კანის დისქრომიები

კანის დისქრომიები

კანის დისქრომიები (ბერძნულად: ქრომა – ფერი, შეფერილობა) – წარმოადგენს კანის შეფერილობის ცვლილებებს. კანის პიგმენტაცია განპირობებულია ოთხი სახის პიგმენტის არსებობით: ყავისფერი – მელანინი, რომელიც ძირითადად ლაგდება ეპიდერმისის ბაზალურ შრეში, ყვითელი – კაროტინი, გვხვდება ეპიდერმისის კაროტინოციტებში, წითელი – ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინი, აღმოჩენილია კანის კაპილარების ჰემოგლობინში და ლურჯი – აღდგენილი ჰემოგლობინი – გვხვდება კანის ვენულებში. ზოგიერთი ავტორი გამოყოფს მეხუთე პიგმენტს – მელანოიდს, რომელიც არის მელანინის დაშლის პროდუქტი.

კანის დისქრომიის მიზეზიები მრავალრიცხოვანია. ყველაზე ხშირად ისინი გამოწვეულია მელანინის მოჭარბებული ან არასრულფასოვანი გამომუშავებით, უფრო იშვიათად კი – კანში სხვა პიგმენტების განლაგების სიმცირით (მაგ., კაროტინი, ჰომოსიდერინი, ბილირუბინი), ასევე გარედან მიღებული სხვადასხვა ნივთიერებების ზემოქმედებით (ქვის მტვრის ნაწილაკები, საღებავი ნივთიერებები და სხვ.).

კანის დისქრომია შესაძლოა იყოს შეძენილი (მაგ., ჰომოსიდერული, კაროტინული) ან თანდაყოლილი (ალბინიზმი და სხვ.). კანის შეძენილი დისქრომიები იყოფა პირველადად, რომელიც ვითარდება შეუცვლელ კანზე და მეორადები. კანის პირველადი დისქრომიები შესაძლოა იყოს თავისთავად განვითარებული დერმატოზები, მაგალითად, ვიტილიგო, ქლოაზმა, ან ზოგადი დაავადებების სიმპტომი, მაგალითად ლეიკოდერმა სიფილისი დროს. ქლოაზმა – კანის ჰიპერპიგმენტაცია მოყვითალო-მოყავისფრო, არასწორი კონტურის მქონე  ლაქების სახით უხშირესად ლოკალიზდება სახეზე. გვხვდება, როგორც წესი, ქალებში ორსულობის დროს კლიმატურ პირობებში ან იმ პირებში, რომელთაც დარღვეული აქვთ საკვერცხეების ფუნქცია. ლეიკოდერმის დროს პიგმენტაციის დარღვევა დაკავშირებულია მელანინის რაოდენობის შემცირებასთან, ან მათ სრულ გაქრობასთან. გამოვლინდება მრავლობითი მომრგვალო ფორმის,მცირე ზომის დეპიგმენტირებული ლაქების სახით. სიფილისური ლეიკოდერმა გვხვდება სიფილისის მეორე პერიოდის დროს (კისრის კანზე, იშვიათად ზურგზე ჭუჭყიან-მონაცრისფრო ჰიპერპიგმენტაციის ფონზე ვითარდება რკინის მონეტის ზომის მოთეთრო ლაქები – ვენერას ყელსაბამი). პროფესიული ან წამლისმიერი ლეიკოდერმა ვითარდება ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების ან წამლების ზემოქმედებისას (მაგალითად, ფურაცილინის ხანგრძლივი მიღებისას). მეორად დისქრომიებს მიეკუთვნება ადრე არსებული სხვადასხვა დერმატოზების ადგილას წარმოქმნილი ცვლილებები (ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი და სხვ.) დე- და ჰიპერპიგმენტაციის სახით.

კანის დისქრომიები ხასიათდება კანის შეფერილობის გაძლიერებით (ჰიპერქრომია ან ჰიპერპიგმენტაცია), შემცირებით (ჰიპოქრომია, ან ჰიპოპიგმენტაცია) და სრული გაქრობით (აქრომია ან დეპიგმენტაცია). კანის დისქრომიის არსებობის ხანგრძლივობა განპირობებულია მისი გამომწვევი მიზეზიდან. თანდაყოლილი დისქრომიები მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებობს (ალბინიზმი, პიგმენტური ნევუსი), ხოლო შეძენილი დისქრომიები შესაძლოა გაქრეს დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გამომდინარე მიზეზისა.

განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მელანინური გენეზის ჰიპერქრომიები, რომლის დროსაც ადგილი აქვს კანის მოყავისფრო შეფერილობას ღიადან მუქამდე, თითქმის შავამდე. აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით; კანზე ვითარდება თანაბარი ჰიპერპიგმენტაცია (ნამზეური). ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული და ხანგრძლივი ზემოქმედებისას ზოგიერთი პროფესიის ადამიანებს (მეზღვაური, მიწის მუშაკები) უვითარდებათ შეხებისას უხეში და ჰიპერპიგმენტირებული, ე.წ. ,,მეზღვაურის კანი“. მელანოგენეზის ზოგერთი რგოლის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მელანინური ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია კანში მიკროელემენტების ცვლილებები (სპილენძი, გოგირდი, რკინა), ამინომჟავების ცვლა, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება (ჰიპოფიზი, თირკმელზედა, ფარისებრი, სასქესო ჯირკვლები), ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სხვა ორგანოებისა და ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილის მხრივ გამოვლენილი დარღვევები. პიგმენტური ცვლის თანდაყოლილი დარღვევების შედეგად ვითარდება ჭორფლები – წვრილი ღია-მოყვითალო ან მუქი-ყავისფერი არასწორი ფორმის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ერთიანდება. როგორც წესი განლაგდება ცხვირზე, ლოყებზე, შუბლზე, იშვიათად კი ზემო კიდურებზე, ზურგსა და მკერდზე.

გავრცელებული დიფუზური მელანინური ჰიპერქრომია ვითარდება მელანოზის, იცენგო-კუშინგის, ადისონის დაავადების, ჰიპოფიზარული უკმარისობის, ჰიპერკორტიციზმის (განპირობებული კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებული მიღებით), ქრონიკული ინფექციების, პარაზიტარული დაავადებების, ურემიის, სისხლის დაავადებების, პორფირინული ცვლის დარღვევისა და პელაგრის დროს.

კანის გავრცელებული არათანაბარი ჰიპერქრომია დამახასიათებელია ლეიკოდერმიისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში ის შესაძლოა განპირობებული იყოს ინტოქსიკაციით, ზოგიერთი სამკურნალწამლო საშუალების ხანგრძლივი მიღებისას (ანტიპირინი, ატოფანი, სულფანილამიდი). შემოსაზღვრული მელანინური ჰიპერქრომიები ჩნდება ჭორფლების, ქლოაზმების, ლენტიგოს, პიგმენტური ნევუსების, დიუბრეას მელანოზების, პეიტც-ეგერსის სინდრომისა და მასტოციტოზის დროს.

ჰომოსიდერული ჰიპერქრომიისას განარჩევენ მოყავისფრო-მოწითალო ან მდოგვისფერ-მოყვითალო ფერის კანის უბნებს, რაც დაკავშირებულია კანში რკინისშემცველი პიგმენტ ჰომოსიდერინის დაგროვებით, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინისგან კანში სისხლჩაქცევის შედეგად. ტანის მოლურჯო ელფერი, რომელიც განპირობებულია ჰემოგლობინის ჟანგბადით არასაკმარისი გაჯერებისას, გვხვდება სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებისას, მეტჰემოგლობინემიისას და სხვ.

კაროტინული ჰიპერქრომია, ანუ კანის აურანთიაზი, გამოწვეულია ვიტამინ А-ს ბიოლოგიურად აქტიური წინამორბედის – კაროტინის მომატებული დაგროვებით სისხლის შრატში და კანის ეპიდერმისის გარქოვანებულ შრეში. გამოწვეულია საკვებად კაროტინის შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მოხმარებისას (ფორთოხალი, სტაფილო, გოგრა და სხვ.). სახის კანი, ხელისგულები, ფეხისგულები და შემდეგში სხეული დასაწყისში იძენს ყვითელ, მოგვიანებით კი ინტენსიურ-სტაფილოსფერ ფერს; ამ დროს ლორწოვანი გარსები შეუფერავი რჩება.

ბილირუბინული ჰიპერქრომია განპირობებულია კანში ყვითელი პიგმენტის – ბილირუბინის დაგროვებით, ახასიათებს კანის მოყვითალო შეფერილობა, ამასთანავე იღებება ლორწოვანი გარსებიც. კანის ფერის მნიშვნელოვანი ცვლილებები გვხვდება სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს, მაგალითად ქსანთომატოზის დროს ქოლესტერინის დაგროვებისას, ამილოიდის დაგროვებისას ამილოიდოზების დროს და სხვ.

ჰიპერქრომია შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარეგანი ნივთიერებებით. მაგალითად, კანის ანთრაკოზი გამოწვეულია ჩაფლული ნახშირის ნაწილაკებით, ტატუირება – კანში საღებავი ნივთიერებების შეყვანის გზით. კანის არგირია ვითარდება იმ პირებში, რომლებსაც კონტაქტი აქვთ ვერცხლის მეტალთან, ვერცხლის ნიტრატთან (ლაპისთან); ამ დროს ვერცხლი ხვდება ორგანიზმში კანიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სასუნთქი სისტემებიდან და კანი, განსაკუთრებით კი სახისა და ხელის, იძენს ლურჯ შეფერილობას მოცისფრო ელფერით.

კანის ჰიპოქრომია და აქრომია განპირობებულია მელანინის არასაკმარისი, ან მისი გამომუშავების შეწყვეტისას. ის შეიძლება იყოს გენერალიზებული (ალბინიზმი) ან ლოკალური ცალკეული დეპიგმენტირებული ლაქების სახით. აქრომის შესაძლოა გამოვლინდეს კეთრისას, სიფილისისას, დროებით შეიძლება განვითარდეს ფსორიაზის დროს გამონაყარი ელემენტების გაწოვისას, ნეიროდერმიტისას და სხვა დერმატოზებისას; ამ მდგომარეობას უწოდებენ ფსევდოლეიკოდერმიას. აქრომია შესაძლებელია განვითარდეს ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებასთან კონტაქტის ადგილას (თიოურაცილი, ჰიდროქინონი და სხვ.), ასევე გამოვლინდეს А ვიტამინის არასაკმარი რაოდენობისას, რომელსაც ეწოდება ე.წ. კისრის ფსევდოატროფოდერმა – კანის იშვიათი დაავადება დეპიგმენტირებული ლაქების სახით კისრის კანსა და მკერდის ზედა ნაწილებში მოჭმუხნული ზედაპირით, რომელიც ტოვებს ატროფიულ შთაბეჭდილებას; უმეტესწილად გვხვდება ქალებში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988