დიაბეტური ტერფი

დიაბეტური ტერფი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დიაბეტური ტერფის სინდრომი   შაქრიანი დიაბეტის ერთერთი ყველაზე მძიმე გვიანი გართულებაა და  წარმოადგენს ტერფის ანატომიურ-ფუნქციონალური ცვლილებებს, რაც ვითარდება დიაბეტური ნეიროპათიის, ანგიოპათიის, ოსტეოართროპათიიის ფონზე. დიაბეტური ტერფის სინდრომის დროს   ვითარდება წყლულოვანი, ჩირქოვან-ნეკროზული პროცესები, განგრენა, რაც კიდურის ამპუტაციის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
განასხვავებენ დიაბეტური ტერფის ნეიროპათიურ, ნეიროიშემიურ და შერეულ ფორმას. პირველ შემთხვევაში დიაბეტური ტერფის განვითარების მიზეზი პოლინეიროპათია, მეორე შემთხვევაში კი დიაბეტური ანგიოპათიაა. ასევე გამოყოფენ ოსტეოართრიტული ფორმას, რომლის  დროსაც აღინიშნება ძვლოვანი ქსოვილის დაზიანება, რაც ოსტეოპოროზის ტიპიური ფორმებისაგან განსხვავებით ლოკალური ხასიათისაა. ოსტეოართროპათიას განაპირობებს ქვემო კიდურების ინერვაციის მოშლა.

კლინიკური სურათი

დიაბეტური ტერფის დროს კლინიკური სურათი დამოკიდებულია მის სახეზე. ნეიროპათიური ფორმის დროს წარმოიქმნება უმტკივნეულო, სწორი კიდეების მქონე წყლული, რომელიც ძირითადად განლაგებულია ტერფის ძირზე, დაქვეითებულია ზედაპირული და ვიბრაციული მგრძნობელობა. გაძლიერებული სისხლის მიმოქცევის გამო (არტერიოვენური შუნტები) აღინიშნება ნორმალური პულსაცია, გამოხატულია ჰიპერემია, კანი მშრალი და თბილია, კანის ზედაპირზე კარგად ჩანს დაბერილი ვენები, აღინიშნება ძვლების დეფორმაცია და ტერფის ზედაპირზე კოჟრები.
ნეიროიშემიური ფორმის დროს კი წყლული არასწორი კიდეების მქონეა, ჩვეულებრივ განლაგებულია თითებზე, აღინიშნება მტკივნეულობა, მგრძნობელობის სხვადასხვა დარღვევები, სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო ტერფი ცივი, ფერმკრთალი და ციანოზურია. დიაბეტური ტერფის დროს არანამკურნალებ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს განგრენა.

მკურნალობა

დიაბეტური ტერფის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს კონსერვატიულ და ოპერაციულ მეთოდებს.
დიაბეტური ტერფის კონსერვატიული თერაპია შედგება ბაზისური და დამატებითი ღონისძიებებისაგან. ბაზისური მკურნალობა მოიცავს:

  • ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზაცია – ტერფის წყლულოვანი დაზიანებისას ავადმყოფთა დიდ ნაწილში აღინიშნება ჰიპერგლიკემია, შეხორცებისათვის ერთერთ მნიშვნელოვან პირობას კი სწორედ გლუკოზის დონის ნორმალიზაცია წარმოადგენს;
  • არტერიული წნევის კონტროლი, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიაბეტური ნეფროპათიის ფონზე განვითარებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს;
  • ტერფის მოვლის წესების დაცვა;
  • ნეიროპათიური წყლულის დროს, ჩირქოვან-ნეკროზული დაზიანებისას  აუცილებელია დატვირთვის შეზღუდვა, რაც ამცირებს ანთებასა და შეშუპებას, ხელს უწყობს ქსოვილებში აღდგენით პროცესებსა და წყლულის შეხორცებას;
  • ნეიროიშემიური ფორმის დროს ნაჩვენებია დოზირებული სამკურნალო დატვირთვა.

დამატებითი სამკურნალო ღონისძიებები

კიდურის მძიმე დაზიანებისას, რომლის ლიკვიდაციაც არ ხდება ზემოთ აღნიშნული მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებით, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, რომელიც მოიცავს აბსცესებისა და  ფლეგმონის გახსნას, ნეკრექტომიას. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ტერფის არტერიული სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით – ანგიოპლასტიკა და ქვემო კიდურების არტერიების სტენტირება, აუტოვენოზური შუნტირება, ენდარტერექტომია, მძიმე შემთხვევებში –  ეკონომიური რეზექცია, აუტოდერმოპლასტიკა და კიდურის ამპუტაცია.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

დიაბეტური ტერფი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦶 დიაბეტური ტერფის სინდრომი შაქრიანი დიაბეტის ერთერთი ყველაზე მძიმე გვიანი გართულებაა და წარმოადგენს ტერფის ანატომიურ-ფუნქციონალური ცვლილებებს, რაც ვითარდება დიაბეტური ნეიროპათიის, ანგიოპათიის, ოსტეოართროპათიიის ფონზე
💊 დიაბეტური ტერფის კონსერვატიული თერაპია შედგება:
➡️ ბაზისური ღონისძიებები:
✅ ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზაცია – შეხორცებისათვის ერთერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს გლუკოზის დონის ნორმალიზაცია;
✅ არტერიული წნევის კონტროლი;
✅ ტერფის მოვლის წესების დაცვა;
✅ დატვირთვის შეზღუდვა – ამცირებს ანთებასა და შეშუპებას, ხელს უწყობს ქსოვილებში აღდგენით პროცესებსა და წყლულის შეხორცებას;
➡️ დამატებითი ღონისძიებები:
✅ დიაბეტური ნეიროპათიისა და ანგიოპათიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
✅ წყლულოვანი დეფექტების ადგილობრივი დამუშავება;
✅ ანტიმიკრობული თერაპია
👉 გაიგეთ მეტი დიაბეტური ტერფის სხვადასხვა ფორმის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3GljLMa
#დიაბეტურიტერფი #დიაბეტი #ნეიროპათიურიდიაბეტურიტერფი #ნეიროიშემიურიდიაბეტურიტერფი #ანგიოპათია #ოსტეოართროპათია #დიაბეტურიტერფისსიმპტომები #დიაბეტურიტერფისმკურნალობა #დიაბეტურიტერფისბაზისურიმკურნალობა #დამატებითიღონისძიებებიდიაბეტურიტერფისსამკურნალოდ #როგორვუმკურნალოთდიაბეტურტერფს #დიაბეტურიფეხი #დიაბეტურიანგიოპათია #დიაბეტურიტერფისმოვლა #ტერფისმოვლა #ფეხისდამატენიანებელისაშუალებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.