ღამის ენურეზი

ენურეზი ძილის დროს შარდის შეუკავებლობაა, რაც ბავშვებში გარკვეულ ასაკამდე ბუნებრივ მოვლენად ითვლება. 4-5 წლის ასაკში ძილის დროს შარდვა ბავშვთა 20%-ში აღინიშნება, 6-7 წლის ასაკში – 10%, 15-17 წლის ასაკში – 1%, ენურეზი უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.

ახალშობილებში შარდის გამოყოფა უპირობო რეფლექსის ტიპით ხორცილდება: შარდის ბუშტის ავსება იწვევს მისი კედლის დაჭიმვასა და მექანორეცეპტორების გაღიზიანებას, აფერენტული იმპულსები გადაეცემა ზურგის ტვინის შესაბამის ცენტრს, საპასუხო რეაქციას კი წარმოადგენს შარდვა. ასაკის მატებასთან ერთად შარდის ბუშტის ფიზიოლოგიური ტევადობის გადიდებასთან ერთად, ღამით გაღვიძება მოშარდვის მიზნით საჭიროებას აღარ წარმოადგენს, სპინალურ ცენტრებს, თავის ტვინის ქერქქვეშა  ნივთიერებასა და  ქერქს შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება განაპირობებს გამოღვიძებას. თავდაპირველად ძილის დროს შარდვა წყდება დღისით, შემდეგ კი ღამითაც. 4-5 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობას აქვს უნარი არამხოლოდ გამოიღვიძონ მოშარდვის მიზნით, არამედ მართონ მოშარდვის სურვილიც, სურვილისამებრ შეწყვიტონ ან დათრგუნონ შარდვის პროცესი.

ენურეზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ენურეზის მიზეზი რეფლექსული რკალის ნებისმიერ დონეზე არსებული დარღვევა შეიძლება გახდეს: შარდის ბუშტის ინტერორეცეპტორების აგზნებადობის მატება, ზურგის ტვინის მოშარდვის ცენტრის ზესტიმულაცია, რეფლექსული რკალიდან წასულ იმპულსებზე ქერქქვეშა  წარმონაქმნების არაადექვატური (რიგ შემთხვევაში, პარადოქსალური) რეაქცია, ქერქული პროცესების ინერტულობა (ასეთ შემთხვევაში, თუ შარდის ბუშტის დაცლის საჭიროება წარმოიქმნება ღრმა ძილის ფაზაში, ძილში თვითნებური მოშარდვის შანსი იზრდება).

ენურეზის პათოგენეზს ბავშვებში საფუძვლად უდევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობის  ფუნქციონალური დარღვევები, შარდ-სასქესო და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების ნიშნების გარეშე. პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი ვლინდება შემთხვევათა 85% -ში.

ენურეზი – კლასიფიკაცია

განასხვავებენ თანდაყოლილ (პირველად) და შეძენილ (მეორად) ენურეზს.

პირველადი ენურეზი გვხვდება 5 წლის ასაკში ბიჭების 15%-ში და გოგონების 10%-ში (10 წლის ასაკისათვის მცირდება ორჯერ). შემთხვევათა 1.5-3%-ში აღინიშნება მოზრდილებში დადებითი ოჯახური ანამნეზი. აღნიშნულ მდგომარეობას განაპირობებს ობსტრუქციული აპნოე ძილში (წინაგულოვანი ნატრიურეზული ჰორმონის მომატებული სეკრეცია) ან ნუშურების გადიდება, ხვრინვა.

მეორადი ენურეზის განვითარება ხშირად დაკავშირებულია სტრესთან. დამახასიათებელია თავის ტვინის მინიმალური დისფუნქცია  (მეტყველების დეფექტები, ნატიფი მოძრაობების შესრულებისას მოუხერხებლობა, მხედველობით-სივრცული ფუნქციის დარღვევა), როგორც ცნს-ის მომწიფების დეფექტის გამოვლინება მემკვიდრული წინასწარგანწყობის გამო. ზოგჯერ მეორადი ენურეზი დაკავშირებულია კვებით ალერგიასთან, ხშირად ერწყმის შაკიკს ან ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომს.

ეტიოლოგიის მიხედვით გამოყოფენ ენურეზის ფუნქციონალურ, ფსიქოგენურ, ორგანულ და შერეულ ფორმებს. სიხშირის მიხედვით: ხშირი (თვითნებური მოშარდვა ყოველ ღამე ან ღამეში რამდენჯერმე), ზომიერი – კვირაში 2-3 ჯერ, იშვიათი – 2-3 ჯერ თვეში.

ენურეზი – კლინიკური სურათი

ენურეზის  ძირითადი გამოვლინებაა – უნებლიე შარდვა ძილში. ზოგ შემთხვევაში მოშარდვის წინ შეინიშნება მოუსვენრობა და პირველი წვეთების გადმოსვლის შემდეგ გამოღვიძება. ხშირად მოშარდვის ეპიზოდი ვლინდება დაძინებიდან 4 საათის შემდეგ. გამოყოფილი შარდის რაოდენობა განსხვავებულია და მერყეობს 200-დან 400 მლ-მდე და მეტიც. წელიწადის ცივ  სეზონზე ენურეზის სიხშირე მატულობს. მოზრდილებში აღინიშნება ენურეზის თავისებურებები: ხანგრძლივი მიმდინარეობა და მკურნალობის უეფექტობა გავლენას ახდენს ავადმყოფის ფსიქიკაზე, უმეტეს შემთხვევაში ვითარდება ნევროზული გამოვლინებები, გამოხატულების სხვადასხვა ხარისხით.

ენურეზი – მკურნალობა

3-4 წლის ასაკში არაა მიზანშეწონილი მკურნალობის სპეციფიური მეთოდების გამოყენება, ძირითადი ადგილი უკავია აღმზრდელობით მეთოდებს, ჰიგიენური ღონისძიებების და რეჟიმის დაცვას. ენურეზის აღმოფხვრისათვის მნიშვნელოვანია დადებითი ოჯახური  ატმოსფერო, ფსიქოთერაპია, აუტოგენური ტრენირება, ღამით შეზღუდული რაოდენობით მიღება (ბავშვებში ძილამდე 5 საათით ადრე), სპეციალური „მაღვიძარას“ გამოყენება, ძილის წინ მარილიანი საკვების მიღება, ინფექციური კერების სანაცია  (ადენოიდების  მოცილება, ნაწლავური პარაზიტების მოცილება და ა.შ), ბაქტერიურიის მკურნალობა, გაკაჟება. 5-6 წლის ასაკში, თერაპიული აქტივობა უნდა გაიზარდოს, რადგან სკოლაში შესვლის პეროდისათვის მოხდეს პრობლემის ლიკვიდაცია.

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.