აუტოალერგია

აუტოალერგია

აუტოალერგია, აუტოალერგიის განვითარებისა და აუტოალერგენების წარმოქმნის მექანიზმები: ბუნებრივი აუტოალერგენების იზოლაციის დარღვევა, ცილოვანი მოლეკულების სტრუქტურის კონფორმაციული ცვლილებები ან მათი დეგრადაცია, კომპლექსური აუტოალერგენების წარმოქმნა, ჯვარედინად მორეაგირე ანტიგენების წარმოქმნა >>>

აუტოალერგია (ბერძ. Autos  საკუთარი + ალერგია; სინონიმი: ენდოალერგია, აუტოაგრესია, აუტოიმუნიტეტი) – პათოლოგიური პროცესია, რომელსაც  საფუძვლად უდევს იმუნური რეაქციების განვითარება ორგანიზმის საკუთარი ქსოვილების ანტიგენებზე. სავარაუდოდ ორგანიზმში   აუტოანტისხეულები არის ნებისმიერი ქსოვილოვანი ანტიგენების მიმართ, ისინი მონაწილეობენ იმუნოლოგიური ტოლერანტობის ჩამოყალიბებაში და არ იწვევენ ქსოვილების დაზიანებას. აუტოალერგიის განვითარებაში მნიშვნელობა აქვს მათ სახეს, რაოდენობას, მაკროფაგური რგოლის დაქვეითებას და იმუნური პასუხის ფაზებს, ასაკს, გენოტიპს და სხვა.

აუტოალერგიის განვითარების მექანიზმები

აუტოალერგიის განვითარებაში გამოყოფენ ორ ძირითად მექანიზმს, პირველი დაკავშირებულია ორგანიზმში აუტოანტისხეულების წარმოქმნასთან,  მეორე კი განპირობებულია იმუნური სისტემის დაზიანებით.

აუტოალერგიის განვითარების პირველი მექანიზმის დროს  საკუთარი ქსოვილების ცილები იძენენ უცხო ანტიგენურ დეტერმინანტებს და ხდებიან აუტოალერგენები (აუტოანტიგენები, ენდოალერგენები) ან აუტოალერგენების გამოთავისუფლება ხდება უჯრედებიდან, რომლებშიც ისინი იზოლირებულ მდგომარეობაშია. აუტოალერგენებზე ნორმალურად მოფუნქციონირე იმუნური სისტემა რეაგირებს აუატოანტისხეულებისა და სენსიბილიზირებული ლიმფოციტების  წარმოქმნით, რაც იწვევს სწორედ ქსოვილების დაზიანებას.

 ცნობილია აუტოალერგენების წარმოქმნის შემდეგი მექანიზმები:

ბუნებრივი აუტოალერგენების იზოლაციის დარღვევა –  ბუნებრივ (სეკვესტრირებული) აუტოალერგენებს შეიცავს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები, თვალის ბადურა გარსი, ლემოციტები (შვანის უჯრედები) და სხვა. ისინი კონტაქტში შედიან იმუნოკომპეტენტური უჯრედებთან  მხოლოდ უჯრედების  მთლიანობის დარღვევისას (ტრავმა, ანთება და სხვა.)

ცილოვანი მოლეკულების სტრუქტურის კონფორმაციული ცვლილებები ან მათი დეგრადაცია  ხდება ფარული ანტიგენების ან ახალი ანტიგენური დეტერმინანტის წარმოქმნით ქიმიური ან ფიზიკო-ქიმიური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ასეთი ცვლილებები აუტოალერგენების წარმოქმნით მიმდინარეობს დამწვრობების, ნეკროზის, ანთების, ლიზოსომური  და მიკრობული ფერმენტების ზემოქმედებით.

კომპლექსური აუტოალერგენების წარმოქმნა – კომპლექსური აუტოალერგენები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ქიმიური ნივთიერებები (ყველაზე ხშირად სამკურნალო პრეპარატები) ჰაპტენები, უკავშირდება ქსოვილების ცილებს. ანალოგიური ეფექტს იწვევს ვირუსები, თუ მისი ანტიგენები აღმოჩნდება უჯრედების ზედაპირზე.

ჯვარედინად მორეაგირე ანტიგენების წარმოქმნა – აუტოალერგენები შეიძლება იყოს სხვადასხვა მიკროორგანიზმების ჯვარედინად მორეაგირე ანტიგენები. მიკროორგანიზმები, რომლებიც ეგუებიან მაკროორგანიზმში არსებობას, იძენენ ისეთივე ანტიგენურ დეტერმინანტებს, როგორიცაა მაკროორგანიზმის ქსოვილებში, რითიც თავს იცავენ მასპინძელი ორგანიზმის იმუნური სისტემის ზემოქმედებისაგან. თუმცა საბოლოო ჯამში იმუნური მექანიზმი ამუშავდება და წარმოიქმნება ანტისხეულები   ასეთი ანტიგენური დეტერმინანტების მიმართ, უკავშირდება მათ  მიუხედავად იმისა დეტერმინანტის მატარებელი მიკრობია თუ ქსოვილების უჯრედი. ასეთი მექანიზმი უდევს საფუძლად  რევმატიზმის, წყლულოვანი კოლიტის ზოგიერთი ფორმის  და ბრონქული ასთმის  განვითარებას.

აუტოალერგიის განვითარების მეორე მექანიზმი  მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც დაზიანებულია თვით იმუნური სისტემა, ქსოვილოვანი ანტიგენები კი არაა შეცვლილი. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ლიმფოიდური უჯრედების  მუტაცია, ე.წ. „აკრძალული კლონის“ წარმოქმნით, რომლისთვისაც საკუთარი ანტიგენები (აუტოანტიგენები) ხდება უცხო, იგივე აღინიშნება იმუნოდეფიციტური მდგომარეობების  დროს. იმუნური პასუხის სიძლიერე მოცემულ კონკრეტულ ანტიგენზე გენეტიკურადაა დეტერმინირებული. ასევე ხდება იმუნური სისტემის  B უჯრედული რგოლის გააქტივება და  აუტოანტისხეულების გაძლიერებული პროდუქცია. ასეთი მექანიზმი ვლინდება სისტემური წითელი მგლურას, რევმატოიდული ართრიტის და სხვა აუტოიმუნური დაავადებების, ასევე დაბერების დროს.

აუტოალერგია შესაძლოა განვითარდეს ვირუსული ინფექციების დროსაც, რომლის გამომწვევიც აღწევს უჯრედებში  ჰორმონალურ რეცეპტორებთან დაკავშირების გზით. ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება ანტირეცეპტორული აუტოანტისხეულები, რის შედეგადაც ხდება ჰორმონალური რეცეპტორების დაბლოკვა, მისი დაზიანება ან პირიქით, გააქტივება. აღნიშნული  მექანიზმი ჩართულია  შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოგონადიზმის, ჰიპოპარათირეოზის პათოგენეზში.

ზემოთ ჩამოთვლილია აუტოალერგიის განვითარების ცალკეული მექანიზმები, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ხშირად ჩართულია რამდენიმე ასეთი მექანიზმი. მაგალითად ინფექციური პროცესის დროს, გამომწვევი აზიანებს რა უჯრედს, ახდენს სეკვესტრირებული აუტოალერგენის გამოთავისუფლებას, ამავდროულად იწვევს ცილოვანი მოლეკულების კონფორმაციის ცვლილებას, განაპირობებს კომპლექსური ანტიგენების წარმოქმნასა  და  T – და B – ლიმფოციტების პოლიკლონურ სტიმულაციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ალერგოლოგია და იმუნოლოგია