ერითემა ინფექციური

ინფექციური ერითემა

ინფექციური ერითემა ესაა ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც ხასიათდება ლაქოვან-პაპულური გამონაყარით და არარსებობით, ან მცირედ გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციით.

ერითემა ინფექციური – ეტიოლოგია და პათოგენეზი ცნობილი არაა, ვარაუდობენ დაავადების ვირუსულ ბუნებაზე. დაავადების ალბათობა დაბალია. ავადდებიან ძირითადად ბავშვები 5-12 წლის ასაკში, კიდევ უფრო იშვიათად – ზრდასრულები. ინფექციური ერითემა გვხვდება სპორადული სახით ოჯახებსა და ბავშვთა დაწესებულებებში. დაავადების გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი.

ერითემა ინფექციური – კლინიკა. ინკუბაციური პერიოდი გრძელღედება 4-14 დღე. ძირითადი სიმპტომია გამონაყარი, რომელიც თავიდან გამოვლინდება ლოყებსა და ცხვირის ზურგზე მცირე ზომის წითელი ლაქოვან-პაპულური სახით, რომელთა შერწყმის შედეგადაც ჩნდება პეპელას ფორმის ერითემა. დაავადების მეორე დღეს გამონაყარი ვრცელდება კიდურებზე და უპირატესად განლაგდება მათ გამშლელ ზედაპირებზე. გამონაყარის ელემენტები სწრაფად დიდდება ზომაში, ერწყმის ერთმანეთს არასწორი კერის ფორმით, რომელიც ცენტრიდან იწყებს გაფერმკრთალებას და იძენს მონაცრისფრო-მოლურჯო ელფერს, საბოლოო ჯამში კი კანზე ვითარდება თავისებური ქსლისებრი სურათი. ალერგიულ კერებს არ ახასიათებთ აქერცვლა. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოკლეხნიან სუბფებრილიტეტს, ხახის ჰიპერემიასა და ლიმფური კვანძების გადიდებას.

სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, ჩხირბირთვიანი ელემენტების მარცხნივ გადახრა, ეოზინოფილია, ედს-ის მომატება.

ერითემა ინფექციური – დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათის საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება წითელას, წითურას, ეკზანთემასთან. წითელასთვის დამახასიათებელია პროდრომული პერიოდი, გამოხატული კატარული მოვლენები და ფილატოვ-კოპლიკის ლაქები, ეოზინოფილიის არარსებობა. წითურას დროს გამონაყარი უფრო მკვეთრია, წვრილლაქოვანი, აღინიშნება კეფის ლიმფური კვანძების გამოხატული შესიება. ეკზანთემა უფრო მეტად კონტაგიოზურია, ხშირად აღენიშნებათ მოზრდილებს, ხასიათდება გამონაყარის მრავალფეროვნებით, ინტოქსიკაციის გამოხატული მოვლენებით და ზოგჯერ ენტეროვირუსული ინფექციის სხვა გამოვლინებებით.

ერითემა ინფექციური – მკურნალობა სიმპტომურია.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერითემა ინფექციური – (erythema infectiosum; ბერძ. Erythema სიწითლე + infectio დასნებოვნება; სინ.: მეხუთე დაავადება) ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ლაქოვან – პაპულოზური გამონაყრით, სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით. სავარაუდოდ, დაავადებას აქვს ვირუსული ბუნება. დასნებოვნება ხდება ჰაერ – წვეთოვანი გზით. ავადდებიან 5 – 12 წლის ასაკის ბავშვები, იშვიათად მოზრდილები. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 4 – 14 დღეს. თავდაპირველად ლოყებზე და ცხვირის ზურგზე ჩნდება  მცირე ზომის წითელი ფერის ლაქოვან – პაპულოზური გამონაყარი; ლაქები ერწყმიან ერთმანეთს და წარმოქმიან პეპლის ფორმის ერითემას. მე – 2 დღეს გამონაყარი ვრცელდება კიდურებზე, უპირატესად მათ გამშლელ ზედაპირებზე. გამონაყრის ელემენტები სწრაფად იზრდება, ერწყმის ერთმანეთს; შემდგომში იწყებენ გაფერმკრთალებას ცენტრიდან და ღებულობენ მორუხო – ლურჯ შეფერილობას, კანზე თავისებური ბადისებრი სურათის წარმოქმნით. დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა.

.