აორტის დისექცია (განშრევება)
აორტის დისექცია (განშრევება) – ეტიოლოგია, კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა >>>
აორტის დისექცია (განშრევება) – აორტის შიგნითა კედლის აშრევება, რის გამოც სისხლი აღწევს აორტის კედლის შრეებს შორის და კიდევ უფრო აღრმავებს პროცესს. თუ განვითარდა აორტის სამივე შრის აშრევება, ვითარდება მასიური სისხლდენა, რაც შემთხვევათა 90%-ში იწვევს სიკვდილს, სწორად დაწყებული მკურნალობის დროსაც კი. ხშირად აორტის განშრევება აორტის ანევრიზმის გართულებას წარმოადგენს.
აორტის დისექციის (განშრევება) ეტიოპათოგენეტიკური ფაქტორებიდან გამოყოფენ:
- ათეროსკლეროზი, აორტის სისხლძარღვების (სისხლძარღვთა სისხლძარღვები – vasa vasorum) მნიშვნელოვანი ცვლილებებით, აორტის კედლის იშემიით
- ჰიპერტონიული დაავადება და არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- სიფილისი
- ბაქტერიულ-ემბოლიური ეტიოლოგიის მქონე სისხლძარღვის შუა კედლის კეროვანი ნეკროზები მწვავე ინფექციური დაავადებების დროს
- აორტის განვითარების თანდაყოლილი დეფექტები (კოარქტაცია, ორმაგი რკალი, ჰიპოპლაზია, ბოტალის სადინრის შეუხორცებლობა, მარფანის სინდრომი)
- ფიზიკური და ნერვულ-ემოციური გადაძაბვა
- აორტის დაზიანება მოსაზღვრე ორგანოების პათოლოგიისას (სპონდილიტი, საყლაპავის კიბო, საყლაპავისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პენეტრირებადი წყლული)
- გულმკერდის ან მუცლის ღრუს დახურული ტრავმა
აორტის დისექცია (განშრევება) – კლინიკური სურათი
აორტის დისექციის დროს კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე, რაც ვარირებს აორტის ინტიმის დაზიანებიდან აორტის სრულ განშრევებამდე და გასკდომამდე, ამ უკანასკნელის დროს ვითარდება შინაგანი სისხლდენა და ჰემორაგიული შოკი. აორტის განშრევების დროს ვლინდება ორგანული სიმპტომები, რაც განისაზღვრება:
- აორტის კედლის დაზიანების ლოკალიზაციით და მისგან გამომავალი სისხლძარღვების დაზიანებით (გვირგვინოვანი, ლავიწქვეშა, საძილე, მეზენტერიალური, კუნთთაშორისი არტერიები და სხვა.)
- ინტიმის დაზიანების ლოკალიზაციით (აორტის დასაწყისი, სარქველზედა უბანი, აღმავალი ნაწილი, აორტის რკალი, გულმკერდის დაღმავალი ნაწილი, მუცლის აორტა)
- სისხლჩაქცევის ლოკალიზაციით (პერიკარდიუმის ღრუ, შუასაყარი, პლევრის ღრუ, მუცლის ღრუ)
გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას შეიძლება აღინიშნებოდეს სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშნები, რაც აისახება ელექტროკარდიოგრამაზე. ნევროლოგიური სიმპტომები (ჰემიპლეგია, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები, პარაპლეგია, მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დარღვევა) დაკავშირებულია თავის ან ზურგის ტვინის სისხლძარღვების ზეწოლასთან ან დაზიანებასთან. თირკმლის მხრივ ვლინდება სიმპტომები თირკმლის კოლიკის, პარანეფრიტის ნიშნების, რეფლექტორული ანურიის სახით. მუცლის ღრუს მზარდი, მოპულსირე სიმსივნე დამახასიათებელია მუცლის ღრუს განშრევებადი ანევრიზმისათვის. შუასაყარში, პლევრის ღრუში, პერიკარდიუმის ღრუში სისხლჩაქცევის დროს აღინიშნება შესაბამისი ფიზიკალური ნიშნები – ორგანოთა საზღვრების, გულის მოყრუების საზღვრების გადიდება. გულის ტამპონადის განვითარებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს გულის ელექტრული აქტივობის თანდათანობით შესუსტება – ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ასისტოლია). დაავადების საწყის პერიოდში პერიფერიული სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მიუხედავად (სიფერმკრთალე, ცივი ოფლი) შესაძლოა აღინიშნებოდეს არტერიული წნევის მატება. საწყის ეტაპზე მოსალოდნელია ბრადიკარდია დეპრესორული ნერვების გაღიზიანების გამო, თუმცა შინაგანი სისხლდენის დაწყებისას ბრადიკარდია იცვლება ტაქიკარდიით.
აორტის დისექცია (განშრევება) – დიაგნოსტიკა
აორტის დისექციის (განშრევება) დიაგნოსტირება რიგ შემთხვევებში სირთულეს წარმოადგენს სიმპტომების მრავალფეროვნების გამო. ტარდება რენტგენოგრაფია, კომპიუტერული და მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია, ტრანსეზოფაგალური ექოკარდიოგრაფია. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ადრე ითვლებოდა აორტოგრაფია, თუმცა დღეისათვის მიმართავენ ნაკლებ ინვაზიურ გამოკვლევებს.
აორტის დისექცია (განშრევება) – მკურნალობა
აორტის დისექციის (განშრევება) დროს მედიკამენტოზური მკურნალობა მიმართულია ტკივილის კუპირების, არტერიული წნევის ნორმალიზაციისა და პარკუჭების შეკუმშვის სიხშირის შემცირებისაკენ. ამასთან რაც შეიძლება მალე უნდა დაისვას დიაგნოზი, რათა დროულად მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული ჩარევის მიზანია განშრევებული აორტის უბნის ამოკვეთა და მისი ჩანაცვლება პროთეზით (იხ. რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე).
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988