ლიპომა

ლიპომა – სიმსივნე, ცხიმოვანი ქსოვილისგან აშენებული ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის განშრევების არსებობით. ჩვეულებრივ აქვს კარგად გამოხატული კაფსულა.

ლიპომა ძირითადად მდებარეობს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ქვეშ, ბეჭებზე, კიდურებზე, მუცლის უკანა სივრცეში, გულმკერდში და სხვა. ლიპომა შეიძლება იყოს ერთეულებით ან მრავალრიცხოვანი. ხშირად აღინიშნება ქალებში. ზრდა კეთილთვისებიანია, ზოგჯერ სიმსივნე აღწევს დიდ ზომებს. მკურნალობა – ოპერაციული.


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიპომა – lipoma ცხიმოვანი ქსოვილიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. ლოკალიზდება უპირატესად  კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, შემოსაზღვრულია შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით. ლიპომებს გააჩნიათ ნორმალური კანის ფერის, ნახევარრკალისებური, შეხებით რბილი კვანძების შესახედაობა, რომლებმაც სიდიდით შეიძლება მიაღწიონ ბავშვის თავის ზომას. არც თუ იშვიათად ლიპომები ინფიცირდებიან, იშვიათად ხდება მათი გამეჩხერება. ლიპომა (ქირურგ.) ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე. გასინჯვით სიმსივნის ზედაპირი სწორია, თანაბარი, ზოგჯერ წილაკოვანი შენების. სიმსივნე ნელა იზრდება და შეიძლება მიაღწიოს დიდ ზომებს. მკურნალობა. მცირე ზომის ლიპომები ავადმყოფებს არანირ უსიამოვნო შეგრძნებებს არ ანიჭებენ. დიდი ლიპომები, რომლებიც განლაგებულია სხეულის ღია ნაწილებზე და იწვევენ კოსმეტიკურ დარღვევებს, ადვილად მოსაშორებელია ოპერაციული გზით. (2)