დეჰიდრატაცია

დეჰიდრატაცია

ორგანიზმის გაუწყლოვანება (სინონიმი დეჰიდრატაცია, ექსიკოზი)-  პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც  გამოწვეულია ორგანიზმში წყლის შემცველობის დაქვეითებით. წყლის კარგვა, რომელიც იწვევს სხეულის მასის 10-20%-ით შემცირებას სახიფათოა სიცოცხლისთვის. წყლის მიუღებლობა ჯანმრთელ ადამიანში იწვევს 7-10 დღეში სიკვდილს, ხოლო ცხელი მშრალი ატმოსფეროს პირობებში 3-5 დღის განმავლობაში.

დეჰიდრატაციის  მიზეზებია: დიარეა( მაგალითად საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციების, ქოლერის დროს), შეუჩერებელი  ღებინება (მოწამვლების, პილორუსის სტენოზის, ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზის და სხვ), პოლიურია.

(შაქრიან და უშაქრო დიაბეტის, თირკმლის ზოგიერთი დაავადების, D ჰიპერვიტამინოზის, ადისონის დაავადების, შარდმდენი პრეპარატების არასწორი გამოყენების დროს).  დეჰიდრატაცია ვლინდება ასევე ძლიერი ოფლდენის და კანის ზედაპირიდან  წყლის აორთქლების დროს (მაგ: ორგანიზმის გადახურებით, სეფსისი და სხვა მძიმე ინტოქსიკაციებით რომლებსაც  თან ახლავს  ცხელება), ძლიერი სისხლისა და პლაზმის დანაკარგვისას (ფართო დამწვრობების ან სეროზულ გარსებში სითხის ტრანსუდაციით მაგ. ასციტი, პასიური ჰიდროთორაქსის დროს.), წყლის შიმშილის დროს ისეთ პაციენტებში რომლებსაც აქვთ ცნობიერების დარღვევები, არიან უმწეო პაციენტები,  ზრუნვამოკლებული ბავშვები, პაციენტებს რომლებსაც ფსიქოგენური მიზეზებით დაქვეითებული აქვთ წყურვილის გრძნობა და პირებს რომლებსაც წყალთან შეხება არ აქვთ (სტიქიური უბედურობის, უწყლო ადგილებში ყოფნის  დროს და სხვა.)

განსაკუთრებით ადვილად ვითარდება ბავშვებში დეჰიდრატაცია რადგან მათი ქსოვილები უფრო მეტ წყალს შეიცავ ვიდრე მოზრდილი ადამიანის ქსოვილები, მით უფრო რომ  წყალ-მინერალური  ცვლა არასრულყოფილია რაც უფრო პატარაა ბავშვი. წყლის კარგვა ბავშვებში უფრო ხშირად გამოწვეულია დისპეპსიური დარღვევებით. ახალშობილთა დეჰიდრატაციის განვითარების სპეციფიური მიზეზია ადრენოგენიტალური სინდრომი, წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება მაგალითად ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში.

  წყლის კარგვას იწვევს ან თან ახლავს   ნატრიუმისა და სხვა ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების ორგანიზმიდან ჭარბი გამოყოფა და შესაბამისად ვითარდება  დეჰიდრატაცია. ქსოვილთაშორის სითხეში მათი კონცენტრაცია შეიძლება შეიცვალოს უმნიშვნელოდ (დეჰიდრატაციის იზოოსმოსური ფორმა). ეს ხდება მაშინ როდესაც  წყალი ქსოვილთაშორის სითხიდან და უჯრედებიდან დაახლოებით  ერთნაირად იკარგება, ხოლო  როდესაც ჭარბობს წყლის გამოყოფა მარილების კარგვის  გამო  წყლის შიმშილის ფონზე ადგილი აქვს  ჰიპეროსმოლარული დეჰიდრატაციას, ან დეჰიდრატაციის წყლით დეფიციტური ფორმას, რომლისთვისაც დამახასიათებლია ორგანოთა უჯრედებსა და ქსოვილებში  წყლის ძალზე დაქვეითებული შემცველობა(ჰიპოჰიდრატაცია, ან უჯრედების დეჰიდრატაცია).  მაგრამ თუ ჯერ  იკარგება ნატრიუმის მარილები (მაგ: თირკმელზედას უკმარისობის, ნეფრიტის ზოგიერთი ფორმის დროს) მაშინ ადგილი აქვს ჰიპოოსმოლარობას ან დეჰიდრატაციის მარილდეფიციტურ ფორმას, რომლის დროსაც წყალი ქსოვილთშორისი სითხიდან არამარტო იკარგება არამედ გადადის უჯრედში და გროვდება მათში ჭარბი რაოდენობით( უჯრედების ჰიპერჰიდრატაცია).

დეჰიდრატაციის ყველა ფორმის კლინიკური სურათი თითქმის მსგავსია და გამოვლინდება სხეულის მასის 5%-ზე მეტის დაკარგვით, კანის სიმშრალით და მოდუნებით, სახეზე ნაოჭების გაჩენით და ნაკვთების წაწვეტებით.  უმეტეს შემთხვევებში აღინიშნება ოლიგურია, ხანდახან ანურია. მატულობს ჰემატოკრიტის მაჩვენებელი, ჩნდება აზოტემია, ქვეითდება არტერიული წნევა.

დეჰიდრატაციის ჰიპეროსმოლარული ფორმის დროს ავადმყოფებს აქვთ მტანჯავი წყურვილის გრძნობა, პირსა და ყელში სიმშრალის შეგრძნება,   ხმა ხდება ჩახლეჩილი, ხშირად მატულობს სხეულის ტემპერტატურა.   ქვეითდება  კანის ტურგორი , ნაოჭი ნელა სწორდება.შრება  პირის და სკლერების ლოროვანი გარსი,  კლებულობს ენის სისქე, თვალის კაკლები ჩაცვენილია. ხშირად ვითარდება ყაბზობა. სისხლში მომატებულია ოსმოსურად აქტიური ნივთირებების კონცენტრაცია მათ შორის ცილების, აღინიშნება ჰიპერლეიკოციტოზი. დამახასიათებელია ფსიქიკური დარღვევები: ავადმყოფები არიან აგზნებულები, აგრესიულები, ბოლო სტადიებში ვითარდება ჰალუცინაციები, ძილიანობა. მედიკამენტური ჩაურევლობის შემთხვევაში ცნობიერების დაბინდვა ღრმავდება კომის განვითრდებამდე, რასაც მოყვება ლეტალური გამოსავალი.

დეჰიდრატაციის ჰიპოოსმოლარული ფორმის დროს კლინიკური სურათი მოიცავს ასთენიას, აპათიას, არტერიული წნევის მნიშვნელოვან დაქვეითებას პულსური წნევის მკვეთრი მომატებით( სხვაობა არტერიული წნევის სისტოლურ და დიასტოლურ წნევას შორის), სუსტი ძაფისებრი პულსით. სხეულის პოზიციის ცვლილებისას ადვილად ვითარდება კოლაფსი ორთოსტატიკური.  კანი მომჩვარულია, მშრალია, მაგრამ ენა ხშირად ტენიანია მოცულობაში არ მცირდება. დაქვეითებულია სისხლში ნატრიუმისა და ქლორის შემცველობა. უჯრედების გამოხატულ ჰიპერჰიდრატაციაზე მეტყველებს მზრდადი თავის ტკივილი( ძირითადად ლოკალიზდება შუბლის არეში),  ანორექსია და გულისრევა წყურვილის გრძნობის გარეშე.  უმარილო წყლის მიღება იწვევს ღებინებას, რომელიც აძლიერებს დეჰიდრატაციას. შესაძლოა განვითარდეს კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, ცნობიერების დარღვევები.

 დეჰიდრატაციის დროს პაციენტები  მკურნალობას გადიან საავადმყოფოში. დეჰიდრატაციის იზოოსმოსური ფორმის დროს ინტრავენურად შეჰყავთ იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი და გლუკოზა, პლაზმის დაკარგისას კი პლაზმა ან მისი შემცვლელები. რეკომენდირებულია სასმელად მინერალურ წყლების გამოყენება, ხოლო საკვებად   წყლიანი საკვების მიღება( ბულიონები, წვენები, კეფირი).

დეჰიდრატაციის ჰიპეროსმოლარული ტიპის დროს ავადმყოფებს ურჩევენ მარილისა და შაქრის შეუმცველი წყლის იმ რაოდენობით მიღებას რომელიც მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს ან 1 ლ 5% გლუკოზის ხსნარის იმტრავენურად შეყვანა ( 8 ერთეული ინსულინის ინექციასთან  ერთად), პირველი 200მლ ბოლუსით, ხოლო დანარჩენი წვეთებით.  მოგვიანებით პაციენტს შეიძლება მიეცეს კენკრის სასმელები( მაგ: მოცვის წვენი) უშაქრო ან მცირედ დამტკბარი.

დეჰიდრატაციის ჰიპოოსმოლარული ტიპის დროს მოზრდილებში მკურნალობას იწყებენ ინტრავენურად ნატრიუმის ქლორიდის( 20მლ-მდე10% ხსანრი) და გლუკოზა(40მლ 20% ხსნარი) ჰიპერტომიული ხსნარების ბოლუსურად შეყვანით, ხოლო შემდეგ გადადიან ამ  ნივთიერებების იზოტონური ხსნარების წვეთოვნად შეყვანაზე 1,5-2 ლ მოცულობით. ასევე ორგანიზმში შეყავთ დეზოქსიკორტიკოსტეროიდის აცეტატი და სხვა თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების ჩამნაცვლებელი პრეპარატები.  ნიშნავენ საჭმელი მარილის დიეტას. ბავშვებს ურჩევენ სასმელად მიიღონ „ორალიტი“-ს და „ პედიალიტი“-ს ტაბლეტების ( 1 ტაბლეტი 1 ლ წყალზე) ხსნარი, რომლებიც შეიცავენ  სისხლის პლაზმასთან მიახლოვებულ ნატრიუმის და კალიუმის იონების  რაოდენობას. ინტრავენურად ან კანქვეშ შეჰყავთ იზოტონური გლუკოზამარილოვანი ხსნარები ცენტრალური ვენური წნევისა და შარდის ხვედრითი წონის კონტოლით, ეს უკანასკნელი ნორმაში უნდა იყოს 1010-1015 ფარგლებში. დეჰიდრატაციის ჰიპოოსმოლარული ტიპის ეფექტური მკურნალობის კრიტერიუმებია პულსური წნევის და არტერიული წნევის ნორმალიზება, ასევე ფიზიკური დატვირთებისადმი შეგუება.

ორგანიზმის დეჰიდრატაციის პროფილაქტიკა შედგება იმ  დაავადებების ეფექტურ მკურნალობაში, რომლებსაც თან ახლავს წყლის კარგვა, ასევე შარდმდენი საშუალებების სწორად მოხმარებაში. ცხელ მშრალ ატმოსფეროში მომმუშავეებმა ( მაგ. ცხელ საამქროებში)  სასმელად  უნდა გამოიყენონ  მარილიანი წყალი. პირებმა, რომლებიც იმყოფებიან წოლით რეჟიმში, უნდა შეიქმნან ყველანაირი შესაძლებლობა წყლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.  ცნობიერების ღრმა მოშლის მქონე პაციენტებს უნდა მიეცეთ პარენტერალურად  დღე-ღამეში არანაკლებ 1 ლ სითხის რაოდენობა( მარილისა და გლუკოზა იზოტონური ხსნარები და სხვ) დიურეზისა და შარდის ხვედრითი წონის კონტროლით. მეძუძურ ბავშვებში რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ კვებაზე ძირითადი მნიშვნელობა აქვს საკვების სწორ მომზადებას და კვების რეჟიმის ორგანიზებას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..