ლიპოიდური ნეკრობიოზი

ლიპოიდური ნეკრობიოზი

ლიპოიდური ნეკრობიოზი(hecrobiosis lipoidica; ბერძ. nekros მკვდარი + bi [os] ცხოვრება + -ōsis; ბერძ. lipos ცხიმი. სინონიმი: დიაბეტური ლიპოიდური ნეკრობიოზი, კანის დისლიპოიდოზი, ოპენჰეიმ-ურბახის დაავადება) იშვიათი ქრონიკული დერმატოზია, რომელიც ხასიათდება კოლაგენის  კეროვანი დეზორგანიზაციითა და ლიპიდური დისტროფიით.  პაციენტების 65%-ში დაავადება დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან, რომელიც მათ აქვთ მრავალი წლის განმავლობაში. კანისმხრივ ცვლილებებს, სავარაუდოდ, საფუძვლად უდევს დიაბეტური მიკროანგიოპათია, რომელსაც თან სდევა სისხლძარღვების სკლეროზირება და ობლიტერაცია, რასაც მივყავართ კანის ნეკრობიოზთან და მასში ლიპიდების ჩალაგებასთან. სისხლძარღვოვანი პროცესების განვითარებაში ასევე ღებულობს მონაწილეობას იმუნური კომპლექსები. გამშვებ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ადგილობრივი ტრავმა. არ არსებობს პარალელი შაქრიანი დიაბეტის სიმძიმესა და ლიპოიდურ ნეკრობიოზს შორის.

ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევით დერმაში, განსაკუთრებით კი მის ქვედა ნაწილში ვლინდება ბაზალური მემბრანის გასქელება, სისხლძარღვების კედლების ჰიალინოზი და სკლეროზი, ენდოთელიუმის პროლიფერაცია სისხლძარღვების კედლის სრული ან ნაწილობრივი სკლეროზით. ვხვდებით არამკვეთრი კიდეების მქონე ფიბრინოიდული დისტროფიისა და კოლაგენის ნეკრობიოზის კერებს, ლიმფოიდურ-ჰისტიოციტარულ ინფილტრაციას ეპითელური და გიგანტური უჯრედების ჩართვით. შარლახ-როტით შეღებვისას ნეკრობიოზის კერებში ვლინდება მრავლობითი ლიპიდური მარცვლები ჟანგიანი-ყავისფერი, ჩალაგებული უჯრედებს შორის.

უხშირესად ავადმყოფობენ ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის. როგორც წესი, ზიანდება წვივების წინა ზედაპირი, იშვიათად დუნდულები, წინა მხრები, ტანი და თავის თმიანი ნაწილი. დაავადება იწყება მცირე ზომის მოლურჯო-ვარდისფერი ლაქების ან გლუვი, მომრგვალო ფორმის ბრტყელი ლაქების გაჩენით, რომლებიც მიდრეკილნი არიან პერიფერიული ზრდისკენ.

მოგვიანებით ყალიბდება მკვეთრად შემოსაზღვრული, ოვალური ან პოლიციკლური ინდურაციულ-ატროფიული ბალთები, რომელშიც გამოყოფენ ცენტრალურ და პერიფერიულ ზონას. ცენტრალურ ზონას აქვს სკლეროდერმიის მსგავსი შეხედულება: კანი ატროფიულია, გამოიყურება როგორც გლუვი სურათი ტელანგიექტაზიებით, ცვილისებურ-მოყვითალო ფერის, თითქოს დაფარულია ნახევრადგამჭვირვალე ცელოფანით. პერიფერიული ზონა წარმოდგენილია წვრილი, მომკვრივო, მოლურჯო-მოწითალო ან მოყავისფრო რკალით, რომელიც ყოველთვის წამოწეულია კანის ზედაპირიდან. სუბიექტური ჩივილები არ აქვთ პაციენტებს. პაციენტთა დაახლოებით ¼-ს აღენიშნებათ კერის ცენტრალური ზონის დაწყლულება, რომელსაც თან ახლავს მტკივნეულობა. დაზიანება მოგვაგონებს სკლეროდერმიას, ზოგჯერ კალციფიცირებულ გრანულომას, სიფილისს ან სარკოიდოზს.

ლიპოიდური ნეკრობიოზიდიაგნოზი დაფუძნებულია კლინიკურ სურათზე, შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობასთან და დასტურდება კანის დაზიანებული უბნის ჰისტოლოგიური კვლევით.

ლიპოიდური ნეკრობიოზიმკურნალობა ტარდება ამბულატორიულად ან სტაციონარში (დერმატოლოგიურ, თერაპიულ ან ენდოკრინოლოგიურში). აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის კორექტირება. პროგნოზი კეთილსაიმედოა, პროფილაქტიკა გულისხმობს შაქრიანი დიაბეტის დროულ გამოვლენასა და მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..