იუვენილური სისხლდენა

იუვენილური სისხლდენა

   არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

იუვენილურ ანუ პუბერტულ სისხლდენას გინეკოლოგიაში უწოდებენ საშვილოსნოსმიერ სისხლდენას,  რომელიც წარმოადგენს 12-18 წლის ასაკის მოზარდ გოგოებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას. >>>>

სპეციალისტების აზრით, იუვენილური სისხლდენა – გოგონების სქესობრივი მომწიფების პერიოდის ერთ-ერთი რთული პათოლოგიაა.

ბოლო წლებში საშვილოსნოსმიერი სისხლდენები მოზარდებში საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა – შემთხვევათა 20-37%-ში სწორედ ამ მიზეზის გამო მიმართავენ გინეკოლოგებს მოზარდი გოგონები.  ზოგიერთი მონაცემით, საშვილოსნოსმიერი იუვენილური სისხლდენები აღინიშნება მოზარდი გოგონების საერთო რიცხვის 10%-ში.  ყველაზე ხშირად იუვენილური სისხლდენა იწყება მენსტრუაციის დაწყების შემდეგ პირველი 2-3 წლის განმავლობაში.  როგორც წესი, საშვილოსნოსმიერი  იუვენილური სისხლდენები აღინიშნება ზამთრის ან ზაფხულის თვეებში,  რაც განპირობებულია გოგონების საკვებ რაციონში ვიტამინების ნაკლებობით,  მაგრამ ეს პათოლოგიის ერთადერთი მიზეზი არ არის.

გინეკოლოგებს მიაჩნიათ,  რომ წლის დროის გარდა იუვენილური სისხლდენების წარმოქმნაზე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც,  როგორიცაა ინფექციური დაავადებები,  ფსიქიკური ტრავმები,  ფიზიკური ან ფსიქოლოგიური გადატვირთვები,  არასწორი კვება.  მაგრამ უფრო მეტად უნდა გვახსოვდეს,  რომ მოზარდ გოგონებში საშვილოსნოსმიერი სისხლდენების დაწყება მიანიშნებს რეპროდუქციული სისტემის არასასურველ ფუნქციონირებაზე და ეს არცთუისე იშვიათად, ჰემორაგიული სინდრომის პირველი ნიშანია.

იუვენილური სისხლდენები წარმოადგენს საშოდან ხშირად არარითმულ,  მეტ-ნაკლებად უხვ სისხლდენას.  ყველაზე ხშირად სისხლდენა იწყება შემდგომი მენსტრუაციის 2-6 კვირით შეკავებისას და მიმდინარეობს საკმაოდ დიდხანს – როგორც წესი კვირაზე მეტხანს.  ზოგ შემთხვევაში სისხლდენა გრძელდება  რამდენიმე თვე,  პერიოდულად სუსტდება და ძლიერდება.

ასეთი ხანგრძლივი სისხლდენისას გოგონას მდგომარეობა შეიძლება იყოს მძიმე,  რადგან ხანგრძლივი და ინტენსიური იუვენილური სისხლდენა შეიძლება ანემიის მიზეზი გახდეს,  მათ შორის მძიმესიც.

გოგონებში ანემია ვითარდება ისეთი ნიშნების გამოხატვით,  როგორიცაა კანისა და ლორწოვანი გარსების მკვეთრი სიფერმკრთალე,  საერთო სისუსტე,  თავბრუსხვევა,  აპათეა,  არტერიული წნევის დაქვეითება,  პულსის გახშირება და შესუსტება.  ანემიის განვითარების ხარისხისა და სისხლის დაკარგული ოდენობის მიხედვით, მოზარდ გოგონებში სისხლდენა შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის რეალური საშიშროება,  მძიმე შემთხვევაში სიცოცხლისთვისაც.  მაგრამ თუ მოზარდი გოგონა დროულად მიმართავს ექიმს და გინეკოლოგი სწორად ჩაატარებს მკურნალობას,  მაშინ მენსტრუალური ციკლი, როგორც წესი, ნორმალიზდება.  ამ დროს პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა.

თუ სისხლდენა მოზარდ ასაკში დარჩება განუკურნებელი ის შეიძლება გადავიდეს რეპროდუქციული ასაკის საშვილოსნოსმიერ სისხლდენაში,  რაც შეიძლება იყოს უშვილობისა და სხვა  პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების მიზეზი.

იუვენილური სისხლდენები თავისი მიმდინარეობითა და სიმპტომებით შეიძლება იყოს მრავალგვარი:

• ზოგ შემთხვევაში იუვენილური სისხლდენა იწყება უეცრად,  უხვია და იწვევს ორგანიზმის საერთო სისუსტესა და მკვეთრად გამოხატულ ანემიას.

• სხვა შემთხვევაში იუვენილური სისხლდენა არცთუ ისე უხვია,  მაგრამ ხანგრძლივია,  შეიძლება მიმდინარეობდეს კვირაობით და იწვევს ანემიას ხანგრძლივი სისხლნაკლებობისა და ორგანიზმის დასუსტების შედეგად.

• მოვლენების განვითარების მესამე ვარიანტის მიხედვით,  სისხლდენა იწყება უეცრად,  უხვია და იწვევს ავადმყოფის მძიმე მდგომარეობის განვითარებას.

ნებისმიერ შემთხვევაში, იუვენილური სისხლდენის ხასიათისაგან დამოუკიდებლად, ავადმყოფი მოზარდი გოგო უნდა ექვემდებარებოდეს დაკვირვებას და მკურნალობა  უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ სტაციონარის პირობებში.  რასაკვირველია არსებობს პირველი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება,  მაგრამ თუ ვერ მოხერხდა სისხლდენის შეწყვეტა,  აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.  იუვენილური სისხლდენების სწორი და დროული მკურნალობა აუცილებელია იმისთვის,  რომ არ გართულდეს მდგომარეობა, მაგალითად: არ განვითარდეს ანემია ან ჰემორაგიული შოკი.

იუვენილური სისხლდენის თვითმკურნალობა აბსოლიტურად დაუშვებელია.  ამ დროს გოგონა გამოკვლეული უნდა იყოს არამხოლოდ ბავშვთა გინეკოლოგის, არამედ პედიატრის,  ენდოკრინოლოგის,  ინფექციონისტის მიერაც.

მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ იუვენილური სისხლდენა არ არის სხვა ორგანოების დაავადებების სიმპტომი,  ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გოგონას საერთო ჯანმრთელობას – როგორც ფიზიკურს ასევე ფსიქოლოგიურს.

მოზარდის ორგანიზმის გამოჯანმრთელების გარეშე სისხლდენის შეწყვეტა შეუძლებელია.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები