ინსულინომა

ინსულინომა

ინსულინომა – ლანგერჰანსის კუნძულაკების ბეტა-უჯრედების სიმსივნეა, რომელიც იწვევს ინსულინის ჭარბ სეკრეციას, რაც კლინიკურად ვლინდება ჰიპოგლიკემიის სიმპტომებით. >>>>ჰიპერინსულინიზმი არის დაავადების ძირითადი პათოგენეზი. ინსულინი სეკრეტირდება მუდამ, ამ პროცესის რეგულაციის ფიზიოლოგიურ მექანიზმებთან კავშირის გარეშე. განვითარებადი ჰიპოგლიკემია, პირველ რიგში მოქმედებს ტვინის ფუნქციაზე, რადგან იქ არ არის ნახშირწყლების მარაგი და თავისუფლად მოცირკულირე ცხიმოვანი მჟავების რეზერვული გამოყენების შესაძლებლობა. თავის დიდი ტვინის ქერქის უჯრედებში გლუკოზის მიწოდების შეფერხებისას 5-7 წუთის განმავლობაში, წარიმართება შეუქცევადი ცვლილებები, კვდება ქერქის შედარებით დიფერენცირებული უჯრედები.

გლუკოზის დონის შემცირებისას ჩაირთვება კომპენსატორული მექანიზმები: გლუკონეოგენეზი, გლიკოგენოლიზი, კეტოგენეზი, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების მობილიზაცია. ამ პროცესში მონაწილეობს ინსულინის ჰორმონები-ანტაგონისტები: გლუკაგონი, ნორადრენალინი, კორტიზოლი და სომატროტროპული ჰორმონი.

ინსულინომის კლინიკა

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან პრევალირებს სიმპტომების ჯგუფი: ქცევის ხასიათი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა. ჰიპოგლიკემიის შეფარდებითი კომპენსაციისას ასევე არის ცენტრალური ნერვული სისტმის დაზიანების გამომსახველი სიმპტომები: მყესოვანი და პერიოსტალური რეფლექსების ასიმეტრია, პათოლოგიური რეფლექსების გარეშე პირამიდული უკმარისობის სიმპტომები, მეხსიერებისა და ინტელექტის დაქვეითება. მწვავე ჰიპოგლიკემიის შეტევა ძირითადად აღინიშნება დილის საათებში, როდესაც ავადმყოფი ,,ვერ იღვიძებს“. ეს  კავშირშია საკვების მიღებასთან ღამის შესვენებისას. განვითარდება ცნობიერების სხვადასხვა ხარისხოვანი დარღვევა, ეპილეპტიფორმული შეტევები, რომელიც ეპილეფსიისგან განსხვავდება ხანგრძლივობით, ჰიპერკინეზებით და ფართო ნეიროვეგეტატიური სიმპტომატიკით. გარდა ამისა, პიროვნების სპეციფიკური ეპილეპტიკური ცვალებადობა არ აღინიშნება.

შემთხვევათა რიგში ჰიპოგლიკემიის შეტევები თანდართულია  ფსიქომოტორული აგზნებით. პაციენტების ქცევა არაადეკვატურია, ზოგჯერ ისინი ჩადიან ანტისაზოგადოებრივ  ქმედებებს. მდგომარეობის პროგრესირება მთავრდება ცნობიერების ღრმა დარღვევით. ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიყვანოთ პაციენტი, საჭიროა 20-40%-ანი გლუკოზის შიდავენური შეყვანა. თუ არ გავუწევთ პაციენტს ასეთ დახმარებას, ჰიპოგლიკემიური კომა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. შეტევის შემდეგ ავადმყოფებს ჩვეულებრივ არაფერი არ ახსოვთ(რეტროგრადული ამნეზია).

ინსულინომის დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ანამნეზს-შეტევის კავშირი კვების მიღების შეწყვეტასთან ან დილის საათებში ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ გადაღლას, ქალებში მენსტრუალური ციკლის დროს. ადრე ითვლებოდა რომ, ინსულინომისთვის დამახასიათებელია შიმშილის მუდმივი შეგრძნება, თუმცა ასეთი შთაბეჭდილება იქმნება დაავადებულის ქცევიდან გამომდინარე. პაციენტებს ხშირად  დააქვთ თან ტკბილეულობა წამლის ნაცვლად. განსაკუთრებული საკვების მოთხოვნილება არ აღინიშნება. ინსულინომის გამოკვლევის ფიზიკალური მეთოდი, ახალწარმონაქმნის მცირე ზომის გამო, ნაკლებადაა ინფორმაციული. შეიძლება ტოლბუტამიდის სინჯის გამოყენება, რომელიც ინტრავენურად შეყვანისას 20-30 წუთის შემდეგ 50%-ზე მეტად ამცირებს გლიკემიის დონეს, მაშინ როდესაც ჰიპოგლიკემიის სხვა გენეზის დროს ის 50%-ს არ აღემატება. სინჯის მსვლელობისას საჭიროა გლუკოზის დონის რეგისტრირება ყოველ 15 წუთში. კარ გად გამოხატული ჰიპოგლიკემიის დროს შეჰყავთ 20-40%-იანი გლუკოზის ხსნარი.

ინსულინომის მკურნალობა

ინსულინომის მკურნალობის რადიკალური მეთოდია ოპერაცია. კონსერვატული  თერაპია მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია ჰიპოგლიკემიის პროფილაქტიკისაკენ  (უფრო ხშირი კვება, დიაზოქსიდის მიღება, რომელიც აბრკოლებს სიმსივნური უჯრედებით ინსულინის სეკრეციას), ასევე თვით სიმსივნის პროფილაქტიკა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები