ფსევდოალერგია

ფსევდოალერგია

ფსევდოალერგია, ფსევდოალერგიის პათოგენეზი,  ფსევდოალერგიული  რეაქციის ჰისტამინური მექანიზმი, ფსევდოალერგიული  რეაქცია – კომპლემენტის აქტივაციის დარღვევა, ფსევდოალერგიული  რეაქცია – არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევა, ფსევდოალერგიული  რეაქცია – კლინიკური სურათი, ფსევდოალერგიული  რეაქცია – მკურნალობა და პროფილაქტიკა >>>

ფსევდოალერგია (ბერძ. Pseudes – ცრუ + ალერგია; სინონიმი: პარაალერგია) – პათოლოგიური პროცესია, რომელსაც ახასიათებს ჭეშმარიტი ალერგიული რეაქციის მსგავსი კლინიკური სურათი.

ფსევდოალერგიის პათოგენეზი

ფსევდოალერგიასა და ჭეშმარიტ ალერგიას შორის  განსხვავება მდგომარეობს მათი განვითარების სტადიებში.  ფსევდოალერგიისა და ჭეშმარიტი ალერგიის პათოქიმიური  (მედიატორების წარმოქმნის ან გამოთავისუფლების) და პათოფიზიოლოგიური სტადია (კლინიკური სიმპტომების) ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა  ფსევდოალერგიულ რეაქციებს  ჭეშმარიტი ალერგიისაგან განსხვავებით არ გააჩნია განვითარების იმუნოლოგიური სტადია (არ წარმოიქმნება ანტისხეულები).  ფსევდოალერგიულ რეაქციებს მიეკუთვნება მხოლოდ ის პროცესები, რომელთა განვითარებაში წამყვან როლს თამაშობს ჭეშმარიტი ალერგიული რეაქციის პათოქიმიური სტადიისათვის  დამახასიათებელი მედიატორები. ამიტომ ბევრი რეაქცია, რომელიც კლინიკურად მსგავსია, თუმცა პათოგენეზში არაა ჩართული მედიატორები, არ მიეკუთვნება ამ ჯგუფს. ასეთია მაგალითად ლაქტოზური უკმარისობა, რომელიც კლინიკურად ალერგიის მსგავსია, თუმცა დიარეის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია ლაქტოზის გახლეჩვის დარღვევასთან, წარმოქმნილი სხვადასხვა მჟავები იწვევენ ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მომატებას, წყლის დაგროვებასა და ნაწლავის გაღიზიანებას, პერისტალტიკის გაძლიერებასა და დიარეას.

ფსევდოალერგიული რეაქციები ხშირად გვხვდება წამლისმიერი (არანარკოტიკული ანალგეტიკები, რენტგენოკონსტრატული ნივთიერებები, პლაზმის შემცვლელები და სხვა)  ალერგიისა  და საკვების აუტანლობის დროს. ალერგენების უმეტესობამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც  ალერგიული რეაქცია, ისე ფსევდოალერგიული რეაქციები. ატოპიური დაავადებებიც კი ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ფსევდოალერგიის მექანიზმით, იმუნური მექანიზმის მონაწილეობის გარეშე.

ფსევდოალერგიის  პათოგენეზში გამოყოფენ სამ მექანიზმს, ჰისტამინური, კომპლემენტის აქტივაციის  დარღვევა და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წამყვან როლს თამაშობს ერთერთი მათგანი.

ფსევდოალერგიული  რეაქციის ჰისტამინური მექანიზმი

ფსევდოალერგიული რეაქციების ჰისტამინური მექანიზმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბიოლოგიურ სითხეებში იმატებს  თავისუფალი ჰისტამინის კონცენტრაცია და H1 და H2 რეცეპტორების მეშვეობით ავლენს თავიანთ ეფექტს. ეს ეფექტებია: ბრონქოსპაზმი, კანის ვენულების გაფართოება და განვლადობის მატება, რაც თავის მხრივ ვლინდება კანის ჰიპერემიით, შეშუპებით. სისხლძარღვებზე სისტემური ზემოქმედებისას კი განაპირობებს ჰიპოტენზიის  განვითარებას.  ჰისტამინის კონცენტრაციის მატება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორებმა, როგორიცაა ფიზიკური (მაღალი ტემპერატურა, მაიონიზებელი გამოსხივება- რენტგენის სხივები, ულტრაიისფერი სხივები), ქიმიური (დეტერგენტები, ძლიერი მჟავეები და ტუტეები, ორგანული გამხსნელები) ფაქტორები, ასევე ფუტკრის შხამი, საკვები პროდუქტები (თევზი, პომიდორი, კვერცხის ცილა, მარწყვი, ხენდრო,  შოკოლადი, ფერმენტირებული პროდუქტები). ასევე ჰისტამინის  კონცენტრაციის მატება შეიძლება განაპირობოს ნაწლავური დისბაქტერიოზმა.

ფსევდოალერგიული  რეაქცია – კომპლემენტის აქტივაციის დარღვევა

ფსევდოალერგიული რეაქციების მეორე მექანიზმი მოიცავს კომპლემენტის არაადექვატურ გაძლიერებას კლასიკური ან ალტერნატიული გზით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ანაფილაქსიური აქტივობის მქონე მედიატორები. კომპლემენტის გამოხატული აქტივაცია და ფსევდოალერგიის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივად შენახული პლაზმის, ადამიანის სისხლის შრატის   ალბუმინის, გამა–გლობულინის, ასევე დექსტრანების  ინტრავენურად შეყვანამ. ანალოგიური პროცესები შესაძლოა განვითარდეს ჰემოდიალიზის დროს.

ფსევდოალერგიული  რეაქცია – არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევა

ფსევდოალერგიის განვითარების მესამე მექანიზმი დაკავშირებულია უჯერი ცხიმოვანი მჟავების  მეტაბოლიზმის დარღვევასთან, პირველ რიგში კი ეს ეხება არაქიდონის მჟავას. ეს უკანასკნელი თავისუფლდება ნეიტროფილების, მაკროფაგების, პოხიერი უჯრედების, თრომბოციტების უჯრედული მემბრანის ფოსფოლიპიდებისაგან (ფოსფოგლიცერიდებისაგან) გარეგანი სტიმულების ზემოქმედების შედეგად (დაზიანება წამლებით, ენდოტოქსინით და სხვა.). საკმაოდ რთული გარდაქმნების შედეგად წარმოიქმნება პროსტაგლანდინები, პროსტაციკლინები, თრომბოქსანები და ლეიკოტრიენები, რომლებიც იწვევენ ფსევდოალერგიული რეაქციების განვითარებას.

ფსევდოალერგიული  რეაქცია – კლინიკური სურათი

 ფსევდოალერგიული დაავადებების კლინიკური სურათი ანალოგიურია ან ძალიან  მსგავსია ალერგიული დაავადებების გამოვლინებებისა. ვითარდება  ისეთი პათოლოგიური პროცესები, როგორიცაა სისხლძარღვთა განვლადობის მატება, შეშუპება, ანთება, გლუვი კუნთის სპაზმი. დაშლა. ეს პროცესები შეიძლება იყოს ლოკალური, ორგანოების დონეზე მიმდინარე და სისტემური. ისინი ვლინდება წლიური ალერგიული რინიტის, ჭინჭრის ციების, კვინკეს შეშუპების, პერიოდული თავის ტკივილების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა (მეტეორიზმი, ყურყური, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, გულისრევა, დიარეა), ბრონქული ასთმის, შრატისმიერი დაავადების, ანაფილაქსიური შოკის დროს, ასევე  ხდება ცალკეული ორგანოების შერჩევითი დაზიანება (გასტრიტი, ენტერიტი, მიოკარდიტი და სხვა.) ზოგ შემთხვევაში ერთდროულად აღინიშნება ალერგიული და ფსევდოალერგიული მექანიზმები. აღნიშნული ვლინდება ასპირინით განპირობებული ბრონქული ასთმის დროს.

ფსევდოალერგიული  რეაქცია – მკურნალობა და პროფილაქტიკა

ფსევდოალერგიული რეაქციების მკურნალობა მოიცავს ეტიოტროპულ და პათოგენური თერაპიას. ეტიოტროპული მკურნალობა გულისხმობს შეძლებისდაგვარად გამომწვევი ფაქტორის ელიმინაციას, წამლისმიერი ფსევდოალერგიის დროს მედიკამენტის მიღების შეწყვეტას, კვებითი რაციონიდან ფსევდოალერგიის  გამომწვევი პროდუქტების ამოღებას. რაც შეეხება პათოგენური თერაპიას, მიმართულია პათოქიმიური სტადიის ბლოკადისაკენ და დამოკიდებულია განვითარების მექანიზმზე (მაგ. C1-ინჰიბიტორის დეფიციტით განპირობებული კვინკეს შეშუპების დროს ორგანიზმში შეყავთ – უშუალოდ C1-ინჰიბიტორი).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ალერგოლოგია და იმუნოლოგია