სინოვიომა

სინოვიომა

სინოვიომა (synovioma; ანატ. (membrana) synovialix  სინოვიალური გარსი) – სიმსივნე, რომელიც წარმოქმნილია სახსრების სინოვიური გარსიდან, სინოვიური ბუდიდან და სასახსრე აბგიდან.  განარჩევენ კეთილთვისებიიან და ავთვისებიან სინოვიომას. >>>>

კეთილთვისებიანი სინოვიომა (სახსრების ფიბროენდოთელიომა,  სინოვიალომა, სინოვიოენდოთელიომა, გიგანტურუჯრედოვანი სინოვიომა, კვანძოვანი ტენდოსინოვიტი) იშვიათია, ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ძირითადად 20-40 წლის ასაკში. ლოკალიზდება ძირითადად თითების ძვლების მიდამოში და დაკავშირებულია სინოვიალურ ბუდესთან. მაკროსკოპულად ჰგავს მკვრივი კონსისტენციის კვანძოვან-წილოვან, ნაწილობრივ ინკაფსულირებულ წარმონაქმნს დიამეტრით 1-2 სმ. განაკვეთზე ნაცრისფერია, არც თუ ისე იშვიათად მოყვითალო უბნებით (ლიპიდების ჩანართების ხარჯზე) ან მუქი ფერისაა (ჰემოსიდერინის გროვების გამო). მიკროსკოპულად წარმოდგენილია ფიბრობლასტური ელემენტებით, რომელიც განლაგებულია ჰიალიზინირებულ უხეშძარღვოვან სტრომაში, რომელშიც ასევე აღინიშნება ოსტეოკლასტების, ქსანთომური უჯრედების, ჰემოსიდეროფაგების გროვების  ტიპის გიგანტური მრავალბირთვული უჯრედები. კლინიკური გამოვლინებები ღარიბია. ჩვეულებრივ სიმსივნე ნაკლებმტკივნეულია, ფუნქციური დარღვევები არ აღინიშნება. მკურნალობა ოპერაციულია-სიმსივნის ფართო ამოკვეთა. პროგნოზი, როგორც წესი კეთილსაიმედოა. დაავადებულთა 17-43%-ში აღინიშნება რეციდივები. აღწერილია მალიგნიზაციის შემთხვევები.

ავთვისებიანი სინოვიომა (სინოვიალური სარკომა, სინოვიალური სარკოენდოთელიომა, სინოვიალური სარკომეზოთელიომა) ხშირად აღინიშნება 20-40 წლის ასაკში, უმეტესწილად მამაკაცებში. შემთხვევათა დაახლოებით 70%-ში წარმოიქმნება ქვედა კიდურებზე, გარკვეულწილად მუხლის სახსრის მიდამოში, იშვიათად აზიანებს იდაყვის სახსარსა და მტევნის სახსარს.

სიმსივნე ჩვეულებრივ დიდი ზომისაა (10სმ-ზე მეტი დიამეტრით), აქვს უფორმო,  შემოსაზღვრული მასის შესახედაობა, ხშირად შემოსაზღვრულია ფსევდოკაფსულით. განაკვეთზე სიმსივნე ერთგვაროვანია, რბილ-ელასტიკური კონსისტენციისაა, ძვლოვანი და ხრტილოვანი უბნებით, კალციფიკატებით და კისტებით, ცრემლისმაგვარი და ჰემორაგიული სითხით ავსებული. ჰისტოლოგიურად სიმსივნე ძირითადად წარმოდგენილია ფიბრობლასტურმაგვარი და ეპითელოიდურმაგვარი უჯრედებით. დამახასიათებელია ჯირკვლების მსგავსი სტრუქტურების არსებობა, ასევე ეოზინოფილური მუცინისმაგვარი ნივთიერებით შევსებული ხვრელების არსებობა, რომელიც ხშირად შეიცავს ჰიალურონის მჟავას. არის ჰიალინოზის უბნები, რომელშიც კუნძულების მსგავსად განლაგებულია სიმსივნური უჯრედები, ოსიფიკაციის და პეტრიფიკაციის კერები, ასევე ხრტილი და მყესის მსგავსი სტრუქტურები. ავთვისებიანი სინოვიომის მიმდინარეობა სხვა რბილი ქსოვილების სარკომებისგან განსხვავდება ხანგრძლივი ფარული პერიოდით (2 წლამდე). შემდგომში წარმოიქმნება ტკივილები, სახსრის შესივება, ფუნქციური დარღვევები არ აღინიშნება ან მინიმალურია. სიმპტომატიკა შეიძლება დაკავშირებული იყოს სიმსივნის ნერვზე ზეწოლით ან ჩაზრდით და ძვლების დაზიანებით. მეტასტაზირება ხშირად ჰემატოგენურია, იშვიათად ლიმფოგენური.

სიმსივნის ლოკალიზაციას, მის ზომებს, გავრცელების ხარისხს არკვევენ რენტგენოგრაფიით, ტომოგრაფიით, ანგიოგრაფიით და რენტგენოლოგიური გამოკვლევის სხვა მეთოდებით. სიმსივნური კვანძი ხშირად ერთია, და ლოკალიზდება სახსრის სიახლოვეში, იშვიათად მის სიშორეს, აქვს მომრგვალო ან ოვალური ფორმა, ექსპანსიური ზრდისას მკვეთრი სწორი ან პოლიციკლური კონტურებით, მეზობელ ქსოვილებში ჩაზრდისას და სიმსივნის რეციდივის დროს კონტურები არამკვეთრია. სიმსივნური კვანძის ფონზე აღინიშნება ჩანართები-მცირე კალცინატები, იშვიათდ გაძვლოვანების მსხვილი ჰომოგენური უბნები. დაავადებულთა ნახევარში აღინიშნება მიმდებარე ძვლებში მეორადი ცვლილებები-ზეწოლითი ატროფია, ძვლების მოღუნვა, მათი ლიტიური დესტრუქცია დაშლამდე. სახსრის კაფსულისა და მყესების მიერთების ადგილზე წარმოიქმნება ძვლოვანი ნახაზები მკვეთრი კონტურებით. ანგოგრაფიისას აღინიშნება სიმსივნის პათოლოგიური ჰიპერვასკულარიზაცია, რომელიც დამახასიათებელია რბილი ქსოვილების ავთვისებიანი წარმონაქმნებისთვის.

მკურნალობა ოპერაციულია: ტარდება სიმსივნის ფართო ამოკვეთა, ან კიდურის ამპუტაცია. შემთხვევათა უმრავლესობაში მიმართავენ სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები