დამწვრობითი დაავადება

დამწვრობითი დაავადება

რა არის დამწვრობითი დაავადება?

კანის საფარველის ფართო და ღრმა დამწვრობებისას ვითარდება  კლინიკურად გამოხატული ორგანიზმის ზოგადი რეაქცია, რომელიც იწყება ტრავმის მიღებიდან პირველივე საათებში და გრძელდება კანის საფარველის მთლიანობის სრული აღდგენის შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ზოგადი დარღვევები შესაძლოა იყოს იმდენად სერიოზული, რომ გამოიწვიოს მძიმე გართულებები და პაციენტი მიიყვანოს ლეტალურ გამოსავლამდე.

დამწვრობითი დაავადება ესაა ერთობლიობა კლინიკური სიმპტომების, ორგანიზმის ზოგადი რეაქციებისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციების დარღვევისა კანისა და ქვეშმდებარე ქსოვილების თერმული დაზიანებისას.

დამწვრობითი დაავადების ნიშნები ვლინდება, როცა ადგილი აქვს  კანის 15-25%-ის ზედაპირულ დაზიანებას ან 10%-ის ღრმა დაზიანებას.

რა იწვევს დამწვრობითი დაავადების პროვოცირებას?

ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დამწვრობითი დაავადების სიმძიმეს, გამოსავალსა და პროგნოზს, არის ღრმა დამწვრობების ფართობი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის ასაკი და დამწვრობის ადგილი.

ასაკოვან ადამიანებში და ბავშვებში სხეულის ზედაპირის 5%-ის ღრმა დამწვრობასაც კი შეუძლია ლეტალური გამოსავლის გამოწვევა. არსებობდა მრავალი თეორია დამწვრობითი დაავადების პათოგენეზის შესახებ.

დიუპიუტრენი შეეცადა აეხსნა ორგანიზმში ზოგადი დარღვევების განვითარება  და სიკვდილის დადგომა დამწვრობებისას ნეირო-რეფლექტორული შოკის განვითარებით, რომელიც დაკავშირებული იყო შიშთან და ტკივილის ძლიერი შეგრძნებასთან დამწვრობის მიღების დროს.

ბარადოკი და ტროიანოვი ზოგადი სიმპტომების განვითარებას უკავშირებდნენ პლაზმის დაკარგვას, რომელიც თავის მხრივ იწვევს სისხლის შედედებას და სისხლის მიმოქცევის დარღვევას. გამოთქმული იყო მოსაზრება სისხლის წითელი უჯრედების ფუნქციის დაკარგვის შესახებ მომატებული ტემპერატურის გამო და სხვ.

პათოგენეზი. რა ხდება დამწვრობითი დაავადების დროს?

დამწვრობები იწვევენ პათოლოგიური ცვლილებების კომპლექსს, რომელიც ფაქტიურად მოიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა ორგანოთა სისტემას.

დამწვრობით დაავადებას უწოდებენ კლინიკური სინდრომების კომპლექსს, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის ზოგადი რეაქციით ღრმა და ფართო ჭრილობებზე. დაზარალებულთა ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილებების ხარისხი და ხასიათი განსხვავებულია და დამოკიდებულია ძირითადად სხეულის დაზიანებული ზედაპირის მოცულობითა და სიღრმით. ასევე გასათვალისწინებელია დამწვარი ჭრილოებბის ლოკალიზაცია, ასაკი, დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა და ზოგიერთი სხვა ფაქტორი. მნიშვნელოვანია ასევე ჭრილობის პროცესის ხასიათი. დამწვრობის არეში სველი ნეკროზისას, როდესაც არ არის მკვეთრი ზღვარი ცოცხალ და მკვდარ ქსოვილს შორის და მათი უმეტესი ნაწილი არის ნეკროზის სტადიაში, განსაკუთრებით დიდია ტოქსიური ნივთიერებების რეზორბციის შანსი. ასეთ შემთხვევებში ადგილი აქვს ხოლმე ჭრილობის ადრეული დაჩირქების თანხლებას ზოგად მოვლენებთან ერთად შედარებით მცირე ღრმა დამწვრობებისასაც კი. მშრალი, კოაგულაციური ნეკროზის დროს დამწვრობითი დაავადების მძიმე მიმდინარეობა დამახასიათებელია ძირითადად იმ დაზარალებულთათვის, რომელთა კანის საფარველის დაზიანება აღემატება 15-20%-ს. დამწვრობითი დაავადება გამოხატული ფორმით ვითარდება კანის 25-30%-ის ზედაპირული  და 10% ღრმა დაზიანებისას. ბავშვებსა და მოხუცებში დამწვრობითი დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. დამწვრობები, რომელიც კომბინაციაშია მექანიკურ ტრავმასთან, სისხლის დაკარგვასთან, მაიონიზებელ დასხივებასთან, განსაკუთრებით საშიშია (კომბინირებული დამწვრობები).

მრავალრიცხოვანია თეორიები დამწვრობითი დაავადების პათოგენეზის შესახებ (ტოქსიური, ჰემოდინამიკური, დერმატოგენული, ენდოკრინული, ნეიროგენული).

სამამულო მეცნიერებისა და უცხოელი მკვლევარების უმეტესობა დამწვრობითი დაავადების პათოგენეზის შესწავლისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ნეიროჰუმორულ რეგულაციას. აღნიშნული მიდგომა ყველა სხვა დანარჩენი თეორიის გამოსავალია, რადგანაც ყველა სხვა დანარჩენი პათოლოგიური პროცესი, რომელიც მას საფუძვლად უდევს, მეორეხარისხოვანია.

უკანასკნელ პერიოდში გამოყვეს დამწვარი კანის ტოქსინი, რომელსაც კანის დამწვრობითი დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს არის მჟავე გლიკოპროტეინი მოლეკულური მასით 90 000. ტოქსინს აქვს ჰიპოტენზიური მოქმედება, არღვევს მიკროცირკულაციას, იწვევს მთელი ორგანიზმის ფუნქციების დარღვევებს. ის მაღალტოქსიურია. ჯანმრთელ პირებში დამწვრობითი დაავადების საწყისი სიმპტომებისას ტოქსინის მოდელირების შესაძლებლობა მეტყველებს დაავადების პათოგენეზში მის მნიშვნელობაზე. დამწვრობითი დაავადების დროს თერმული, მექანიკური, რადიაციული ფაქტორები მიიჩნევა როგორც ერთი მთლიანობა.

ორგანიზმის საპასუხო რეაქციის დროს ცალკეული მორფოლოგიური და პათოლოგიური მდგომარეობები, როგორებიცაა: დამწვრობა, ტრავმა, რადიაციული ზემოქმედება, ძლიერდება და მძიმდება, ხოლო სხვადასხვამხრივი კი ერთვის ერთმანეთს და აუარესებს პროცესს.

დამწვრობითი დაავადების სიმპტომები

დამწვრობითი დაავადების პროცესში ჩართულია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა, რომლის დროსაც ადგილი აქვს ფუნქციონალურ და მორფოლოგიურ ცვლილებებს. დამწვრობითი შოკის დროს პირველ საათებში დაზარალებულთა დაახლოებით 25%-ს აღენიშნებათ აღგზნებადობა, რომელიც მძიმდება და ღრმავდება შოკური მდგომარეობის გამწვავებასთან ერთად. ამ დროს ღრმა რეფლექსები მომატებულია, შესაძლოა აღინიშნებოდეს დადებითი ბაბინსკის რეფლექსი. კანის დაუზიანებელი ნაწილის მგრძნობელობა ქვეითდება, დაქვეითებულია დერმოგრაფიზმიც.

დამწვრობითი ტოქსემიისა და ინფექციის დროს შესაძლებელია მენინგიზმი, ზოგჯერ ვითარდება მენინგიტი. ჩირქოვანი მენინგიტი განპირობებულია ინფექციის ჰემატოგენური ან კონტაქტური გზით ინფექციის გავრცელებაზე თავის ტვინის გარსებზე. დამწვრობები, რომლის დროსაც ზიანდება თავის ქალას ძვლების გასავლები, ხშირად რთულდება ეპი- და სუბდურული აბსცესებით. ფსიქიკურ დარღვევებს შორის, რომლებიც იწვევენ დამწვრობითი დაავადებების მიმდინარეობის გაუარესებას, განიხილავენ დელირიოზსა და დელირიოზო-ონეიროიდულ მდგომარეობებს.

როგორც ტოქსიკო-ინფექციური პროცესისას, ასევე დამწვრობითი დაავადების გაუმჯობესების, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავის ტვინის არაანთებითი ხასიათის ორგანულ დაზიანებას (დამწვრობითი ენცეფალობათია). დამწვრობითი ენცეფალოპათიის წამყვანი პათოგენეზური მექანიზმებში პრიორიტეტულია სისხლძარღვთა გამავლობის დარღვევა, ჰიპოქსია და თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება. დამწვრობითი ენცეფალოპათიის კლინიკური მნიშვნელობის მქონე სინდრომებია: ამავროზულ-კრუნჩხვითი, ჰიპერკინეტიკური, დელირიოზო-ამანტიური, გაფანტული ორგანული სიმპტომები, ასთენიური, ვეგეტატიურ-ტროფიული დარღვევები.

ზედაპირულად მდებარე ნერვული ღეროები შესაძლოა დაზიანდეს დამწვრობის მომენტშივე, თუ ის მოიცავს მათი პროექციის ზონას საკმაო სიღრმეზე. ყველაზე ხშირად ზიანდება მაჯის და შუათანა ნერვი. დამწვრობითი დაავადების მე-3-4 კვირაზე შესაძლოა ერთეული და მრავლობითი ნევრიტები: ინფექციურ-ალერგიული, ტოქსიური, ასევე ნერვული ღეროს ზედაპირულ ნაწილზე  განვითარებული ნეკროზი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988