მწვავე კორონარული სინდრომი
მწვავე კორონარული სინდრომი – კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა >>>
ტერმინი მწვავე კორონარული სინდრომი აერთიანებს მიოკარდიუმის მწვავე იშემიისათვის დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებს და მოიცავს მიოკარდიუმის ინფარქტს ST სეგმენტის ელევაციით, მიოკარდიუმის ინფარქტს ST სეგმენტის ელევაციის გარეშე და არასტაბილურ სტენოკარდიას. აღნიშნული პათოლოგიების გაერთიანება ერთი სახელწოდების ქვეშ განპირობებულია მათი საერთო პათოგენეზით:
- ათეროსკლეროზული ბალთის გასკდომა
- თრომბოზი, რისი მიზეზიც სისხლის შედედების უნარის მატება, თრომბოციტების აგრეგაციის გაძლიერება, სისხლის შედედების სისტემის აქტივაცია და/ან ფიბრინოლიზის ინჰიბირებაა
- ლოკალური (გვირგვინოვანი არტერიების, სადაც აღინიშნება ათეროსკლეროზული ბალთა) ან ზოგადი ვაზოკონსტრიქცია
- მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების გაზრდა (მაღალი არტერიული წნევა, ტაქიკარდია)
მწვავე კორონარული სინდრომი – კლინიკური სურათი
მიოკარდიუმის მწვავე იშემიისათვის კლინიკურად დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა მხარში, ზურგში, ბეჭის და ქვედა ყბის მიდამოშიც კი, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ქოშინი, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება.
მწვავე კორონარული სინდრომი – დიაგნოსტიკა
მწვავე კორონარული სინდრომის დროს აუცილებელია ელექტროკარდიოგრამის გადაღება და სისხლში მიოკარდიუმის ნეკროზის მარკერების (ტროპონინი, კრეატინფოსფოკინაზა MB ფრაქცია) განსაზღვრა. ელექტროკარდიოგრამაზე ST სეგმენტის მდგრადი ელევაცია მიუთითებს მიოკარდიუმის შედარებით დიდი უბნის დაზიანებაზე, მიოკარდიუმის ინფარქტზე. ST სეგმენტის ტრანზიტორული ელევაციის ან დეპრესიის შემთხვევაში, საუბარია არასტაბილურ სტენოკარდიაზე და მიოკარდიუმის ინფარქტზე ST სეგმენტის ელევაციის გარეშე, ამ დროს ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს T კბილის ცვლილებები. ასეთ შემთხვევაში დიფერენციალური დიაგნოზი არასტაბილურ სტენოკარდიასა და მიოკარდიუმის ინფარქტს შორის ეყრდნობა სისხლში კარდიული მარკერების აღმოჩენას.
- არასტაბილური სტენოკარდია – ნაწილობრივი ან გარდამავალი ოკლუზია , მიოკარდიუმის დაზიანების გარეშე,
- მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე – ნაწილობრივი ან გარდამავალი ოკლუზია, მიოკარდიუმის დაზიანებით
- მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით – სრული ოკლუზია , მიოკარდიუმის დაზიანებით
მწვავე კორონარული სინდრომი – მკურნალობა
მწვავე კორონარული სინდრომის დროს რუტინულად გამოიყენება ანტიკოაგულაციური საშუალებები. კორონარული რეპერფუზია მიიღწევა ფიბრინოლიზის და/ან რევასკულარიზაციის საშუალებით (პერკუტანეული კორონარული ინტერვენცია – ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება).
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988