ლივედო

ლივედო

ლივედო (ლათ.livedo სილურჯე) – კანის პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება არათანაბარი მოლურჯო შეფერილობის, ბადისებური ან განტოტვილი კერების არსებობით, რომელშიც გამოსჭვივის პასიური ჰიპერემიის სტადიაზე მყოფი სისხლძარღვები.

განარჩევენ ლივედოს რამოდენიმე კლინიკურ ვარიანტს.

Livedo racemosa შესაძლოა განვითარდეს სისტემური წითელი მგლურას დროს, კვანძოვანი პერიართრიტისას, დერმატომიოზიტის დროს, ინდურაციული ერითემისას, სიფილისის დროს (განსაკუთრებით მესამე პერიოდისას და თანდაყოლილი ფორმის დროს), ტუბერკულოზის, დიზენტერიის, მალარიის, ქრონიკული ტონზილიტის, ქრონიკული ინტოქსიკაციებისას (ალკოლიზმი), სიმსივნეების, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, არტერიოსკლეროზის და გულის შეტევის დროს. კანის დაზიანებული ადგილის ჰისტოლოგიური კვლევისას აღინიშნება არტერიოლების შიგნითა შრის უჯრედების, კანის ზედაპირული ვენებისა და კანქვეშა უჯრედისის პროლიფერაცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სისხლძარღვების სანათურის ობლიტერაცია, პერივასკულარული ინფილტრაცია და დერმის ფიბროზი. კლინიკურად გამოვლინდება კიდურების გამშლელ ზედაპირებსა და დუნდულებზე განტოტვილი, მოლურჯო-მოწითალო ლაქების არსებობით, რომელთაც არ ახასიათებთ აქერცვლა. წლების განმავლობაშ ისინი არ იცვლება, არ ქრება სითბოს ზემოქმედებისას და გაცივების შემთხვევაში უფრო შესამჩნევი ხდება. დაზიანების ზონაში შესაძლებელია კანის ნეკროზი და დაწყლულება. ლივედოს ვხვდებით თითქმის მხოლოდ ქალებში. ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება გავრცელდეს და მოიცვას კანის მთლიანი საფარველი (livedo racemosa universalis). ლივედოს ეს ტიპი ვითარდება თავის ქალის ტრავმიდან რამოდენიმე თვეში, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა და ენცეფალოპათია (ნევროლოგიური დარღვევები, ფსიქიური აშლილობები და სხვ.)

Livedo reticularis a frigore (s. cutis marmorata) წარმოადგენს სისხლძარღვების ხანმოკლე რეაქციას გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში კანის ღია ან ტანსაცმლისაგან ცუდად დაცულ ნაწილებში. დაავადების წინასწარგანმაწყობელ ფაქტორებს წარმოადგენს ნეიროჰუმორული დარღვევები (მაგ. დისმენორეა, ჰიპოთირეოზი). დაავადება ხშირად გვხვდება აკროციანოზთან, ჰიპერჰიდროზთან, გარქოვანების დარღვევებთან. ზოგჯერ ლივედო უვითარდებათ კვანძოვანი პერიარტერიიტით და დერმატოზებით დაავადებულ პაციენტებს. კლინიკური სურათი ხასიათდება არამდგრადი ერთეული ან მრავლობითი მკრთალი-მოლურჯო ფერის ლაქებით, რომლებიც ხელის დაჭერისას ქრება და რომელთაც აქვთ ბადის ფორმა  ოვალურ-მომრგვალებული კიდეებით ან ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული, სხვადასხვა სიდიდის შერწყმმადი რგოლებით. მარყუჟების ცენტრში კანის ფერი მკრთალდება. კერების განლაგება სიმეტრიულია და უპირატესად ხდება კიდურებსა და ტანის გვერდით ზედაპირებზე.

Livedo reticularis a calore (s. cutis marroorata pigmentosa) ვითარდება კანის ზედაპირზე იმ ადგილებში, რომელიც ხშირად თბება (მაგალითად, სათბურების გამოყენებისას, დიათერმიის დროს). დასაწყისში აღინიშნება კანის ჯერ გარდამავალი, შემდეგში კი მდგრადი სიწითლეები ბადისებური პიგმენტაციით.

Livedo lenticularis  არის ინდურაციული ერითემის დასაწყისი სტადია, რომელიც ხასითდება წვივის კანის მარმარილოსებური ბადისებრი ცვლილებით.

დიაგნოზი დამყარებულია კლინიკურ სურათზე. ერთეულ შემთხვევებში რეკომენდებულია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება როზეოლარულ გამონაყართან სიფილისის დროს და ტოქსიდერმიასთან.

მკურნალობა ამბულატორიულია, ტარდება დერმატოლოგთან ან თერაპევტთან. აუცილებელია ძირითადი დააავადების გამოვლენა, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ლივებო. პროგნოზი და პროფილაქტიკაც სწორედ ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლივედო – კანის პათოლოგიური მდგომარეობა: მოლურჯო – იისფერი შეფერვა სისხლძარღვთა ბადისებრი ან ხისმაგვარი სურათით. ხშირად აღინიშნება მუცლის კედელზე, კიდურების გამშლელ ზედაპირებზე. დაკავშირებულია კაპილარებისა და ვენულების გაფართოებასთან. შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული ინტოქსიკაციების, კანზე ადგილობრივი ტემპერატურული ზემოქმედებისა და სხვ. დროს.