ერითრემია

ერითრემია

ერითრემია სისხლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, მიეკუთვნება მიელოციტარული წარმოშობის ქრონიკული ლეიკოზების ჯგუფს, რომლის დროს სიმსივნის ძირითად უჯრედებს წარმოადგენენ მწიფე ფორმიანი ელემენტები-ერითროციტები. გვხვდება ძირითადად ასაკოვან ადამიანებში (55-60 წელი). დაავადების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება აღმოსავლეთევროპულ ებრაელებში, იშვიათია ზანგებში. >>>>ერითრემია – პათოლოგიური ანატომია

ყველა ორგანო ხასიათდება სისხლჭარბობით. ხშირად არტერიებში და ვენებში წარმოიქმნება თრომბები. ლულოვან ძვლებში არსებული ძვლის ყვითელი ტვინი იცვლის შეფერილობას და ხდება წითელი. მკვეთრად იზრდება ელენთა. აღინიშნება მიოკარდიუმის ჰიპერტროფია, განსაკუთრებით მარცხენა პარკუჭის.

ერითრემია კლინიკური სურათი

ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, სტენოკარდიას. კანის ფერი მოწითალო-მოცისფროა, ადგილი აქვს არტერიულ ჰიპერტონიას, თრომბოზებისა და სისხლდენებისადმი მიდრეკილებას. შესაძლოა აღინიშნოს ტერფის ან წვივის ქვედა მესამედის თავისებური შეშუპება, გამოკვეთილი ტკივილითა და სიწითლით. როგორც არტერიული სისხლნაკლებობის დარღვევის გართულების შედეგი, ვითარდება იშემია, თითების განგრენა, ინფარქტი, მხედველობის დაქვეითება, ინსულტი. იშვიათია სპონტანური სისხლდენა, მაგრამ მცირე ტრავმებიც კი იწვევს ხანგრძლივ სისხლდენას. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ელენთის გადიდების დადგენას. პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს კელთვისობიანად, მაგრამ ხშირად სრულდება ქრონიკური მიელოლეიკოზში გადასვლით, ორგანოებში ლეიკოზური ინფილტრატების კერების გაჩენით.

ერითრემია სისხლისა და ძვლის ტვინის სურათი

სისხლში მკვეთრადაა მომატებული ერითროციტების რაოდენობა. ძვლის ტვინში იზრდება განსაკუთრებით ერითროციტური მორჩები.

ერითრემია მიმდინარეობა

დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს, საშუალოდ 8-10 წელი. სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვების თრომბოზები, თირკმლის  უკმარისობა, მწვავე მიელოლეიკოზში გადასვლა.

ერითრემია დიაგნოზის დასმისას ყურადღება ექცევა  მოცირკულირე ერითროციტების მასის გაზრდასა  და კლინიკურ სურათს.

ერითრემია დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს  ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის დროს განვითარებულ პოლიციტემიის მეორად სინდრომთან, ელენთის ტუბერკულოზთან.

ერითრემია პროფილაქტიკა – უცნობია.

სიმსივნური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერითრემია – (პოლიციტემია) ქრონიკული, ნელა პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება ერითროციტების საერთო მასის მომატებით ძვლის ტვინის ყველა ელემენტის ჰიპერპლაზიისა და ჰეპატოსპლენომეგალიის არსებობის ფონზე. თავისი ეტიოლოგიით დაავადება ახლოს არის ლეიკოზებთან. ავადდებიან უფრო ხშირად საშუალო და ხანშიშესული ასაკის მამაკაცები. სიმპტომები. დაავადება იწყება თანდათანობით. დამახასიათებელი ჩივილებია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქოშინი, კანის ქავილი, პარესთეზიები. შესაძლებელია ჰემორაგიული გამოვლინებებისადმი ტენდენცია. ამასთან სისხლის სიბლანტის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოზების განვითარება. ტიპიურია კანის გავრცელებული სიწითლე. ღვიძლი და ელენთა გადიდებულია ამ ორგანოებში სისხლწარმოქმნის გაძლიერების ხარჯზე. გვხვდება პოდაგრა. სისხლში მომატებულია ჰემოგლობინის, ერითროციტების შემცველობა, გაზრდილია აგრეთვე სისხლის საერთო მოცულობა და ჰემატოკრიტის მაჩვენებლები. ასევე აღინიშნება ლეიკოციტოზი და თრომბოციტოზი, რომელიც არ გვხვდება მეორადი ერითროციტოზის დროს. ჭეშმარიტ პოლიციტემიასთან, როგორც დამოუკიდებელ დაავადებასთან ერთად, არსებობს მეორადი ერითროციტოზები, რომლებიც ვითარდებიან ფილტვების, გულისა და სხ. დაავადებების დროს სისხლის ჟანგბადით არასათანადო გაჯერების შედეგად. მეორადი ერითროციტოზი აგრეთვე გვხვდება თირკმლების კისტებისა და სიმსივნეების დროს, ამიტომაც ასეთ ავადმყოფებში უმნიშვნელო ჰემატურიის გაჩენაც კი მოითხოვს თირკმლის პათოლოგიის გამორიცხვას.