ლენტიგო

ლენტიგო

ლენტიგო (ლათ.lentigo – მუხუდოსებური ლაქოვანება, ჭორფლი) – კეთილთვისებიანი პიგმენტური ლაქებია, რომელიც განპირობებულია მელანინის პიგმენტის დაგროვებით ეპიდერმისის ბაზალურ შრესა და დერმის ქრომატოფორებში. მიეკუთვნება ნევუსების ჯგუფს. ისინი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი, მათ შორის გენეტიკურად განპირობებული, ან შეძენილი.

ლენტიგო წარმოადგენს 1,5-2,0 სმ დიამეტრის მქონე მომრგვალო ან წაგრძელებული ფორმის მრავლობით პიგმენტურ ლაქებს, რომელთაც აქვთ მოყვითალო ან მუქი-მოშავო ფერი. ისინი ბრტყელია უპირატესად, თუმცა შესაძლოა წამოწეულიც იყოს კანის ზედაპირიდან. თანდაყოლილ ლენტიგოს აქვს დიდი ზომები. მალიგნიზაცია ხდება უკიდურესად იშვიათ შემთხვევბში და ამ დროს ადგილი აქვს ხოლმე ქავილს, აქერცვლას, გაწითლებას, ზომაში მატებასა და ლენტიგოს ფერის ცვლილებას. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმატიზაცია.

ლენტიგოს გავრცელებული ფორმები არც თუ იშვიათად იწოდება, როგორც ლენტიგინოზი. თანდაყოლილი ლენტიგინოზი გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტური ტიპით და ახასიათებს ბავშვის კანზე (სახის გამოკლებით) მრავლობითი წვრილი, ყავისფერი ლაქების გაჩენა. კანის დაზიანებები თან ახლავს განვითარების ანომალიებს (თანდაყოლილი სიყრუე, გულის მანკი, ხერხემლის არხის გაფართოება და სხვ.). ყველაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს პერიორიფიციალურ ლენტიგინოზს, რომლის დროსაც დაბადებისთანავე, ან ოდნავ მოგვიანებით ჩნდება წვრილი, მრავლობითი პიგმენტური ლაქები ტუჩებზე, პირის გარშემო, პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე და ასევე უკანა გასავლის მიდამოში. 10-30 წლისათვის პაციენტებს უვითარდებათ ნაწლავის პოლიპოზი (უხშირესად წვრილი ნაწლავის), კუჭის პოლიპოზი, რომელიც მიდრეკილია მალიგნიზაციისაკენ (პეიტც-ეგერს-ტურენის სინდრომი).

შეძენილი ლენტიგინოზი ვითარდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ასევე მოხუჩებულთა ასაკში.

გაურთულებელ შემთხვევებში მკურნალობა არ ტარდება. გამონაყარი ელემენტი, რომლის ტრავმირებაც მოხდა, უმჯობესია ამოიკვეთოს ქირურგიული გზით ან ჩატარდეს ლაზერული ან კრიოდესტრუქცია. პეიტც-ეგერს-ტურენის სინდრომის დროს პოლიპოზის ოპერატიული მკურნალობა იწვევს ლენტიგოს რეგრესირებას.

პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. მალიგნიზაციის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია პაციენტებმა თავი აარიდონ ლენტიგოს ელემენტების  ინსოლაციასა და ტრავმატიზაციას. პირველადი პროფილაქტიკა შემუშავებული არაა.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლენტიგო – (lentigo; ლათ. Lens ოსპი) ბრტყელი ან ოდნავ შემაღლებული, მუქი მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი, რომლის სიდიდე არ აღემატება ოსპის მარცვალს; ყველაზე ხშირად აღინიშნება სახეზე, კისერსა და ზედა კიდურებზე.