გულის ელექტრული დენით დაზიანება

გულის ელექტრული დენით დაზიანება

გულის ელექტრული დენით დაზიანება – პათოგენეზი, კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა >>>>

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

გულის ტრავმული დაზიანებებიდან ცალკე გამოყოფენ გულის ელექტრული დენით დაზიანებას. გულის ელექტრული დენით დაზიანებისას სიკვდილობა შეადგენს 20-30%-ს, ძირითადად დაზარებულნი მამაკაცები არიან.

გულის ელექტრული დაზიანება – პათოგენეზი. გულის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცვლადი, ისე მუდმივი დენის ზემოქმედებამ.

ცვლადი დენის ზემოქმედება განაპირობებს უჯრედების დეპოლარიზაციას, იწვევს აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას ნერვ-კუნთოვან სინაფსებში და ტეტანურ კუნთოვან სპაზმს, რაც ახანგრძლივებს დენთან კონტაქტის პერიოდს, რადგან მომხრელი კუნთები უფრო ძლიერია გამშლელებთან შედარებით. გულის მხრივ ცვლადი დენი იწვევს სისხლძარღვების ტეტანურ სპაზმს და შესაბამისი უბნების იშემიას, გარდა ამისა განაპირობებს გულის ქსოვილებზე პირდაპირ ზემოქმედებასა და ნეკროზს. ხშირად ვითარდება გამტარებლობის დარღვევები, რადგან გულის გამტარი სისტემა  მეტად მგრძნობიარეა ცვლადიდ ენის მიმართ. დაბალი სიხშირის ელექტრული დენი იწვევს პარკუჭების ფიბრილაციას.

მუდმივი ელექტრული დენი  (მაგალითად მეხის დაცემის დროს) იწვევს პარკუჭების ფიბრილაციას ან მარცხენა პარკუჭის დეპოლარიზაციას და ასისტოლიას. ზოგჯერ გულის ავტომატიზმი დამოუკიდებლად აღდგება ასისტოლიის შემდეგ, თუმცა თანხმლები აპნოე შესაძლოა გახდეს გულის უკვე ჰიპოქსიური გაჩერების მიზეზი. სხეულში ელექტრული დენის გატარების გზა მნიშვნელოვანია დაზიანების სიმძიმის განაზღვრისათვის. ტრანსთორაკალური გატარებისას (ხელებში) ხშირია სუნთქვისა და გულის მოქმედების შეწყვეტა, ნაკლებად საშიშია ვერტიკალური ზემოქმედება.

გულის ელექტრული დენით დაზიანება – კლინიკური სურათი

გულზე ელექტრული დენის ზემოქმედების შედეგად შესაძლოა განვითარდეს პარკუჭების ფიბრილაცია და ასისტოლია, გამტარებლობის დარღვევები, ტრანზიტორული იშემია და მიოკარდიუმის ინფარქტი.

გულის ელექტრული დენით დაზიანება – დიაგნოსტიკა

გულის ელექტრული დენით დაზიანებისას ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება  ST სეგმენტის ტიპიური ელევაციები, შემდგომი პათოლოგიური Q   კბილის გამოვლინებით, ასევე Q-T  ინტერვალის გახანგრძლივება, როგორც დენის მიოკარდიუმზე პირდაპირი ზემოქმედების ისე ცნს-ის დაზიანების შედეგად არაპირდაპირი ზემოქმედების შედეგად. მიოკარდიუმის დაზიანების სიმძიმის შესაფასებლად საჭიროა სისხლში კარდიული ენზიმების აქტივობის განსაზღვრა.

გულის ელექტრული დენით დაზიანება – მკურნალობა

გულის ელექტრული დენით დაზიანებისას უმეტეს შემთხვევაში საჭირო ხდება რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, რის შემდეგაც აუცილებელია ელექტროკარდიოგრამისა და არტერიული წნევის მონიტორინგი, რადგანაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ტაქიკარდია, არითმია და არტერიული ჰიპერტენზია კატექოლამინების სიჭარბის გამო. ასეთ დროს დგება β – ადრენობლოკატორების  გამოყენების საჭიროება. მიოკარდიუმის ინფარქტისა და მისი გართულებების მკურნალობა ხდება იშემიური ინფარქტის მკურნალობის ანალოგიურად.

ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები რამდენიმე კვირა გრძელდება, პაციენტთა უმეტესობაში ხდება მარცხენა პარკუჭის ფუნქციის აღდგენა. თუ ელექტრული დენის ზემოქმედების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ეკგ-ზე პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება, მონიტორინგი აუცილებლობას არ წარმოადგენს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..