ატოპიური დერმატოზი

ატოპიური დერმატოზი

ატოპიური დერმატოზი, როგორც წესი, ვითარდება ჩვილობის ასაკში და დიაგნოსტირდება, როგორც ბავშვთა ეგზემა ანუ ექსუდაციური დიათეზი. თანდათანობით ის იღებს ნეიროდერმატიტის ნიშნებს, რომელიც პერიოდულად ეგზემირდება. ზოგერთ შემთხვევაში დაავადების დასაწყისშივე ხდება კანის ლიქენიზაცია. დერმატოზი შესაძლებელია გაგრძელდეს ათწლეულები. მას ახასიათებს შემოდგომა-ზამთრის გამწვავებები და გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში რემისიები. არც თუ იშვიათად სკოლამდელი ასაკის დროს აღინიშნება რამოდენიმე წლიანი რემისიები.

კანის დაზიანების კერები უხშირესად ლოკალიზდება იდაყვებისა და მუხლქვეშა მიდამოებში, მაჯებთან, სხივ-მაჯის სახსრების მიდამოში, სახეზე, უპირატესად პირის ირგვლივ, კისერზე. შესაძლებელია უფრო გავრცელებული გამონაყარის არსებობა. ზოგიერთ შემთხვევაში ატოპიური დერმატოზი გვხვდება ბრონქულ ასთმასთან და ახალგაზრდულ კატარაქტასთან ერთად (ანდოგსკის სინდრომი).

ატოპიური დერმატოზი – დიაგნოსტირება. ტიპურ შემთხვევებში არ წარმოადგენს სირთულეს და დაფუძნებულია კლინიკურ სურათზე. აუცილებელია ნეიროდერმიტის დიფერენცირება ქრონიკულ ეგზემასთან, რადგანაც მიკროვეზიკულების განვითარების შეწყვეტის შემდეგ ხანგრძლივად რჩება კანის ლიქენიზაცია, რითაც ემსგავსება ნეიროდერმიტის კლინიკურ გამოვლინებას.  ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მეტყველებს ანამნეზის მონაცემები: დაავადების დასაწყისი ალერგიის გამოვლინებითა და სისველის არარსებობა. გარდა ამისა, ნეიროდერმიტს თან ახლავს ხოლმე თეთრი დერმოგრაფიზმი, ხოლო ეგზემას – ვარდისფერი. დიფერენციალური დიაგნოზი ასევე ტარდება კანის ამილოიდოზთან, წითელ ბრტყელ ლიქენთან და სხვ.

ატოპიური დერმატოზი – მკურნალობა: კვებითი და ჰიგიენური რეჟიმის დაცვის შემთხვევაში ატარებენ ჰიპნოზოტერაპიას. აუცილებელია ისეთი საშუალებების გამოყენების შეწყვეტა, რომლებიც აღიზიანებენ კანს. ასევე რეკომენდებულია კლიმატოთერაპია.

დაავადების მიმდინარეობისას პროცესში ნერვული სისტემის, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, შინაგანი ორგანოების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა. სასურველია გამოვავლინოთ საკვები, საყოფაცხოვრებო და პროფესიული ალერგენები.

ატოპიური დერმატოზი – პროგნოზი: სიცოცხლის თვალსაზრისით კეთილსაიმედოა. დიფუზური ნეიროდერმიტის შემთხვევაში აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ მძიმე გამწვავებების შესაძლებლობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დაკარგვა.

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.