პარაპროტეინემიური ლეიკოზები

პარაპროტეინემიური ლეიკოზები

მიელომური დაავადება

პარაპროტეინემიური ლეიკოზების ჯგუფს მიეკუთვნება B-ლიმფოციტების სიმსივნეები. სიმსივნური უჯრედები ასინთეზებენ ერთგვაროვან იმუნოგლობულინებს ან მათ ფრაგმენტებს, ე.წ. პათოლოგიურ იმუნოგლობულინები. უფრო მნიშვნელოვანია მიელომური დაავადება. უფრო ხშირად მიელომური დაავადება აღინიშნება 45-60 წლის ასაკში. ერთნაირად ავადდებიან როგორც კაცები ისე ქალები. >>>>

მიელომური დაავადება – პათოლოგიური ანატომია

ელენთაში, ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ლიმფურ კვანძებში აღინიშნება მიელომური მეტასტაზები. თირკმელებში ვითარდება ნეფროზი, სკლეროზი. აღინიშნება მიოკარდისა და ფილტვების შეშუპება. ფილტვებში და თირკმელებში აღინიშნება პნევმონიის და პიელონეფრიტის მსგავსი ანთებითი ცვლილებები. ორგანოებში ჩალაგდება კირი, ასევე სახეშეცვლილი ცილა-ამილოიდი.

მიელომური დაავადება – კლინიკური სურათი

მიელომური დაავადების მიმდინარეობაში აღინიშნება ორი ფაზა. პირველი ფაზის დროს სისხლის მაჩვენებლები უცვლელია, ძვლები არ იშლება ან იშლება ნელა, პათოლოგიური იმუნოგლობულინების დონე არც თუ ისე მაღალია, შედარებით კეთილთვისებიანია. მეორე ფაზა-ავთვისებიანია. მეორე ფაზის დროს მატულობს ძვლების დაშლა, შინაგან ორგანოებში ჩნდება მეტასტაზები, პათოლოგიური იმუნოგლობულინების რაოდენობა მატულობს. დესტრუქციული პროცესები პირველ რიგში წარიმართება ბრტყელ ძვლებში (ნეკნები, თავის ქალას და ხერხემლის ძვლები, ზოგჯერ ბეჭისა და ბარძაყის ძვლების შუა ნაწილებში. ძვლებში წარმოიქმნება გლუვკედლიანი, შტამპოვანი დეფექტები. ძვლები მსხვრევადია, ხშირია მოტეხილობები. ავადმყოფთა ნაწილში დიდდება ღვიძლი და ელენთა, აღნინიშნება თირკმლების  უკმარისობა, რომელიც დაავადებულთა სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ლორწოვან გარსს ახასიათებს მომატებული სისხლდენა. სისხლში კალციუმის მომატებული რაოდენობა იწვევს გულისრევას, ღებინებას, ძილიანობას, ორიენტაციის უნარის დაქვეითებას, ზოგჯერ აღინიშნება ფსიქოლოგიური დარღვევები, კომა.

მიელომური დაავადება – სისხლის სურათი

დაავადების პროგრესირების ხარისხის მიხედვით სისხლში ვითარდება ანემია, ლეიკოციტების რიცხვი კლებულობს, მონოციტების და ეოზინოფილების რაოდენობა მატულობს. პათოლოგიური იმუნოგლობულინები დგინდება  ავადმყოფის სისხლის შრატში და შარდში ელექტროფორეზით. ძვლის ტვინში მიელომური (პლაზმური) უჯრედების სიჭარბეა.

მიელომური დაავადება – მიმდინარეობა

დაავადებულთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2-5 წელს, განუკურნებულთა-7-13 თვე, სიკვდილი დგება საერთო ინტოქსიკაციის ან ურემიის შედეგად.

მიელომური დაავადება – დიაგნოზი

დგინდება ტიპიური კლინიკური სიმპტომების საფუძველზე (ძვლოვანი ქსოვილის, სისხლმბადი და შარდგამომყოფი სისტემის დაზიანება), ძვლების რენტგენოგრაფიის, ჰიპერპროტეინემიის, ძვლოვან-ტვინოვანი პუნქციით ტიპიური მიელოიდური უჯრედების აღმოჩენის საფუძველზე.

მიელომური დაავადება – დიფერენციული დიაგნოზი

ძვლების ტკივილი უნდა დიფერენცირდეს რევმატიზმულ ტკივილებთან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები