სალმონელოზური მენინგიტი

სალმონელოზური მენინგიტიეს არის მეორადი ჩირქოვანი მენინგიტი, რომელიც უხშირესად ვითარდება, როგორც სეპტიური სალმონელოზის გართულება, ხოლო შედარებით იშვიათად, როგორც ინტესტინალური ფორმის.

ახასიათებს მწვავე ან თანდათანობითი დაწყება, ინფექციურ–ტოქსიური და/ან მენინგიალური სინდრომი, მძიმე და გახანგრძლივებული მიმდინარეობა.

რა იწვევს სალმონელოზური მენინგიტის პროვოცირებას?

მენინგიტის გამომწვევებიასალმონელა, რომელიც წარმოადგენს წვრილ (0,7–1,5 X 2–5 მკმ), გრამუარყოფით ბაქტერიას, არ ივითარებს სპორებსა და კაფსულას, არ ახასიათებს ტროფულობა რომელიმეგარკვეული ორგანოს ან ქსოვილის მიმართ. ბაქტერია გამძლეა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (კვირეები ან თვეები) და ინარჩუნებს არა მარტო სიცოცხლისუნარიანობას გარემო პირობებში, კვების პროდუქტებში, ბოსტნეულზე, ხორცსა და კვერცხზე, არამედ ასევე აქვს უნარი გამრავლდეს მათში და განახორციელოს ტოქსიური ნივთიერებების დაგროვება, მათ შორის ენდოტოქსინისაც. დღესდღეობით სალმონელა მდგრადია უმეტესობა ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ, თუმცა მაღალმგრძნობიარეა სადეზინფექციო ხსნარების მიმართ (0,3% ქლორის ხსნარი მიკრობს ანადგურებს ერთ საათში). სალმონელებს აქვთ რთული ანტიგენური შენება, თუმცა სეროლოგიური დიაგნოსტიკისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ სამი ძირითადი ანტიგენი О, Н დაVi. – ეს პრინციპი უდევს საფუძვლად კაუფმან–ვაიტის კლასიფიკაციას, რომლის თანახმადაც დღესდღეისობით ითვლიან 2324 სეროტიპს და რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. სალმონელოზური მენინგიტი შესაძლოა გამოიწვიოს სალმონელას სხვადასხვა სეროტიპმა, თუმცა ყველაზე ხშირია: S. typhimurium, S. enteritidis, S. heidelberg, S. newport.

სალმონელებით გამოწვეული დაავადებები გავრცელებულია ყველგან. ბავშვებში ინფექციის ძირითად წყაროს ადრეულ ასაკში წარმოადგენენ ავადმყოფები და ბაქტერიამტარებლები, ასევე ზოგიერთი ცხოველი (ძროხა, ძაღლი, კატა, ღორი), თევზები, ფრინველები. სალმონელოზით დასნებოვნების გზა ფეკალურ–ორალურია, თუმცა ინფექციის გადაცემის ძირითადი წყარო საკვებია, ბავშვებში მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტურ–საყოფაცხოვრებო გზას. შესაძლოა ასევე ინფიცირება მოხდეს სტაციონარში მოხმარების საგნებითა და პერსონალის ხელებით.

სალმონელოზური მენინგიტით უპირატესად ავადობენ ახალშობილი ბავშვები ცხოვრების პირველი 6 თვის განმავლობაში, სხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში ავადობა ნაკლებია. აღნიშნული თავისებურება განპირობებულია ანატომო–ფიზიოლოგიური თავისებურებებით ბავშვის ორგანიზმში, პირველ რიგში კი უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის უკმარისობით, უჯრედული და სისხლძარღვოვანი მემბრანის მომატებული განვლადობითა და ჰემატო–ენცეფალური ბარიერის არასრულფასოვნებით. მენინგიტი ვუხშირესად ვითარდება, როგორც სალმონელოზის გენერალიზებული ან სეპტიური ფორმის გართულება.

პათოგენეზი. რა ხდება სალმონელოზური მენინგიტის დროს?

ინფექციის შეჭრის ჭიშკარია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ისევე როგორც ყველა სხვა ინფექციის დროს, რომლის გადაცემიც გზაც ფეკალურ-ორალურია, სალმონელოზური მენინგიტის განვითარებაც დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და ორგანიზმის დამცველობითი ძალების მექანიზმებზე, მაინფიცირებელი აგენტის დოზაზე, გამღიზიანებლის პათოგენობის ხარისხზე. არასახარბიელო ფაქტორების თანაარსებობის დროს ზიანდება ბავშვის ორგანიზმის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ეპითელიუმი, რადგანაც სალმონელა იჭრება ლორწოვანი გარსის საკუთრივ შრეში ეპითელიოციტების შიგნით მაკროფაგებში და რჩება იქ. როდესაც ბავშვის ორგანიზმს არ შესწევს პათოლოგიური პროცესის ლოკალიზების უნარი ნაწლავებში (ადგილობრივი ანთებითი პროცესის ლოკალიზება), ხდება ნაწლავური და ლიმფოციტარული ბარიერის გარღვევა ბაქტერიემიის განვითარებით (სალმონელოზის სეპტიური ფორმა). სალმონელები, მათი ენდოტოქსინები და პათოგენეზის ენდოგენურად გამომუშავებული ფაქტორები (ჰისტამინის, კალიკრეინის, პროტეოლიზური ფერმენტების და სხვათა კონცენტრაციის მომატება) იწვევენ მიკროცირკულაციის, ჰემოდინამიკის დარღვევებს, მედაბოლურ პრობლემებს და ისეთი შინაგანი ორგანოების დაზიანებებს, როგორებიცაა: ფილტვები, ენდოკარდიუმი, ღვიძლი, თირკმელები, ასვე თავის ტვინის გარსები და ნივთიერება.

სალმონელოზური მენინგიტის სიმპტომები:

ინტესტინალური სალმონელოზის ფონზე განვითარებული მენინგიტის დასაწყისი ყოველთვის მწვავეა. სხეულის ტემპერატურა იმატებს 39–40 °С-მდე, გამოხატულია დიარეის სინდრომი (ხშირი, თხევადი, სუნიანი განავალი ლორწოთი), პირღებინება, ექსიკოზის მზარდი სიმპტომატიკა (კანის ტურგორის დაქვეითება, მშრალი კანი და ლორწოვანი გარსები). დაავადების პირველივე დღეებში შეინიშნება მენინგიალური სიმპტომები. მისი გამოვლენისთანავე ენტეროკოლიტის ნიშნები მცირდება და გადადის უკანა პლანზე, ხოლო ინტოქსიკაციის სიმპტომები იზრდება. სალმონელოზური მენინგიტის მსგავსი ტიპით მიმდინარეობისას ხშირად ვითარდება ლიქვორული ჰიპოტენზიის სინდრომი, რომელიც გამოვლინდება დიდი და მცირე ყიფლიბანდის დაჭიმულობისა და ამოდრეკილობის მონაცვლეობის გაქრობით, მცირედ გამოხატული ან არასრული მენინგეალური სინდრომით, ხოლო ლუმბალური პუნქციის ჩატარებისას ლიქვორი არ გადმოედინება, არამედ „დგას“ ნემსში.

სალმონელოზის სეპტიური ფორმის დროს ავადმყოფებს მენინგიტი უვითარდებათ შედარებით ნელა. სეპტიცემია მიმდინარეობს გამოხატული ტოქსიკოზით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დაქვეითებით – ტაქიკარდიით, გულის ტონების მოყრუებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, ქოშინით, დიურეზის შემცირებით, ჰეპატოლიენალური სინდრომით და ზოგჯერ ჰემორაგიული გამონაყარით.

სეპტიცემიის გამოვლინების პიკის დროს ადგილი აქვს სეპტიკოპიემიური კერების გაჩენას, მათ შორის თავის ტვინის გარსებზე და მენინგიტის კლინიკური სურათის განვითარებას. სალმონელოზური მენინგიტის მიმდინარეობა მძიმეა, ხანგრძლივი და ახასიათებს გამწვავებები, მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარების შემდეგაც და ხშირად მთავრდება ლეტალურად.

__________________________________________

თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიები:

_________________________________________

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გადასვლა >>>> ინფექციური დაავადებები

..