ლიპემია

 ლიპემია

 ტერმინი ლიპემია განისაზღვრება როგორც  სისხლში თავისუფალი ცხიმებისა (ტრიგლიცერიდები) და პლაზმის ცილებთან შეკავშირებული ნეიტრალური ცხიმების  (ლიპოპროტეინები) არსებობა.   ფიზიოლოგიურად  სისხლის პლაზმაში  თავისუფალი ცხიმების შემცველობა ვარირებს 0.55-1.65 მმოლ/ლ (50-150მგ/100მლ) ფარგლებში. საერთოდ ტერმინი ლიპემია ასახავს  უფრო  ნეიტრალური ცხიმების  მომატებულ რაოდენობას (>2მმოლ/ლ) სისხლის პლაზმაში;  სწორედ იმას რასაც გულისხმობს  ტერმინი ჰიპერლიპემია, რომელიც არ უნდა გავაიგივოთ ტერმინ ჰიპერლიპიდემიასთან და ჰიპერქოლესტერინემიასთან.  ფიზიოლოგიური ლიპემია აღინიშნება ცხიმოვანი საკვების  მიღებიდან   3-6 საათის შემდეგ (ე.წ. ალიმენტარული ლიპემია).  ლიპემია ადვილად კორექტირდება ჰეპარინი ინტრავენური შეყვანით, რომელიც ააქტიურებს ლიპოპროტეინლიპაზას და იწვევს სისხლის პლაზმის გათხიერებას (აქედან მოდის ჰეპარინი სახელწოდებაც –  გამათხიერებელი ფაქტორი).

პათოლოგიური ჰიპერლიპემია ძირითადად  მიუთითებს სისხლიდან ცხიმის უტილიზაციის დარღვევაზე, ხოლო თვითონ ლიპემია უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმში ცხიმების ცვლის პროცესზე.  ლიპემია უკუკავშირის პრინციპით  იწვევს ცხიმოვანი მჟავების სინთეზის დაქვეითებას და უჯრედული აცეტილკოენზიმ A-ს გადართვას ქოლესტერინის ბიოსინთეზზე. განსაკუთრებით მძიმეა ამ მხრივ  სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მატებით, გამოწვეული ლიპემია, რომელის დროსაც იმატებს  ათეროსკლეროზი განვითარების რისკი. ბევრ შემთხვევაში ლიპემიას თან ახლავს სისხლის პლაზმაში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დაქვეითება, რომლებიც აუცილებელია ქოლესტერინის ქსოვილებიდან ტრანსპორტისათვის, მისგან განსხვავებით სისხლში იმატებს დაბალი სიმკვრივის, ქოლესტერინის შემცველი, ლიპოპროტეინები კონცენტრაცია.

ზოგიერთი ტიპის ჰიპერლიპოპროტეინემიური მდგომარებებისთვის დამახასიათებელია ჰიპერლიპემიიის განვითარება. ასეთი მდგომარეობებია: ძვლების მოტეხილობები, ნაღვლის შეგუბება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, სისხლდენა, სხავადსხა გენეზის მძიმე ანემია, ჰიპოთირეოზი, დამწვრობის ზოგიერთი ფორმა, პანკრეატიტი, გლუკონეოგენეზი, ქსანთომატოზი და ასევე შიმშილობა   (ცხიმოვანი დეპოებიდან ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციის გამო).  სისხლში ტრიგლიცერიდების შედარებით მომატებული დონე აღინიშნება ჰიპერლიპემია ესენციური( 66-110მმოლ/ლ), ნეფროზული სინდრომის ( 3,3-33მმოლ/ლ) და შაქრიანი დიაბეტის (5,5-22მმოლ/ლ) დროს.

ჰიპერლიპემიის მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების გაძლიერებული პროდუქცია ან  პარენქიმული ორგანოების სხვადასხვა გენეზის დაზიანებებით გამოწვეული   ლიპოპროტეიდების მეტაბოლიზმის დარღვევა, ასევე ინტოქსიკაციების ან  ფერმენტ ლიპოპროტეინლიპაზას გენეტიკურად დეტერმინირებული უკმარისობის (ჰიპერლიპემია ესენციური) დროს. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების სინთეზის გაძლიერება, რომელიც განაპირობებს ლიპემიას, ასევე ვითარდება ორსულობის დროს.

ჰიპერლიპემიის დროს სისხლის პლაზმა შეფერილია რძისფერად და მაღალი რაოდენობის ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობის გამო  მცირედ  ოპალესცირებს.

სისხლის პლაზმა ქილომიკრონების მაღალი შემცველობით გამოწვეული ლიპემიის დროს, მაცივარში ერთი ღამით დაყოვნების შემდეგ იყოფა ორ შრედ: ზედა, ნაღებისებრი კონსისტენციის შეიცავს ქილომიკრონებს ხოლო ქვედა ფენა გამჭვირვალე ხდება. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებსა და თავისუფალი ცხიმების მაღალი კონცენტრაციის დროს სისხლის პალაზმა  მაცივარში გახანგრძლივებული დაყოვნების შემდეგაც კი ინარჩუნებს თანაბარზომიერ შემღვრევას. ამ ტესტს ხშირად იყენებენ ჰიპერლიპოპროტეინემიის ფენოტიპის დასადგენად. პათოლოგიური ჰიპერლიპემიის კორექცია დაფუძნებულია ძირითადი დაავადების მკურნალობაზე, რომელიც განისაზღვრება სამკურნალო დიეტით.    ავადმყოფებს ლიპემიის თანდაყოლილი ფორმების დროს უნიშნავენ სისხლის პლაზმის სორბციულ განწმენდის მეთოდებს მათ შორის მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების სელექციურ იმუნოსორბციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..