ანეტოდერმია

ანეტოდერმია

ანეტოდერმია (ლათ. ანეტოს – მოშვებული, მოდუნებული, დერმა – კანი. დაავადების სინონიმია – კანის ლაქოვანი ატროფია) კანის პირველადი კეროვანი ატროფიის მრავალსახეობაა. გვზვდება იშვიათად, უპირატესად ახალგაზრდა და შუახნის ასაკის ქალებში. ეტიოლოგია უცნობია. ერთეულ შემთხვევებში გამოვლენილია კავშირი ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი,  კეთრი). ზოგჯერ აღინიშნება დადებითი რეზულტატი პენიცილინებით მკურნალობაზე, რაც ადასტურებს ინფექციური წარმოშობის თეორიას. მოწოდებულია აზრი ნეიროენდოკრინული დარღვევების ზეგავლენის შესახებ.

ანეტოდერმიის განვითარების ადრეულ სტადიაზე შეშუპებული დერმის გაფართოებული სისხლძარღვების გარშემო აღინიშნება ლიმფოჰისტიოციტარული ინფილტრაცია, ელასტიური ბოჭკოების დაზიანება, ხოლო მოგვიანებით კი – აპიდერმისისა და კანქვეშა უჯრედისის ატროფია.

განარჩევენ ანეტოდერმიის ერითემატოზულ-ურტიკარიულ (იადერსონ-პელიცარის ანეტოდერმია) და ფსევდოტუმორულ (შვენინგერ-ბუციის ანეტოდერმია) ფორმებს. ერითემატოზულ-ურტიკარიული ანეტოდერმია, როგორც წესი ლოკალიზდება სხეულზე, მხრებსა და ბარძაყებზე, ზოგჯერ სახესა და კისერზე. გამოვლინდება მოლურჯო-ვარდისფერი ლაქების ან ერთი სანტიმეტრის დიამეტრის მრგვალი ფორმის წყლულების სახით. პირველი კვირის განმავლობაში ადგილი აქვს გამონაყარი ელემენტების მცირედ ზრდას, შემდგომში ისინი თანდათანობით ფერმკრთალდება ცენტრიდან პერიფერიისკენ მიმართულებით და გარდაიქმნება მოჭმუხნული, ატროფიული კანის სამი სანტიმეტრი დიამეტრის მქონე მომრგვალო ფორმის მოთეთრო ელემენტებად. მათზე ზეწოლისას ადვილად წარმოიქმნება ღრმული (სიცარიელეში ნაპრალის არსებობის შეგძნება).

ფსევდოტუმორული (სიმსივნისმაგვარი) ანეტოდერმია ხასიათდება ატროფიული  კანის ერთი-ორი სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მრავლობითი მომრგვალო ფორმისა და მოლურჯო-მოთეთრო ფერის თიაქარისებური გამობერილობებით, რომელიც ადვილად იდრიკება ხელის დაჭერით. უხშირესად ლოკალიზდება ზურგზე და კიდურების მომხრელ ზედაპირებზე. სუბიექტური ჩივილები არ აღინიშნება.

დაავადების დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სურათის მიხედვით და საეჭვო შემთხვევებში მტკიცდება კანის ჰისტოლოგიური გამოკვლევით.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება წვრილკეროვან სკლეროდერმიას, სკლეროატროფიულ ლიქენთან, ატროფიულ წითელ ბრტყელ ლიქენთან და მეორად დანაწიბურებად ატროფიებთან.

მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად დერმატოლოგის მიერ. დაავადების საწყის ეტაპზე ტარდება პენიცილინოთერაპია,  მოგვიანებით ეტაპებზე მკურნალობა წარუმატებელია. პროგნოზი კეთილსაიმედოა სიცოცხლისათვის, თუმცა კანის ატროფიული ცვლილებები შეუქცევადია. პროფილაქტიკა შემუშავებული არაა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988