ორთოგრაფიული ლექსიკონი

 მთავარი გვერდი

ორთოგრაფიული ლექსიკონის წინასიტყვაობა

ორთოგრაფიული ლექსიკონი

ქართული სამედიცინო ორთოგრაფიული ლექსიკონი არ არსებობს. ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის ენციკლოპედიის მომზადებისას. “ინგლისურ-ქართული სამედიცინო ლექსიკონზე” მუშაობის დროს,  ჩვენ შევეცადეთ ორთოგრაფიული პრობლემების მოწესრიგებასაც. დიდი შრომა გასწია “ინგლისურ-ქართული სამედიცინო ლექსიკონის” რედაქტორმა ორთოგრაფიის საკითხებზე, პროფესორმა რუსუდან ზექალაშვილმა. ლექსიკონს დაერთო სპეციალური ორთოგრაფიული კომენტარებიც, რომელთაც თავი ძირითადად ექიმმა მანანა კიკნაძემ მოუყარა.

მიუხედავად იმისა, რომ “ინგლისურ-ქართული სამედიცინო ლექსიკონის” სამუშაოთა ფარგლებში, ქართული ორთოგრაფიის დასადგენად დიდი სამუშაო ჩატარდა, იგი დაგროვილ პრობლემათა გადასაჭრელად საკმარისი არ აღმოჩნდა. გამოიკვეთა, რომ ამ პრობლემათა მეტ-ნაკლებად სრული გადაჭრა, შეუძლებელია სპეციალური სამედიცინო-ორთოგრაფიული ლექსიკონის შექმნის გარეშე.

პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედია” ფარგლებში, ვცდილობთ შევქმნათ ქართული სამედიცინო-ორთოგრაფიული ლექსიკონის პილოტური ვერსია, რომელიც ქართული ენის ნორმების დამდგენ ოფიციალურ სტრუქტურებს წარედგინება. ამ მიზნით, “ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედიის” ტექსტების ბაზაზე დამუშავდა სიხშირული ლექსიკონები. მათში კარგად ჩანს გავრცელებული შეცდომები და მათი სიხშირეები. სწორედ ეს ლექსიკონები შეადგენს წინამდებარე ორთოგრაფიულ ლექსიკონის ბაზისს.

ცხადია, საჭიროა გავრცელებულ შეცდომათა კლასიფიკაცია და ორთოგრაფიული ნორმების ალგორითმიზება. ქართული ენის ორთოგრაფიულ ნორმების შესახებ დიდძალი ლიტერატურა არსებობს.

აქვე გვინდა გამოვთქვათ მოსაზრება, რომ:

ა) ინგლისური ენის ინტენსიური გავრცელების კვალობაზე, გამოიკვეთა ორთოგრაფიულ შეცდომათა ახალი ჯგუფები. ეს მოითხოვს ქართული ენის ორთოგრაფიული ალგორითმების გაფართოებას (ცხადია, ეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციაა)
ბ) საჭიროა გადაეხედოს ზოგიერთი რუსული მოდელის სამედიცინო ლექსიკონებში დამკვიდრების საკითხს, რადგან ისინი უკვე ტრადიციულია და მათი ენიდან გაძევების პოლიტიკური მოტივაცია, აღარ არსებობს და, იმედია, აღარც გაჩნდება.

ვვარაუდობთ, რომ წინამდებარე ორთოგრაფიული ლექსიკონი თანდათან შეივსება და დაიხვეწება. შევსების სამუშაო ალგორითმი ასეთია: ხდება კონკრეტული ორთოგრაფიული წესის შერჩევა და სიხშირულ ლექსიკონებში ამ წესიდან გადახრების დაძიება.

ამ პოსტზე >>>, მოცემულია ის წესები, რომლებიც უკვე აისახა ლექსიკონში. თანდათან მიმდინარეობს სხვა ორთოგრაფიული წესების დამუშავებაც.

სისტემის მათემატიკურ უზრუნველყოფა დამუშავებულია ლევან შენგელიასა და გურამ მგელაძის მიერ.

ლალი დათეშიძე. 27. 08. 2007

 __________________________________________________