო. ბოლო წლებში, ეს პროფესია ჩვენს ქვეყანაში უნივერსალური გახდა. ბუნებრივია, ბუღალტრებს არ ევალებათ ფირმის პოლიტიკის განსაზღვრა; მათ ვალდებულებებში მხოლოდ ფულადი სახსრების აღრიცხვა შედის; თუმცა, სინამდვილეში, მათი საქმიანობის წრე გაცილებით ფართოა, — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება პატარა კომპანიებს, სადაც ბუღალტერი ყველა ფინანსურ საკითხს წარმართავს.

ზოგჯერ, ფირმის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და მთავარი ბუღალტერი ერთი და იგივე პრიოვნებაა. ამ შემთხვევაში, მართლაც მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გარკვევა, ამ ერთმა ადამიანმა როგორ უნდა ჩაატაროს ფინანსური ანალიზი ისე, რომ ფულიც დაზოგოს და კომპანიის მდგომარეობაც კომპლექსურად შეისწავლოს. თუ ფირმის ზღურბლს გადააბიჯებს აღრიცხვის სპეციალისტი და ფირმის ხელმძღვანელთან, თავის სხვა ღირსებებთან ერთად, იმასაც იტყვის, რომ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შიდა ანალიზის ჩატარებას შეუძლია, ეს იქნება უდაოდ სერიოზული პლიუსი მისთვის. გარდა იმისა, რომ გამოცდილებას გაიმდიდრებს, შესრულებული სამუშაო ჯეროვნად აუნაზღაურდება კიდეც.

ტყუილად როდი ამბობენ: ვინც ფლობს ინფორმაციას, ის მართავს კიდეც სიტუაციას. სწორი ინფორმაციის მიღება საკუთარი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ არის საუკეთესო გზა და საშუალება კომპანიის განვითარებისა და აყვავებისკენ. მოდით გავარკვიოთ, რა არის საწარმოს ფინანსური ანალიზი.

—————————————————————————————————————–
გადასვლები  ლევან შენგელია წიგნის „საწარმოთა საფინანსო ანალიზი“ სხვა პარაგრაფებზე:

0.   საწარმოს ფინანსური ანალიზი
1.   ფინანსური მდგომარეობის ანალიზი

1.1 ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მიზანი

2.   ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი
3.   ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები
4.   კომერციული წინადადება

_______________________________

..