მელანოდერმია

მელანოდერმია

მელანოდერმია (melanodermia; ბერძ. melas, melanos მუქი, შავი + derma კანი; სინონიმები: ტოქსიური მელანოდერმია, რილის მელანოზი, ჰოფმან-გაბერმანის მელანოზი, ომის პერიოდის მელანოზი, სივატის ბადისებრი პოიკილოდერმია) კანის ქრონიკული დაავადებაა, უპირატესად პროფესიული ხასიათის, რომელიც გამოვლინდება მოყავისფრო პიგმენტაციით. შესაძლებელია განპირობებული იყოს ადამიანებზე ნახშირწყალბადების გახანგრძლივებული (5-10 და მეტი წელი) ზემოქმედებით, როგორიცაა: ნავთობის გადამუშავებული პროდუქტები, ქვანახშირი, მეტამორფული ქანები (ბენზოლი, ავტოლი, ტოლუოლი, მანქანის ზეთი და სხვ.), ასევე სხვა ტოქსიური ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ხვდება უპირატესად ინჰალაციური გზით, იშვიათად – კანის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. მელანოზების განვითარებას თან ახლავს ქრონიკული ინტოქსიკაციის ნიშნები: მოდინება, ადინამია, ძილისა და მადის დარღვევა, თავის ტკივილები, გახდომა, ანემია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზი და სხვ.

დაავადების დასაწყის სტადიაში კანის ღია ზედაპირებზე (სახე, ყელი, მხრები), მოგვიანებით კი დახურულ ნაწილებში (ტანი) – ჩნდება ერითემა, რომელსაც თან ახლავს წვა. ის იცვლება არათანაბარი, მონაცრისფრო-მოყავისფრო პიგმენტაციით კანსა და ეპიდერმისის ბაზალურ შრეში მელანინის ჩალაგებით; აღინიშნება ფოლიკულური კერატოზი, აქერცვლა. კანის დაზიენებული უბნები თხელდება, ნაკეცებიანი ხდება, ჩნდება ტელანგიექტაზიები და მდგრადი სისხლძარღვოვანი ლაქები, რის შედეგადაც ის იღებს დაწინწკლულ სახეს – ვითარდება პოიკილოდერმია.

დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე.

მკურნალობა ტარდება დერმატოლოგთან ამბულატორულად. პირველ რიგში აუცილებელია შეწყდეს საწარმოო და საყოფაცხოვრებო კონტაქტი ნახშირწყალბადებთან. მცირე დოზებით ინიშნება კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, პერიოდულად გლუკოზისა და ასკორბინის მჟავას, ნიკოტინმჟავას, В ჯგუფის ვიტამინების ინტრავენური გადასხმები. გარეგანი გამოყენებისათვის იხმარება კრემები: ,,მელანი“, ,,აქრომინი“.

პროფილაქტიკა: მდგომარეობს პროფესიულ მავნებლებთან კონტაქტის შეწყვეტაში, რომელიც მიიღწევა შრომის შესაბამის ორგანიზებაში, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენებაში და პირადი ჰიგიენის წესების დაცვაში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..