ერითრემია 2

ერითრემია

ერითრემია (ვაკეზის დაავადება, პოლიციტემია) – ქრონიკული ლეიკოზი, მიეკუთვნება სისხლძარღვთა სისტემის კეთილთვისებიან სიმსივნეთა ჯგუფს. აღინიშნება სისხლწარმომქნი ღეროვანი უჯრედების, განსაკუთრებით ერითროიდული ღეროვანი უჯრედების სიმსივნური პროლიფერაცია, რასაც მოყვება ერითროციტების რაოდენობის მომატება (ზოგ შემთხვევაში ლეიკოციტების და თრომბოციტების), მოცირკულირე სისხლის ჰემოგლობინის, მოცულობისა  და შედედების მომატება. >>>

ერითროციტების მასის მომატება სისხლძარღვოვან დეპოებში და სისხლის კალაპოტში განაპირობებს დაავადების  კლინიკური სიმპტომატიკის, მიმდინარეობისა და გართულების თავისებურებებს.

ერითრემია ძირითადად გვხვდება მოზრდილ ასაკში. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 სტადიას: დაწყებითი, ერითრემიული და ტერმინალური.

ერითრემია – სიმპტომები. დაწყებით სტადიაში ავადმყოფები ძირითადად უჩივიან სიმძიმეს თავში, ყურებში შიშინს, თავბრუსხვევას, მომატებულ დაღლილობას, გონებრივ სისუსტეს, შემცივნებას კიდურებში, ძილის დარღვევას. დამახასიათებელი შინაგანი ნიშნები შესაძლოა არ აღინიშნოს. ერითრემიული სტადია ხასიათდება უფრო გამოხატული კლინიკური სიმპტომატიკით. ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია თავის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ატარებს შაკიკის ხასიათს, მხედველობის დარღვევით.

ბევრი ავადმყოფი უჩივის ტკივილს გულის მიდამოში, ზოგჯერ სტენოკარდიის ტიპის, ტკივილს ძვლებში, სისუსტეს, მხედველობისა და სმენის დარღვევას, არამყარ ხასიათს, ცრემლიანობას. ერითრემიის ხშირი სიმპტომია კანის მუნი. შესაძლოა ასევე აღინიშნოს ხელისა და ფეხის თითების სპაზმური ტკივილი. ტკივილი თანდართულია კანის უბნების სიწითლით.

დათვალიერების დროს ყურადრებას იქცევს კანის ტიპიური მოწითალო-ციანოზური შეფერილობა მუქი ქვიშნისფერი ტონალობით. ასევე აღინიშნება ლორწოვანი გარსების სიწითლე. კიდურების ხშირ თრომბოზებთან დაკავშირებით, აღინიშნება მუხლის კანის გამუქება, ზოგჯერ-წყლულები. ავადმყოფთა უმრავლესობა უჩივის ღრძილების სისხლდენას, სისხლდენას კბილის ამოღების შემდეგ, კანზე ჩალურჯებას. ავადმყოფთა 80%-ში აღინიშნება ელენთის გადიდება: ერითრემიულ სტადიაში ის გადიდებულია ზომიერად, ტერმინალურში აღინიშნება გამოკვეთილი სპლენომეგალია. ჩვეულებრივ გადიდებულია ღვიძლი. ხშირად ერითრემიით დაავადებულებში აღინიშნება არტერიული წნევის მომატება. ჰიპერტონია ერითრემიისას ხასიათდება ცერებრალური სიმპტომატიკით. ლორწოვანი გარსების ტროფიკის დარღვევისა და სისხლძარღვების თრომბოზების შედეგად შეიძლება განვითარდეს თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლული. კლინიკურ სურათში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება სისხლძარღვების თრომბოზს. ჩვეულებრივ აღინიშნება ტვინოვანი და კორონარული არტერიების, ასევე ქვედა კიდურების სისხლძარღვების თრომბოზი ერითრემიით დაავადებულებს თრომბოზები-ემბოლიები/”>თრომბოზის პარალელურად ახასიათებთ ჰემორაგიების განვითარება.

ტერმინალურ სტადიაში კლინიკური სურათი ყალიბდება დაავადების დასასრულიდან გამომდინარე-ღვიძლის ციროზით, კორონაროთრომბოზით, თავის ტვინის თრომბოზებით გამოწვეული სირბილეების კერებით, ანემიასთან ერთად მიმდინარე მიელოფიბროზით, ქრონიკული და მწვავე  მიელოლეიკოზით.

პერიფერიულ სისხლში დაავადების დაწყებით სტადიაში შეიმჩნევა მხოლოდ ერითროციტოზი. ერითრემიული სტადიის დამახასიათებელი ჰემატოლოგიური ნიშანია სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის მომატება. ერითრემიისათვის  მეტად ტიპიურია ერითროციტების მომატება 6-7 გ/ლ-მდე და ჰემოგლობინის მომატება 180-220 გ/ლ-მდე. ერითროციტების და ჰემოგლობინის მომატების პარალელურად აღინიშნება ჰემატოკრიტის მომატებაც.

სისხლის სქელი ნაწილის და სიბლანტის მომატება იწვევს ედს-ის მკვეათრ დაკლებას. ლეიკოციტების რაოდენობა მომატებულია უმნიშვნელოდ-15-18 გ/ლ. იშვიათად ჩნდებიან მეტამიელოციტები და მიელოციტები. თრომბოციტების რაოდენობა მომატებულია 1000გ/ლ-მდე.

მუდმივად აღინიშნება ალბუმინურია, იშვიათად ჰემატურია. ტერმინალურ სტადიაში სისხლის სურათი დამოკიდებულია ერითრემიის გამოსავალზე. მიელოფიბროზში ან მიელოლეიკოზში გადასვლისას მატულობს ლეიკოციტების რაოდენობა, ჩნდებიან ნორმოციტები, ერითროციტების რაოდენობა კლებულობს. მწვავე ლეიკოზის განვითარებისას სისხლში მატულობს ბლასტური უჯრედები, ხშირია ანემია, თრომბოციტოპენია.

ერითრემიის ტერმინალური სტადიისას დაავადებულთა ძვლის ტვინში დამახასიათებელი ნიშანია ყველა უჯრედოვანი მორჩების ჰიპერპლაზია გამოკვეთილი მეგაკარიოციტოზით. ტერმინალურ სტადიაში აღინიშნება მიელოფიბროზი. სიძნელეს წარმოადგენს ერითრემიის დიფერენციალური დიაგნოსტიკა მეორად სიმპტომურ ერითროციტოზთან. განარჩევენ აბსოლუტურ და შეფარდებით ერითროციტოზს. აბსოლუტური ერითროციტოზი ხასიათდება ერითროპოეზის მომატებითა და მოცირკულირე ერითროციტების მასის მომატებით. შეფარდებითი ერითროციტოზის დროს კი აღინიშნება პლაზმის მოცულობის დაკლება, ხოლო მოცირკულირე ერითროციტების მასა უცვლელია.

აბსოლუტური ერითროციტოზი აღინიშნება ჰიპოქსიური მდგომარეობისას (ფილტვების დაავადების, გულის მანკების დროს), სიმსივნეებისას (ჰიპერნეფრომა, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ჰეპატომა), თირკმლის დაავადებებისას (პოლიკისტოზი, ჰიდრონეფროზი).

შეფარდებითი ერითროციტოზი სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვასთან დაკავშირებულ  პათოლოგიური მდგომარეობის დროს აღინიშნება (ხანგრძლივი ღებინება, დიარეა, დამწვრობა, მომატებული ოფლიანობა).

სიმსივნური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.