ვენური სისტემის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

ვენური სისტემის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა ტარდება დაავადებების განმეორებითი გამოვლინებების დროს, როდესაც კონსერვატიული მეთოდები უეფექტოა. ოპერაციული ჩარევა დამოკიდებულია ვენების დაავადებების სტადიაზე, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე და რაობაზე.

ქრონიკული ვენური უკმარისობის საწყის ეტაპებზე ქვემო კიდურების ზედაპირზე ჩნდება ტელეანგიექტაზიები და რეტიკულური  ვარიკოზი, რომელიც მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს და  მისი მოცილება შესაძლებელია სკლეროთერაპიის მეშვეობით, თუმცა ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამოხატული ფორმის დროს, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა და სკლეროთერაპია უეფექტოა, მიმართავენ დაზიანებული ვენის ქირურგიულ მოცილებას, შესაძლებელია განხორციელდეს ლაზერული და რადიოსიხშირული აბლაცია, ფლებექტომია, დაზიანებული ვენის ენდოსკოპიური მოცილება, ვენის შუნტირება.

ნებისმიერი ზომის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მოცილების მიზნით შესაძლებელია ლაზერული ქირურგიის მეთოდის გამოყენება. ლაზერის სხივების ზემოქმედების შედეგად, არამარტო დაზიანებული ვენა ქრება, არამედ განაპირობებს წვივის მიდამოს ტროფიკული წყლულის შეხორცებასაც.

ვენების სარქვლების დაზიანების დროს, რაც ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარების ძირითადი მიზეზია, შესაძლებელია ქირურგიული გზით დაზიანებული სარქვლის აღდგენა.

ღრმა ვენების თრომბოზის მძიმე ფორმების დროს, როდესაც არსებობს ქსოვილების ნეკროზის განვითარების ალბათობა, ახორციელებენ თრომბის ქირურგიულ მოცილებას – თრომბექტომიას. გარდა ამისა ასეთ თრომბოზის დროს არსებობს თრომბის მოწყვეტისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი, რის გამოც მიმართავენ კავა ფილტრის იმპლანტაციას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..