დიურინგის დაავადება

დიურინგის დაავადება (ლ.ა. დიურინგი, ამერიკელი დერმატოლოგი, 1845-1913. დაავადების სინონიმია: გერპეტიფორმული დერმატიტი) კანის ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება შეტევითი ხასიათის ალერგიული გამონაყარით. ეტიოლოგია და პათოგენეზი დადგენილი საბოლოოდ არაა. არსებობს მოსაზრება დიურინგის დაავადებასა და შეწოვის დარღვევის სინდრომს შორის. დაავადება შესაძლოა განვითარდეს, როგორც პარაონკოლოგიური დერმატოზი. დაავადება უპირატესად გვხვდება მამაკაცებში.

დიურინგის დაავადების თავისებურებაა – სხვადასხვა სიდიდის ბუშტუკების გამოვლინება, რომლებიც ვითარდება ეპიდერმისის ქვეშ, სწორედ ამიტომ, დერმის დვრილების ზედაპირზე ვითარდება მიკროაბსცესები, რომლებიც ადრეულ სტადიაზე შეიცავს ნეიტროფილებს, ხოლო მოგვიანებით – ეოზინოფილურ ლეიკოციტებს. მიკროაბსცესების შერწყმის შედეგად ხდება ეპიდერმისის მოშორება დერმისგან.

დიურინგის დაავადების დროს, ბუშტუკების გარდა ვითარდება ანთებითი ლაქები, წყლულები, პაპულები, რომელიც ჯგუფდება რგოლის, ნახევარრგოლის ან გირლიანდების სახით. წვრილი ბუშტუკებისგან შემდგარი დაზიანებული კერები მოგვაგონებს მარტივი ჰერპესის გამონაყარს, ხოლო მათი რგოლისებური განლაგებისას – ტრიქოფიტულს. ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება შეჯგუფებული პაპულოვეზიკულები, რაც დამახასიათებელია პრურიგოსთვის. გამონაყარი სიმეტრიულად ლაგდება უპირატესად სხეულისა და კიდურების კანზე. დაავადების დასაწყისი პერიოდი ან მორიგი რეციდივი, განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, მიმდინარეობს მწვავედ და თან ახლავს სხეულის მომატებული ტემპერატურა 37,5-38,00-მდე.

დიაგნოზი ისმება კლინიკურ სერათზე დაყრდნობით და მტკიცდება ლაბორატორიული გამოკვლევებით (სისხლსა და ბუშტუკების შიგთავსის ეოზინოფილია). უმეტეს შემთხვევებში აღინიშნება იადასონის დადებითი სინჯი, რომელიც  დაფუძნებულია პაციენტის მომატებულ მგრძნობელობაზე იოდის მიმართ. აღნიშნული ტესტის ჩატარებისათვის კანზე ადებენ კომპრესს მაზით, რომელიც შეიცავს 50%-იან კალიუმის იოდიდს. 24 საათის შემდეგ ერითემის (ზოგჯერ ბუშტუკებისაც) განვითარება მეტყველებს სინჯის დადებით შედეგზე. ერთეულ შემთხვევებში ინიშნება 2-3 კოვზი 3-5%-იანი (ზოგჯერ 10%) კალიუმის იოდიდს შიგნით მისაღებად. დაავადების გამწვავების შემთხვევაში სინჯი ითვლება დადებითად. მძიმე გართულებების მოლოდინისას, რომელიც ძნელად კუპირდება, იყენებენ იადასონის გარეგან სინჯს. საეჭვო შემთხვევებისას ავადმყოფი იგზავნება დერმატოლოგიურ სტაციონარში დაზიანებული კანის ჰისტოლოგიური სურათისა და პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის რეაქციის გასაკეთებლად, რომლის დროსაც გამოავლენენ იმუნოგლობულინ А-ს დერმის დვრილებში, ან შედარებით იშვიათად ეპიდერმისის ბაზალური მემბრანის წილებში. აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა შინაგანი ორგანოების ავთვისებიან ახალწარმონაქმნებზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება გენერალიზებულ ჰერპესთან, ზედაპირულ ტრიქოფიტიასთან, პემფიგოიდთან, ჰერპესულ იმპეტიგოსთან.

პროცესის გამწვავებისას მკურნალობა ტარდება დერმატოლოგიური სტაციონარის პირობებში. აუცილებელია გლუტეინ-თავისუფალი დიეტის დაცვა, მარილის შეზღუდვა, ისეთი პროდუქტების გამორიცხვა, რომელიც შეიცავს იოდს (ზღვის თევზი და სხვ.).

ზროგნოზი სიცოცხლის თვალსაზრისით კეთილსაიმედოა. დაავადება გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში და ახასიათებს მყარი რემისიები ხანგრძლივობით რამოდენიმე კვირით, თვით ან წლით. სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის ბავშვებს ზოგჯერ აღენიშნებათ თვითგანკურნება. გამწვავებების პროფილაქტიკაა: დიეტის დაცვა, იოდისშემცველი პრეპარატების მიღების შეწყვეტა. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დერმატოლოგთან დისპანსერულ მეთვალყურეობაზე და დროდადრო ჩაიტარონ გამოკვლევები ონკოლოგიური დაავადებების გამორიცხვის მიზნით.

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიურინგის დაავადება – უცნობი ბუნების კანის ქრონიკული მორეციდივე დაავადება. ხასიათდება შეტევითი ხასიათის ქავილიანი გამონაყრით. აღინიშნება უპირატესად მამაკაცებში. ძირითადი გამოვლინებებია – ბუშტუკები, ანთებითი ლაქები, პაპულები, რომლებიც შეჯგუფულია რგოლებად, ნახევარრგოლებად და გირლანდებად.

.