ორსულობა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია (ქალების 15-45%). უმეტეს შემთხვევაში  დაავადება ორსულობამდეა გამოვლენილი და ქალები ინფორმირებულნი არიან  დაავადების მიმდინარეობის, მკურნალობის მეთოდების შესახებ.   თუმცა ხდება ისეც, რომ  წაშლილი ფორმების დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა სწორედ ორსულობის დროს იჩენს თავს.

ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის მომატება, რაც განპირობებულია თირეოტროპული ჰორმონის, პლაცენტის  და ქორიონის (ქორიონული გონადოტროპინი) ჰორმონული აქტივობით.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები უკიდურესად მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან სწორედ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არიან პასუხისმგებელნი თავის ტვინის, სმენის ანალიზატორის, თვალების, ფილტვის ქსოვილის და სახის ჩონჩხის  სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთანაა დაკავშირებული ნერვული სტრუქტურების სრულყოფა, ნერვული დაბოლოებებისა და ნეირონთაშორისი კავშირების  ჩამოყალიბება. ორსულობის მთელ პერიოდში როგორც დედის, ისე ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის აქტივობა დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ აქტივობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება დაკავშირებულია იოდის რაოდენობასთან. ორსულობის დროს მატულობს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმა და შარდით გამოყოფა. იოდის არასაკმარისი ან ჭარბი მოხმარებისას თავს იჩენს დარღვევები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მხრივ, რაც უარყოფითად აისახება როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე, ვითარდება გულის მანკები, ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა, დაავადების მიმდინარეობის გაუარესება.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის არსებობისას აუცილებელია მთელი ორსულობის განმავლობაში ორსულზე მეანისა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად იკვლევენ სისხლში თირეოტროპული ჰორმონისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს.

განასხვავებენ ფარისებრი ჯირკვლის შემდეგ დაავადებებს; ჩიყვი, თირეოიდიტი, ჰიპერ- და ჰიპოთირეოზი.

ჩიყვი

ჩიყვისათვის დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რის ფონზეც აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის  ფუნქციის როგორც დაქვეითება, ასევე მომატება. ჩიყვის დროს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება  ან კვანძების წარმოქმნა. ჩიყვის მალიგნიზაცია წარმოადგენს ჩვენებას ორსულობის შეწყვეტისათვის. ორსულობის დროს ფიზიოლოგიურადაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება, თუმცა, მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა განსაზღვროს ნორმის ვარიანტია თუ პათოლოგია.

თირეოიდიტი

თირეოიდიტის დროს აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება და მტკივნეულობა, ტკივილი ყლაპვის დროს, ირადიაციით ყელის მიდამოში, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელი ცვლილებები სისხლის მხრივ და სხვა. თირეოიდიტის მკურნალობის მიზნით ინიშნება ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი და დეზინტოქსიკაციური, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოსაწესრიგებელი  საშუალებები. თირეოიდიტი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ან იმუნური სისტემის პათოლოგიური პროცესების შედეგი, ამიტომაც ორსულობისას მოსალოდნელია მთელი რიგი გართულებები.

ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი რაოდენობით, რაც თავის მხრივ დაკავშირებული შეიძლება იყოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის პათოლოგიასთან, იოდის მოხმარების დარღვევბთან. ჰიპერთირეოზისათვის დამახასიათებელია წონის კლება, მომატებული გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, ტაქიკარდია, გულის რიტმის ცვლილებები, ოფლიანობა, ხელების კანკალი. ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია მკვეთრად.

ჰიპერთირეოზის დროს ორსულობა უკუნაჩვენებია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულის მხრივ სერიოზული გართულებები. ჰიპერთირეოზის დროს მიმართავენ ოპერაციულ ან კონსერვატულ მკურნალობას ანტითირეოიდიული საშუალებებით.

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური ცვლის პათოლოგიით, იოდის მოხმარების დარღვევით. ხშირად ჰიპოთირეოზის დროს აღინიშნება უშვილობა ან მუცლის მოშლა.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას ორსულობის პერიოდში აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დანიშვნა. მძიმე მიმდინარეობისას ორსულობა უკუნაჩვენებია, მოსალოდნელია კომის განვითარება.

_____________________________________________

გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გადასვლა >>>>> 1.  მეანობა 2.  რა სჭირდება ორსულს? >>>>

..