კვაშიორკორი

კვაშიორკორი

კვაშიორკორი (განის ენის თარგმანით „წითელი ან ოქროსფერი ბიჭი“) ვითარდება ბავშვებში არასწორი კვებისას,  რომელიც იწვევს  ცილა- კალორიულ უკმარისობას. უპირატესად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში; ავადდებიან 5 წლამდე ბავშვები. როგორც წესი, ბავშვები ავადდებიან  ძუძუთი კვებიდან მოცილების შემდეგ.

ეტიოლოგია

 კვაშიორკორის  განვითარების მიზეზია ბავშვის ორგანიზმში საკვები ნივთიერებების არასაკმარისი შესვლა,  განსაკუთრებით ცილების ან შეუცვლელი  ამინომჟავების კომპონენტების უკმარისობა.

პათოგენეზი

კვაშიოკორის  დროს  ბავშვის ორგანიზმში ვითარდება  ორგანიზმის  საშენი ნივთიერებების  უკმარისობა რაც იწვევს აზოტოვან დისბალანსს და ბავშვის ზრდა-განვითარების მნიშვნელოვან ჩამორჩენას

პათოლოგიური ანატომია

შინაგანი ორგანოების ატროფია, ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია.

კლინიკური სურათი

ზრდა-განვითარების შეფერხება, შეშუპება, ღებინება, დიარეა, ანორექსია , კუნთოვანი დისტროფია, კანის ჰიპერპიგმენტაცია და აქერცვლა (ტანსაცმელის ხახუნის ადგილები) შემდგომი დეპიგმენტაციით, ხოლო  თანდათან პროცესი განიცდის გენერალიზაციას. მუქი თმები დეპიგმენტაციის გამო შეიძლება გახდეს წითელი და მოწითალო-ნარინჯისფერი. იმუნიტეტის დაქვეითება ხელს უწყობს მეორადი ინფექციების თანდართვას.  ხშირად ვითარდება ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა კომის განვითარებამდე და ლეტალურ გამოსავლამდე.

დიაგნოსტიკა

 კვაშიოკორის დაიგნოსტიკაში  წამყვანი ადგილი უჭირავს ანამნეზურ მონაცემებს( ძუძუთი კვებისგან ბავშვის მოშორება, კვების უკმარისობა), კლინიკურ სიმპტომებს (კანის ფერის, თმების ცვლილებები, ზრდის შეფერხება, დისტროფიული მოვლენები, შეშუპება  დაა.შ.), ლაბორატორიულ მაჩვენებლებს( ჰიპოალბუმინემია, სისხლში გლუკოზის, ჰემოგლობინის, კალიუმის, მაგნიუმის დონის დაქვეითება, ზრდაში ჩამორჩენის მიუხედავად სომატოტროპული ჰორმონის სისხლში მომატებული კონცენტრაციისა და ა.შ.). დიფერენციულ დიაგნოსტიკას ატარებენ პელაგრასა და დერმატიტთან.

მკურნალობა

 კვაშიოკორის დროს ბავშვებს სტაციონარში  უნიშვანენ ცილებითა და კალორიებით მდიდარ საკვებ რაციონს, აუცილებლად ატარებენ ვიტამინოთერაპიას (ვიტამინი A და B ჯგუფის ვიტამინები). გართულებების, მეორადი ინფექციების  დროს ნიშნავენ ანტიბიოტიკოთერაპიას.

პროგნოზი

დროული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში კვაშიოკორის პროგნოზი სასიკეთოა.

პროფილაქტიკა

 პირველი წლის განმავლობაში  ბავშვის დროული და ადექვატური კვება, ძუძუთი კვების შეწყვეტის  შემთხვევაში რძის შემცველი პროდუქტების ჩართვა საკვებ რაციონში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..