ანგინისშემდგომი გართულებები

ანგინა სტატისტიკურად ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომლის მკურნალობაც ერთი შეხედვით მარტივია და ყველამ იცის, თუმცა დაავადება საშიშია არა მისი მიმდინარეობის, არამედ მისი გართულებების გამო. ანგინის გართულებები მისი ნებისმიერი სახის დროს შეიძლება განვითარდეს და ძირითადად მოიცავს გულის, სახსრების, ღვიძლისა და თირკმლების დაზიანებას, ანგინისშემდგომ ადგილობრივ გართულებებს კი მიეკუთვნება მწვავე ოტიტი, ხორხის შეშუპება, პარატონზილიტი და  ხახისუკანა აბსცესი.

ანგინის შემდგომი გართულებები – პარატონზილიტი

ყველაზე ხშირი გართულება პარატონზილიტია, რომელიც შესაძლოა განვითარდეს როგორც კატარული, ისე ფოლიკულური და ლაკუნური ანგინის დროს. როგროც წესი პარატონზილიტი ვითარდება მას შემდეგ რაც ანგინის ყველა კლინიკური ნიშანი ქრება. მისი მიზეზია არასათანადო მკურნალობა: წოლითი რეჟიმის დარღვევა, გადაცივება, სამკურნალო საშუალებების დროზე ადრე შეწყვეტა.

პარატონზილიტისი განვითარებისას წარმოიქმნება ჩირქგროვა, კლინიკურად აღინიშნება სხეულის ტემპერატურის უეცარი მატება, ყელის არეში წვის შეგრძნება, განსაკუთრებით ყლაპვისას. ტკივილი გადაეცემა ყურის მიდამოზეც, შეშუპებულია სასა, ირღვევა მეტყველება, ხდება გაურკვეველი, დუდღუნა. დამახასიათებელია ძლიერი ნერწყვდენა. ნუშურებზე შეინიშნება ყვითელი ფერის ჩირქოვანი ნადები.

პარატონზილიტი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რადგანაც მდგომარეობის გაუარესება სწრაფად ხდება, ვითარდება ძლიერი ინტოქსიკაცია. დაავადება გრძელდება ერთი კვირის მანძილზე და თუ ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ჩირქგროვის ქირურგიული გახსნა.

ანგინის შემდგომი გართულებები – რეტროფარინგული აბსცესი

ანგინის კიდევ ერთი გართულებაა ხახისუკანა აბსცესი. (რეტროფარინგული აბსცესი), რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება პატარა ბავშვებში. ხახისუკანა აბსცესის დროს ირგვლივ მდებარე ლიმფურ კვანძებში  აღინიშნება ჩირქოვანი პროცესი. დაავადება მიმდინარეობს ძლიერი ტკივილებით ყელის არეში, განსაკუთრებით ყლაპვისას. არის შემთხვევები, როდესაც ირღვევა სუნთქვის პროცესი. ავადმყოფი ბავშვი უარს ამბობს კვებაზე, ყლაპვისას იწყება ხველა, ხშირად ხდება საკვების სასულეში გადაცდენა, სითხის  მოხვედრა ცხვირ-ხახაში. ხახისუკანა აბსცესის დროს იშვიათია სხეულის ტემპერატურის მატება.

კისრის ლიმფური კვანძები ხდება შესიებული და მტკივნეული, რის გამოც ტკივილის შესამსუბუქებლად ბავშვი ცდილობს თავის უკან გადაგდებას.

ხახისუკანა აბსცესი საშიშია იმით, რომ შესაძლოა გახდეს ხორხის მიდამოს შევიწროების და სუნთქვის გაძნელების, მოხრჩობის მიზეზი. ამის გამო აუცილებელია დაუყონებლივ მოხდეს აბსცესის გახსნა.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.