სიყრუე

სიყრუე

სიყრუე (surditas) – სმენის სრული არარსებობა ან მისი ისეთი ხარისხით დაქვეითებაა, როდესაც ვერ ხდება მეტყველების გაგება.

აბსოლიტური სიყრუე იშვიათად გვხვდება, ჩვეულებრივ სმენა რჩება ისეთ დონეზე, რომ შესაძლებელია ძალიან ინტენსიური ბგერების აღქმა, მათ შორის ყურთან ახლოს ხმამაღალი  ნათქვამი ბგერები. სიყრუე განსხვადება სმენის დაქვეითებისაგან, რომლის დროსაც მისგან განსხვავებით ბგერების გაძლიერებით შესაძლებელია მეტყველებით ურთიერთობა, თუმცა მკვეთრი საზღვრის გავლება ძნელია და პირობითი ხასიათისაა. ადრეული ბავშვობის ასაკში სმენის დაკარგვა, მეტყველების ჩამოყალიბებამდე იწვევს ყრუ – მუნჯობას.

სიყრუის ფორმები

განარჩევენ სიყრუის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. თანდაყოლილი სიყრუე შესაძლოა იყოს მემკვიდრული ხასიათის, იშვიათად განპირობებულია სამშობიარო ტრავმით, დედის ვირუსული დაავადებებით (ძირითადად,წითურა, წითელა, გრიპი ), ასევე  ორსულობის პერიოდში, განაკუთრებით პირველ ტრიმესტრში გამოყენებული ალკოჰოლისა  და ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (სტრეპტომიცინი, კანამიცინი, ქინინი და სხვა.) ზემოქმედებით.

შეძენილი სიყრუე ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ამის მიზეზი ხშირად მწვავე და ქრონიკული ოტიტი, მენინგიტი და ზოგიერთი სხვა ინფექციური დაავადებაა – ქუნთრუშა, გრიპი ,  ეპიდემიური პაროტიტი, წითელა, დიფტერია. შუა ყურის არაანთებით დაავადებებიდან სიყრუე შეიძლება გამოწვეული იყოს  ოტოსკლეროზით. ასევე სიყრუე ვითარდება ძლიერი ხმაურის ზემოქმედებისას, ძირითადად საწარმოებში, პროფესიული სიყრუე აღინიშნება პირებში, რომლებიც კესონურ სამუშაოებს ატარებენ, დეკომპრესიის წესების არასათანადო დაცვის პირობებში. სიყრუის მიზეზი შეიძლება გახდეს საფეთქლის ძვლის ტრავმა, თავის ტვინის ორგანული დაზიანება. სმენის დაკარგვა არცთუ იშვიათად ოტოტოქსიური მედიკამენტების, მათ შორის ყველზე ხშირად   ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების  (სტრეპტომიცინი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი და სხვა.) ზემოქმედების შედეგია. აღნიშნული მედიკამენტების ოტოტოქსიური მოქმედება იზრდება მათი შარდმდენ საშუალებებთან (ეტაკრინის მჟავა – ურეგიტი)  ერთდროული  გამოყენებისას, რომლებიც თავის მხრივ ასევე ოტოტოქსიური მედიკამენტების რიცხვს მიეკუთვნება. ასევე სმენის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს ოტიტის დროს გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დარღვევების დროს. და ბოლოს უნდა გამოიყოს სიბერითი სიყრუე.

სიყრუის დიაგნოსტიკა

სიყრუის დიაგნოსტიკა მოზრდილებში ეყრდნობა ჩივლებს და დასტურდება აუდიომეტრიით. სმენის გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით განისაზღვროს სმენის დაქვეითების ხარისხი. დიდ სიძნელეს წარმოადგენს ბავშვთა  ადრეულ ასაკში სიყრუის ამოცნობა, რადგან სმენის გამოკვლევის ჩვეული მეთოდები გამოუსადეგარია. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ხმაურიანი სათამაშოები, სპეციალური კომპიუტერული აუდიომეტრებით სმენითი პოტენციალების, პირობითი და ზოგიერთი ორიენტირებული რეფლექსების დარეგისტრირება. სიყრუის დროული გამოვლენა განსაზღვრავს რეაბილიტაციის მეთოდს. მნიშვნელოვანია დიფერენცირება სრულ სიყრუესა და სმენის დაქვეითებას შორის, რადგან ამ უკანასკნელის დროს შესაძლებელია სმენის გამაძლიერებელი აპარატების მეშვეობით სმენის ელექტროაკუსტიკური კორექცია.

სმენა დაკარგულ პირებთან სისტემატიურ დაკვირვებასა და მეცადინეობებს ატარებენ  სპეციალისტები – სურდოპედაგოგები.

სიყრუის პროფილაქტიკა

თანდაყოლილი სიყრუის თავიდან აცილებაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკას, ალკოჰოლის და რიგი სამკურნალო პრეპარატების მიღების შეწყვეტას. შეძენილი სიყრუის პროფილაქტიკა მდგომარეობს სმენის დაქვეითების დროულ გამოვლენასა და სიყრუის გამომწვევი დაავადებების სათანადო მკურნალობაში, ასევე ოტოტოქსიური მედიკამენტების რაციონალურ გამოყენებაში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები