მშობიარობისშემდგომი არაინფექციური დაავადებები

მშობიარობის შემდგომი არაინფექციური დაავადებები

მშობიარობის შემდგომი არაინფექციური დაავადებები, ანემია, ჰიპოგალაქტია, სიმფიზიტი,  მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური დაავადებები,  მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული დარღვევები: შიხანის სინდრომი, ჩიარი-ფრომელის სინდრომი, იცენკო-კუშინგის სინდრომი. >>>

მშობიარობის შედგომი არაინფექციური დაავადებები – ანემია

მშობიარობის შედგომი არაინფექციური დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ანემია, რომელიც გვხვდება მელოგინეთა 20-30%-ში. ანემიის მიზეზი შესაძლოა ორსულობის პერიოდში დაწყებული ანემია, მშობიარობის  დროს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, არაბა­ლან­სირე-ბული კვება, ინფექციური გართულებები და სხვ. ანემიის დიაგნოზის დასმა ხდება  მშობიარობის შემდგომ სისხლში ჰემოგლობინის კონტროლისას. ანემიაზე  მიუთითებს  სისხლის დანაკარგის დიდი რაოდენობა და კანის საფარველის სიფერმკრთალე. მწვავე და მნიშვნელოვანი ანემიის დროს  ნაჩვენებია სისხლის შემცვლელების გამოყენება შემდგომი ჰემომასტიმულირებელი თერაპიით, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს რკინის პრეპარატებსაც. ზომიერი ანემიისას შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ჰემომასტიმულირებელი მკურნალობით (სორბიფერი, ფეროპლექსი, ფენიულსი და ა. შ.), რეკომენდირებულია ხორცეულის ჩართვა კვებით რაციონში.

მშობიარობის შედგომი არაინფექციური დაავადებები –  ჰიპოგალაქტია

ჰიპოგალაქტია ეწოდება  რძის გამომუშავების დაქვეითებას. ჰიპოგალაქტიის მიზეზებია: მემკვიდრული ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები (პროლაქტინის არასაკმარისი სეკრეცია,  ესტროგენების სიჭარბე და სხვა.) სხვადასხვა დაავადებების, ორსულობის გართულებების ან მშობიარობის შემდგომი ასთენიზაცია, არასრულფასოვანი კვება, არასაკმარისი ძილი და დასვენება, ძუძუთი კვების არარაციონალური რეჟიმი

მკურნალობა: სრულფასოვანი კვება და დასვენება, სტრესულ ფაქტორებზე თავის არიდება, ბავშვის ადრეული და რეგულარული მიყვანა ძუძუსთან. ლაქტაციის გამაძლიერებელი საშუალებების გამოყენება: აპილაკი, კალიუმის იოდიდი, პროლაქტინი, მამოფიზინი, სამკურნალო მცენარეების ნაკრები (ჭინჭარი, კამა, ცერეცო), ეფექტურია ასევე სარძევე ჯირკვლებზე.

მშობიარობის შედგომი არაინფექციური დაავადებები –  სიმფიზიტი

სიმფიზიტი ვითარდება ორსულობის პერიოდში გამოვლენილი ოსტეომალაციის  ფონზე, მშობიარობა განაპირობებს დაავადების გამწვავებას. მშობიარობის შემდეგ პირველი დღეს  ტკივილები ბოქვენის მიდამოში ასატანია, თუმცა თანდათან ტკივილის ინტენსივობა იმატებს და ნებისმიერი მოძრაობა უკვე ძლიერ ტკივილს იწვევს. ტკივილი შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა ძვლების მიდამოშიც, ასევე შეინიშნება შედარებით სუსტი ინტენსივობის ტკივილები კუნთებშიც. სიმფიზიტზე ეჭვის მიტანისას დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს მენჯის რღვევასთან, პერიტონიტთან.

სიმფიზიტის მკურნალობა: წოლითი რეჟიმი,  მკვრივი საწოლი, სრულფასოვანი კვება, დიდი რაოდენობით ცილების, კალციუმის, ფოსფორის, ვიტამინების  შემცველი საკვები, ინიშნება ანალგეტიკები, ანტიბიოტიკები, კალციუმის პრეპარატები (კალციუმის ქლორიდი ინტრავენურად, კალციუმის გლიცეროფოსფატი შინაგანი მიღებისათვის), ვიტამინები A, E, D, ადგილობრივად ულტრაიისფერი სხივების გამოყენება. აუცილებელია მენჯის ძვლების ირგვლის მჭიდრო ნახვევის გაკეთება.

ხანრძლივ წოლით რეჟიმს შესაძლოა მოყვეს სხვა მშობიარობის  შემდგომი  გართულებები, ამიტომ აუცილებელია სათანადო მოვლა და დროული პროფილაქტიკა ინფექციური გართულებების, საშვილოსნოს  სუბინვოლუციის, თრომბოემბოლიური დარღვევების, ნაწლავის ფუნქციის დარღვევა. რადგანაც მელოგინე ვერ უვლის ახალშობილს, საჭიროებს დახმარებას ბავშვის მოვლისას, მათ შორის  ძუძუთი კვების დროსაც.

მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური დაავადებები

მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური დაავადებები აღინიშნება შემდეგ შემთხვევებში: ადრე არსებული ფსიქიკური პათოლოგიის გამწვავება (მაგ. შიზოფრენია, მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობა, ეპილეფსია და სხვა.) ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალების  ბოროტად მოხმარება, ინფექციური დაავადებების გართულება. ფსიქიკური გართულებები განაპირობებს გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ, უკიდურესად მტკივნეულ მშობიარობას, ლოგინობის ხანის გართულებებს, ნაყოფის  პათოლოგიისა და სიკვდილს, დაუგეგმავ ორსულობას, სოციალურ და ფსიქიკურ პრობლემებს, ნარკოტიკული და ჰალუცინოგენური საშუალებების გამოყენებას. ფსიქიკური დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა ფსიქიატრის პრეროგატივაა, თუმცა მეანმა დროულად უნდა შეამჩნიოს ქალის ხასიათის ცვლილებები, დეპრესიის, გაღიზიანების, აგრესიის ნიშნები, არაადექვატური ქცევები, შიშები. მსგავსი ცვლილებების აღმოჩენისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მელოგინე უყურადღებოდ, დაცული უნდა იყოს მელოგინისა და ახალშობილის უსაფრთხოება (ინდივიდუალური პალატა, ქვედა სართული, ფანჯრებზე გისოსები). აუცილებელია მელოგინის კონსულტაცია ჯერ მეანის, შემდეგ ფსიქიატრის მიერ. ერთობლივად უნდა შემუშავდეს მკურნალობის ტაქტიკა. ფსიქიკური დაავადების გამწვავების დროს სასურველია ლაქტაციის შეწყვეტა.

მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული დარღვევები

შიხანის სინდრომი, მშობიარობის შემდგომი ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის უკმარისობა. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება მასიური სისხლდენის, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, თრომბოემბოლიური  გართულებების შედეგად, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის  უბნებში შესაძლოა აღინიშნებოდეს  ნეკროზული ცვლილებები, ამის გამო ირღვევა საკვერცხისა და საშვილოსნოს ფუნქციები. კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანების მასშტაბზე. დამახასიათებელი სიმპტომებია ასთენიზაცია, უკიდურესი სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, რაც გამოხატულია მშობიარობის შემდგომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხშირად აღინიშნება ინფექციური ხასიათის გართულებები, ანემია, ჰიპოგალაქტია. მოგვიანებით აღინიშნება მენსტრუალური ფუნქციის  დარღვევა (ჰიპომენსტრუალური სინდრომი და რიგ შემთხვევებში ამენორეაც კი), უნაყოფობა, ლიბიდოს დაქვეითება, თუმცა ამას მოგვიანებით ექცევა ყურადღება, მშობიარობიდან 6-8 თვის და შესაძლოა უფრო მეტი ხნის შემდეგაც. შიხანის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია წონის კლება კახექსიამდეც კი, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, ხშირი შემცივნება, თმის ცვენა, მეხსიერების გაუარესება, ატროფიული ცვლილებები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ, ჰიპოტონია და ბრადიკარდია. ასევე ირღვევა თირკმელზედა  და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები. იმუნური დაცვის დაქვეითების გამო ნებისმიერ ინფექციურ პროცესს მოსდევს მძიმე გართულებები. შიხანის სინდრომის დროს  შესაძლებელია ჰიპოპიტუიტარული კომის  განვითარებაც კი.

ჩიარი-ფრომელის  სინდრომი – ეწოდება ასევე ამენორეაგალაქტორეის სინდრომი. მშობიარობის შემდეგ ამენორეაც და გალაქტორეაც ნორმალურ მოვლენად ითვლება, პათოლოგიურია იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივზე მეტად ხანგრძლივდება, ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი, მას მერეც რაც ქალი შეწყვეტს ბავშვის ძუძუთი კვებას. ეს დაკავშირებულია პროლაქტინის ან  ლუთეოტროპული ჰორმონის ჭარბ სეკრეციასთან, ზოგ შემთხვევაში ჰიპოფიზის წინა წილის ადენომასთან. ამასთან აღინიშნება სასქესო ორგანოების ჰიპოტროფია და უნაყოფობა. ქალების უმრავლესობის შემთხვევაში შეინიშნება გესტოზის სიმპტომები, ასევე ხშირია კანზე სტრიების განვითარება.  წაშლილი ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს არა ამენორეა, არამედ ჰიპომენორეა და არ ხდება სარძევე ჯირკვლებში რძის სათანადო გამომუშავება, თუმცა ქალები უჩივიან სარძევე ჯირკვლის მიდამოში ტკივილს და დვრილზე ზეწოლისას სეკრეტის გამოყოფას. აღნიშნული მოვლენები შეინიშნება  ზოგჯერ მშობიარობიდან წლების შემდეგაც, რიგ შემთხვევებში მსგავს სიმპტომებს არანამშობიარები ქალები და გოგონებიც უჩივიან, ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის შედეგად. ბოლო დროს სინდრომის სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება პრეპარატები, პარლოდელი და ბრომოკრიპტინი, თუმცა წინასწარ ტარდება ჰიპოფიზის გამოკვლევა – თურქული კეხის რენტგენოლოგიური კვლევა, პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში და სხვა.

იცენკო-კუშინგის სინდრომი ვითარდება არამხოლოდ მშობიარობის შემდეგ, თუმცა სწორედ მშობიარობის შედეგად არცთუ იშვიათად აღმოცენდება მშობიარობის შემდგომი დიენცეფალური სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს იცენკო – კუშინგის დაავადების მსგავსად. მიზეზი შეიძლება იყოს გესტოზი, სისხლდენა, სეპტიური დარღვევები. ხშირად ყურადღებას იპყრობს მშობიარობის შემდგომი გაცხიმოვნება. გაცხიმოვნების შემთხვევაში, განსაკუთრებით რისკ ფაქტორების არსებობის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მელოგინის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მშობიარობის შემდგომი დიენცეფალური სინდრომის დროს ყურადღებას იქცევს მადის უზომო მომატება (ბულიმია), წყურვილის ძლიერი გრძნობა, პოლიურია. ასეთი ქალების გამოკვლევისას სისხლში აღმოჩნდება შაქარი. აღინიშნება ცხიმის არათანაბარი განაწილება, ძირითადად სხეულზე, შეიძლება მუცლის, ბარძაყის, სარძევე ჯირკვლების ან მხრის სარტყლის მიდამოში, კიდურები რჩება სუსტი, სახე იღებს მთვარის ფორმას, კანზე ვლინდება იისფერი სტრიები, ჰირსუტიზმი. ხშირია არტერიული წნევის მომატების ეპიზოდები, თავის ტკივილები, მენსტრუაციის დარღვევები. გამოკვლევისას ვლინდება ყველა ენდოკრინული ორგანოს მხრივ ცვლილებები. ზემოთ ჩამოთვლილი სინდრომები აღინიშნება არა მხოლოდ გართულებული მშობიარობისას, არამედ გართულებული აბორტის დროსაც. მეანმა დროულად უნდა მიიტანოს ეჭვი ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევებზე, რათა დროული მკურნალობით თავიდან იქნეს აცილებული სერიოზული გართულებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა