ნაყოფის სიკვდილი მუცლადყოფნის პერიოდში

ნაყოფის სიკვდილი მუცლადყოფნის პერიოდში შეიძლება მოხდეს ორსულობის დროს, ანტენატალური სიკვდილი ან მშობიარობისას, ინტრანატალური სიკვდილი.

ნაყოფის ანტენატალური  სიკვდილის მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ორსულთა ინფექციური ბუნების დაავადებებს (გრიპი, პნევმონია, პიელონეფრიტი და სხვა.) გულის მანკებს, ჰიპერტონიული დაავადებას,  შაქრიანი დიაბეტს, ანემიას და სხვა ექსტრაგენიტალურ  დაავადებებს, ასევე სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებებს.

ხშირად ნაყოფის სიკვდილის მიზეზი ხდება მძიმე ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი, პლაცენტის პათოლოგია (წინამდებარეობა, ნაადრევი აშრევება, პლაცენტის ანომალიები), ჭიპლარის პათოლოგია (ჭეშმარიტი კვანძი), მრავალნაყოფიანობა, მცირეწყლიანობა, დედისა და ნაყოფის სისხლის რეზუს შეუთავსებლობა. ნაყოფის სიკვდილის განმაპირობებელ ფაქტორებს მიეკუთვნება ორსულის ქრონიკული ინტოქსიკაცია (ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტყვია, ნახშირჟანგი, ფოსფორი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ნარკოტიკები და სხვა.), მედიკამენტების არასწორი გამოყენება, ჰიპო- და ავიტამინოზი, ტრავმებით, ასევე არახელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ინტრანატალურ პერიოდში ნაყოფის სიკვდილი, გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზებისა, შეიძლება გამოწვეული იყოს ნაყოფის ქალას და ხერხემლის სამშობიარო ტრავმით.

ნაყოფის სიკვდილის უშუალო მიზეზი ხშირად ხდება საშვილოსნოსშიდა ინფექციები, მწვავე და ქრონიკული ჰიპოქსია, ნაყოფის სიცოცხლესთან შეუთავსებელი სიმახინჯეები. ზოგ შემთხვევბში ნაყოფის  სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი რჩება.

მკვდარი ნაყოფი საშვილოსნოში შეიძლება დარჩეს რამდენიმე დღე, კვირა, თვე და ზოგ შემთხვევაში წელიწადიც კი. საშვილოსნოს შიგნით მკვდარი ნაყოფი განიცდის მაცერაციას, მუმიფიკაციას და პეტრიფიკაციას. 90% -ში შეინიშნება მაცერაცია – ქსოვილების სველი ნეკროზი, ლპობის  გარეშე, ხშირად თან ახლავს ნაყოფის შინააგნი ორგანოების აუტოლიზი, ზოგჯერ კი რეზორბცია. პირველ დღეებში მაცერაცია ასეპტიურია, შემდეგ კი თან ერთვის ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სეფსისიც. მუმიფიკაცია – ნაყოფის მუმიისებრ მასად გარდაქმნა, შეინიშნება მრავალნაყოფიანი  ორსულობისას ერთი ნაყოფის სიკვდილის დროს, ჭიპლარის შემოხვევის გამო. იშვიათ შემთხვევებში მუმიფიცირებული ნაყოფი განიცდის პეტრიფიკაციას (ქსოვილებში კალციუმის მარილების დეპონირება) –  წარმოიქმნება ე.წ. ლითოპედიონი, გაკირული ბავშვი, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს დედის ორგანიზმში წლების განმავლობაში.

ნაყოფის ანტენატალური სიკვდილის ნიშანია საშვილოსნოს ზრდის შეწყვეტა, (მისი ზომები 1-2 კვირით ჩამორჩება რეალურ  ორსულობის ვადას), საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება და მისი კუმშვების არარსებობა, ნაყოფის გულისცემისა და მოძრაობის შეწყვეტა, სარძევე ჯირკვლების გაუხეშების გაქრობა, ზოგადი სისუსტე, უქეიფობა, მუცელში სიმძიმის შეგრძნება. ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის ნიშანია ნაყოფის გულისცემის შეწყვეტა.

ანტენატალურ პერიოდში ნაყოფის სიკვდილზე ეჭვის მიტანისას აუცილებელია ორსულის ჰოსპიტალიზაცია. დიაგნოზის დადასტურება ხდება ნაყოფის ფონოკარდიოგრაფიითა და ელექტროკარდიოგრაფიითა, ულტრაბგერითი გამოკვლევით (ადრეულ ვადებზე წყდება ნაყოფის გულისცემა და სუნთქვითი მოძრაობები,  სხეულის კონტურები არამკვეთრია, მოგვიანებით – სხეულის სტრუქტურის რღვევა აღინიშნება), ამნიოსკოპიით ნაყოფის ანტენატალური სიკვდილის შემდეგ პირველ დღის განამვლობაში სანაყოფო წყლები მომწვანო შეფერილობისაა, შემდგომ იკლებს მწვანე ფერის ინტენსივობა და ვლინდება სისხლის მინარევი.

ამნიოსკოპიით ნაყოფის წინამდებარე ნაწილზე ზეწოლისას შეინიშნება ჩაღრმავება ქსოვილების ტურგორის არარსებობის გამო. იშვიათად მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომლითაც ვლინდება  ნაყოფის ქალას არამკაფიო კონტურები, ხერხემლის ლორდოზის ტიპის გამრუდება და სხვა.

ანტენატალური სიკვდილის დადასტურებისას  ორსულობის პირველ ტრიმესტრში სანაყოფე კვერცხის მოცილება ხდება ქირურგიული გზით (გამოფხეკა), შესაძლოა თვითნებური მოცილებაც.

მეორე ტრიმესტრში, პლაცენტის ნაადრევი აშრევებისას ნაჩვენებია სასწრაფო მშობიარობა, მეთოდის შერჩევა ხდება სამშობიარო გზების მზაობის მიხედვით. მეორე ტრიმესტრში თვითნებური გამოდევნა მკვდარი ნაყოფი იშვიათია. მშობიარობის სტიმულაცია ხდება საშვილოსნოს კუმშვის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენებით, ოქსიტოცინი, პროსტაგლანდინები, ასევე მიმართავენ საშვილოსნოს ელექტროსტიმულაციას. რეკომენდირებულია ამნიოტომია.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ნაყოფის სიკვდილისას, როგორც წესი თავისით იწყება სამშობიარო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ სტიმულაციას. მშობიარობის შემდგომ პერიოდში  ნაჩვენებია ენდომეტრიტის, საშვილოსნოდან სისხლდენის პროფილაქტიკა. ინტრანატალური სიკვდილის შემთხვევაში, ჩვენების მიხედვით ტარდება ნაყოფის  დამშლელი ოპერაციები.

მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის სიკვდილის პროფილაქტიკა მოიცავს ორსულის მიერ ჰიგიენის ნორმების დაცვას, ადრეულ დიაგნოსტიკას, ორსულობის გართულებების, ექსტრაგენიტალური  და გინეკოლოგიური  დაავადებების ადეკვატურ მკურნალობას, მშობიარობის სწორ წარმართვას. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.