პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები – ეტიოლოგია, რისკ-ფაქტორები, კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკა,  მკურნალობა >>>

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები – ეტიოლოგია, რისკფაქტორები

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები ძირითადად მოიცავს პერიფერიული არტერიების მაოკლუზირებელ დაავადებებს. არტერიების ოკლუზიას განაპირობებს მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, სისხლძარღვების ანთებითი ცვლილებები (ვასკულიტი), რაც თავის მხრივ იწვევს სისხლძარღვის სტენოზს, ემბოლიას, თრომბის წარმოქმნას, შედეგად კი აღინიშნება მწვავე ან ქრონიკული იშემია, დაზიანებული სისხლძარღვის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგების დარღვევა.

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები ხშირად აღინიშნება ჭარბწონიან პირებში, ასევე რისკფაქტორებს მიეკუთვნება მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე,  შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, მამრობითი სქესი, ასაკი 50 წელზე მეტი, ოჯახური ანამნეზი, ცხოვრების არაჯანსაღი წესი: მოწევა, დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველი საკვების მოხმარება.

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები – კლინიკური სურათი

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვის ლოკალიზაციაზე, ყველაზე ხშირია ქვემო კიდურის არტერიების დაზიანება, შესაბამისად შეიძლება აღინიშნებოდეს:

  • კოჭლობა, ტკივილი, დაღლილობა, სიმძიმისა  და ჩხვლეტის შეგრძნება ქვემო კიდურებში საწყის ეტაპებზე მხოლოდ დატვირთვისას
  • დაავადების მძიმე ფორმების დროს ტკივილისა და დაბუჟების შეგრძნება ქვემო კიდურებში მოსვენების დროსაც აღინიშნება
  • კიდურების გაცივება
  • ქვემო კიდურებზე თმიანობის გაქრობა
  • ციანოზური ელფერი
  • პულსის შესუსტება
  • ჭრილობებისა და წყლულების გაძნელებული შეხორცება
  • ქვემო კიდურების შეშუპება
  • კუნთების ატროფია

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები – დიაგნოსტიკა

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების დროს პირველ რიგში ხდება ქვემო კიდურებზე პულსის შემოწმება, წნევის გაზომვა და შედარება ზემო კიდურებზე არსებულ წნევასთან, ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. აუცილებელია სისხლში განისაზღვროს ლიპიდების, ჰომოცისტეინის, შაქრის დონე. არტერიების მდგომარეობის შესაფასებლად მიმართავენ ულტრაბგერით კვლევას, ტარდება ქვემო კიდურების არტერიების ანგიოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია.

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები – მკურნალობა

  • ცხოვრების წესის შეცვლა

მოწევისათვის თავის დანებება, დიაბეტის მკურნალობა, არტერიული წნევის კონტროლი, ფიზიკური აქტივობის მატება (მაგ.სპორტით დაკავება), ჭარბი წონის შემთხვევაში წონის დაკლება, ნაჯერი ცხიმების შემცველი საკვების შეზღუდვა, ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტა, მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება, ქვემო კიდურების ტრავმების მოვლა

  • მედიკამენტოზური მკურნალობა

ანტითრომბოციტული პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ჰიპერქოლესტერინემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები, არტერიების გამაფართოებელი პრეპარატები

  • ინვაზიური პროცედურები

ბალონური ანგიოპლასტიკა (სისხლძარღვში სპეციალური ბალონური კათეტერის  მოთავსება) და სტენტის იმპლანტაცია (სისხლძარღვში თავსდება მილისებრი ბადე რათა ხელი შეუშალოს არტერიის შევიწროებას)

  •     ლაზეროთერაპია
  •     ათერექტომია
  •     ქირურგიული ჩარევა

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების მძიმე შემთხვევებში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას, რათა მოხდეს შევიწროებული არტერიების გაფართოება. ქირურგიული ჩარევის ორი მეთოდი არსებობს: ენდაერტერექტომია და შუნტირება. ენდარტერექტომია ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ახორციელებენ არტერიის შიგნითა ათეროსკლეროზული ბალთებით დაზიანებული  ნაწილის მოცილებას. შუნტირებისას ხდება დაზიანებული სისხლძარღვის ჩანაცვლება სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ვენით ან სინთეზური ტრანსპლანტატით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988