დენგე

 დენგე 

დენგე ინფექციური ტრანსმისიური დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოებია.
ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და ჩასული არაიმუნური პირები.
დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე. იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39 0 C- 41 0 C – მდე, ძლიერი თავის ტკივილებით, რეტროორბიტალური მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით.
სახე ჰიპერემიული, შეშუპებულია, შესაძლებელია ზოგადი ერითემის განვითარება,  თვალის სკლერების სისხლძარღვები ინიცირებულია, დენგეს დროს ასევე აღინიშნება პერიფერიული ლიმური ჯირკვლების გადიდება და  მტკივნეულობა.
სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, 1-2 დღიანი რემისიის შემდეგ კი ვითარდება  ცხელების ახალი ტალღა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე.
კლასიკური დენგეს ცხელების   დროს კუნთებში, ზურგსა და  თეძოების მიდამოში ტკივილების გამო  შეზღუდულია მოძრაობა, სიარულის მანერა ხდება არაბუნებრივი, ავადმყოფი საწოლში გაჭიმულ მდგომარეობაშია.
მეორე ტალღის პერიოდში იდაყვისა და მუხლის სახსრების გამშლელ ზედაპირებზე, სახის კანზე, კისრის მიდამოში, მკერდზე, მუცელზე ჩნდება უხვი მქავანა მაკულო – პაპულოზური გამონაყარი შემდგომი აქერცვლით.
რეკონვალესცენციის პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირა. დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს ხშირად აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება სისხლნარევი მასებით, ცხვირიდან სისხლდენა, ჰემორაგიული გამონაყარი, ქვეითდება არტერიული წნევა.

გართულებები

დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით, პნევმონიით, ოტიტით, თრომბოფლებიტით, ორქიტითა და  პაროტიტით. დენგეს გადატანის შემდეგ რჩება არამყარი ტიპოსპეციფიური იმუნიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში.

დიაგნოსტირება

დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე და ეპიდემიოლოგიურ ანამნეზურ მონაცემებზე დაყრდნობით, საბოლოოდ კი დასტურდება შრატში სპეციფიური ანტისხეულების  ტიტრის მომატებით და ნეიტრალიზაციის რეაქციით.
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ფლებოტომურ ცხელებასთან, ყვითელი ცხელებასთან, მალარიასთან, სხვა ჰემორაგიულ ცხელებებთან, მენინგოკოკურ ინფექციებთან, იშვიათად ქუნთრუშასთან, წითურასთან, წითელასთან.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

დენგეს სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს, ტარდება ინფუზური თერაპია, ინიშნება კორტიკოსტეროიდები, ნაჩვენებია ტკივილგამაყუჩებელი,  ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, ვიტამინოთერაპია, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და  ცილებით მდიდარი დიეტა.
დენგეს კლასიკური ფორმის დროს შემთხვევათა უმეტესობაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა, ჰემორაგიული ცხელებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც  პაციენტთა დაახლოებით 40%-ში მე-3-7 დღეს ვითარდება შოკი.
დენგეს პროფილაქტიკა მოიცავს ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურებას, რეპელენტებისა და დამცავი ბადეების გამოყენებას.

დენგე – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 დენგე ინფექციური ტრანსმისიური დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს:
✔️ დენგეს კლასიკური ცხელება
✔️ დენგეს ჰემორაგიული ცხელება
🧬 დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომელიც გადაიტანება კოღოს მიერ
📅 დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე
🌡️ იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39C- 41C – მდე
🧠 დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით, პნევმონიით, ოტიტით, თრომბოფლებიტით, ორქიტითა და პაროტიტით
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3I5qJWB
#დენგე #დენგესცხელება #დენგესკლასიკურიცხელება #დენგესჰემორაგიულიცხელება #დენგესცხელებისსიმპტომები #დენგესცხელებისნიშნები #რაარისდენგესცხელება #დენგესცხელებისდიაგნოსტკისა #დენგესცხელებისმკურნალობა #თავისტკივილი #თვალებისტკივილი #სახსრებისტკივილი #ცხელება #ზურგისტკივილი #გულისრევა #ღებინება #კოღო #კოღოსმიერგადატანილიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დენგე – ტროპიკულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადება. ინფექციის წყარო ადამიანები და ცხოველებია, გადამტანები – კოღოები. ვლინდება სხეულის ტემპერატურის უეცარი მომატებით, თავის ძლიერი ტკივილით, ტკივილით სახსრებსა და კუნთებში, თავბრუსხვევით, სიარულის დარღვევით, კანზე გამონაყრით. პროფილაქტიკა – დაცვა კოღოების კბენისაგან. მკურნალობისა და პროფილაქტიკის სპეციფიკური საშუალებები არ არის.

.