თავდაჯერებულად გაიარეთ მოლაპარაკებები ინვესტორთან

ვასილ შენგელია. როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>>

დავუშვათ, თქვენმა ბიზნეს-გეგმამ დააინტერესა ინვესტორი. და აი, უკვე გთავაზობენ შეხვედრასაც, შეთანხმების გასაფორმებლად. ყურადღება! ასეთ შემთხვევაში, არ ღირს, ნაჩქარევად ჩავარდეთ ეიფორიაში. წინასწარ გაარკვიეთ, რაში მდგომარეობს ინვესტორის მიერ შემოთავაზებული წინადადების არსი. იქნებ, იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება თქვენი გეგმებისგან. შეხვედრისთვის რამდენიმე დღე მოითხოვეთ, რათა დაელოდოთ დანარჩენი ხალხის პასუხებს, რომელთაც რეზიუმე გაუგზავნეთ.

თუ ინვესტორი გთავაზობთ პრაქტიკულად იმ ვარიანტს, რომლის იმედიც გქონდათ. ასეთ სიტუაციაში, რაც შეიძლება მალე შეხვდეთ და დაიწყოთ მოლაპარაკებები. მანამდე კი, აუცილებელია შეადგინოთ წერილობითი შეთანხმება კონფიდენციალობის შესახებ, რათა დაიცვათ საკუთარი ბიზნეს-იდეა და თავიდან აიცილოთ კომპანიის შესახებ კონკრეტული ცნობების საჯაროდ გამჟღავნება.

პირველი შეხვედრის დროს, ინვესტორი თქვენგან მოელის კომპანიისა და საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას. ბუნებრივია, თქვენ უნდა ფლობდეთ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას ინვესტორისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ამასთან, თუ თქვენ საჭირო ცოდნა არ გყოფნით, შეგიძლიათ მოიწვიოთ სპეციალისტი როგორც თქვენი თანამშრომლებიდან, ისე — გარედან. მოლაპარაკების პირველ რაუნდში რამდენიმე ადამიანის მონაწილეობა სავსებით დასაშვებია.

პრეზენტაცია უნდა იყოს მოკლე და ენერგიული. გახსოვდეთ: ახლა თქვენ ყიდით არა იმდენად კომპანიასა და პროექტს, რამდენადაც საკუთარ თავს და საკუთარ გუნდს. შეხვედრის მიმდინარეობისას, ინვესტორი შეგაფასებთ, როგორც პიროვნებას და ამის საფუძველზე შეექმნება შთაბეჭდილება თქვენზე, როგორც მეწარმეზე.

აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგალითად, კერძო ინვესტორი — ეს არის კაპიტალისტი, რომელსაც ყველაზე ხშირად გააჩნია ან სამუშაო, ან საკუთარი ბიზნესი. ის ფლობს გარკვეულ გამოცდილებას და დაგვეხმარება პროექტის რეალიზებაში, მაგრამ ინვესტიციის მაძიებელს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გუნდი, რომელიც სულ ცოტა ორი ადამიანისგან შედგება. თუ ინვესტიციის მაძიებელი ინვესტორს სთავაზობს ახალ მიდგომას პროდუქტისადმი ან მომსახურებისადმი, მაშინ, როგორც წესი, პროექტში ჩართული უნდა იყოს გამოცდილი მენეჯერი. გააკეთეთ აქცენტი ამ ფაქტზე, მისი არსებობის შემთხვევაში.

ინვესტორის თვალთახედვით, მეწარმის ყველაზე ღირებულ თვისებებად ითვლება: პატიოსნება, შედეგების მიღწევის უნარი, ენერგიულობა, ინტელექტი, ცოდნა და ლიდერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. გასაგებია, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ჩამოთვლილი პარამეტრებიდან რაც უფრო მეტს ფლობთ, რაც უფრო უკეთ გააკეთებთ ამ თვისებების დემონსტრირებას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, წარმატებებს მიაღწიოთ მოლაპაკებების დროს.

თქვენი ოპტიმიზმი და მსუბუქი იუმორი კარგად დაგეხმარებიან. გირჩევთ, იმოქმედოთ პოზიტიურ-აგრესიულად, და გაყიდით!

ჩვეულებრივ, ინვესტორებთან ურთიერთობა მიმდინარეობს საპრეზენტაციო სესიებზე. როგორც წესი, მაძიებლები ერთბაშად სამ-ოთხ პროექტთან დაკავშირებით გამოდიან ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ 10 წუთის მანძილზე, რაც პრეზენტაციაზე არის გამოყოფილი, გააშუქოთ და ისაუბროთ პროექტის საკვანძო საკითხებზე. რადგან, როგორც წესი, პრეზენტაციის შემდეგ იწყება კითხვების დასმა. პრეზენტაციას მხოლოდ ზეპირი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. უმჯობესია, სასურველი მასალა მოვამზადოთ და პრეზენტაცია გავაკეთოთ პროგრამა Power Point-ის საშუალებით.

ამავე დროს, დაიმახსოვრეთ ისიც, რომ ბევრი ინვესტორი იღლება დიდი რაოდენობით სლაიდების ე.წ. სუპერპროფესიონალური პრეზენტაციით. შეიძლება ფონს გახვიდეთ მარტივი ნახატებითა და სქემებითაც. ყველაზე უკეთესია — ინვესტორს გადავცეთ ფოტოები, რომლებზეც ასახულია თქვენი პროდუქტი, ან მომსახურების გაწევის პროცესი

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..