გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრაფია

გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრაფია გამოიყენება გულმკერდის  კედლის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტირებისათვის.

გულმკერდის რენტგენოგრაფია  ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • გახანგრძლივებული ხველა, ქოშინი
  • გულმკერდის არეში ტკივილი
  • გახანგრძლივებული ცხელება
  • გულმკერდის ტრავმა  (ნეკნების მოტეხილობა)
  • უცხო სხეულის არსებობა და ა.შ.

საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


გულმკერდის რენტგენოგრაფიის  ჩატარების მიზანი:

  • მოხდეს ფილტვის შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირება: პნევმონია, ატელექტაზის, პნევმოთორაქსი, პლევრიტი, სიმსივნე, ფილტვების ემფიზემა
  • გამოვლინდეს შუასაყრის  ცვლილებები (მაგ.სიმსივნეები) და გულის  პათოლოგიები (მაგ.გულის უკმარისობა)
  • დადასტურდეს ენდოტრაქეალური მილის, პლევრის ღრუში  დრენაჟის, ფილტვის არტერიაში კათეტერის სწორი მდებარეობა
  • შეფასდეს უცხო სხეულის ლოკალიზაცია და ზომები, როგორც სასუნთქ, ისე საჭმლის მომნელებელ სისტემაში
  • ფილტვის ფუნქციისა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება
  • ტრავმული დაზიანებისას ტრავმის სახისა და ლოკალიზაციის დადგენა (მაგ. ნეკნების  მოტეხილობა, ფილტვების ტრავმული დაზიანება)

გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრაფიისას

ყურადღება ექცევა ძვლებისა და რბილი ქსოვილების სტრუქტურას, ფორმას, გამჭვირვალობას, ე.წ. ფილტვის ველებს, ფილტვის სურათს, ფილტვის კარის მდებარეობასა და სტრუქტურას, დიაფრაგმის თაღებისა და პლევრის სინუსების მდებარეობასა და ფორმას, შუასაყრის   ჩრდილის ზომასა და ფორმას.

გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრაფიისას

პათოლოგიური პროცესზე  მიუთითებს დამატებითი ჩრდილების არსებობა, ფილტვის გამჭვირვალობის მატება ან დაქვეითება, ფილტვის სურათის გაძლიერება ან შესუსტება. უნდა შეფასდეს დამატებითი ელემენტების ფორმა ზომა, რაოდენობა, ინტენსივობა, კონტურები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის, პრაქტიკული ღირებულება გააჩნია ბრონქოსკოპიის, ბიოპსიის, ოპერაციული ჩარევის დაგეგმვისას.

გულმკერდის რენტგენოგრაფია გარდა რიგი დაავადებების დიაგნოსტიკისა, გამოიყენება სკრინინგის მიზნით, ფილტვის ქსოვილის მდგომარეობის შესაფასებლად, კერძოდ კი იმ პირებში, რომელთაც ურთიერთობა უწევთ  პროფესიულ მავნეობებთან (მაგ. მეშახტეები).

გულმკერდის ორგანოებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფილტვების რენტგენოგრაფია. ფილტვების რენტგენოგრაფიას  შესწევს უნარი გამოავლინოს ფილტვის ქსოვილის გამჭვირვალობის უმნიშვნელო ცვლილებებიც კი. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო გამჭვირვალობის დაქვეითებას, არამედ მის მატებასაც, რის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ გარკვეული სიზუსტით ზოგიერთი მორფოლოგიური ცვლილებების თაობაზე: პნევმონიური ინფილტრაცია, პნევმოსკლეროზი, ფილტვის ქსოვილის დაშლა და ა.შ.

ფილტვის სურათის ხასიათის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ  წვრილი ბრონქების ანთებით ცვლილებებზე, სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შეგუბების არსებობა-არარსებობაზე.  გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ფილტვის სურათის შეფასებისას ასაკობრივი და კონსტიტუციური თავისებურებები.

ფილტვის რენტგენოგრაფია საშუალებას იძლევა მოხდეს ფილტვის ატელექტაზის  დიაგნოსტირება, ამასთან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მეორე, ჯანმრთელ ფილტვში სისხლის მიმოქცევის გადანაწილების გამო ფილტვის სურათი შეიძლება გაძლიერდეს, რაც ზოგჯერ მიიჩნევა პათოლოგიურ მდგომარეობად (პერიბრონქიალური ინფილტრაცია).

გულმკერდის მიმოხილვით რენტგენოგრამაზე ასევე შესაძლებელია გამოლინდეს ფილტვების ემფიზემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დიაფრაგმის გუმბათების გამსხვილება, ფილტვის ველების გამჭვირვალობის მატება, სისხლძარღვებს შორის მანძილის გაზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების რენტგენოგრაფიაზე  იოლად ვლინდება ესა თუ ის ცვლილებები, მათი ინტერპრეტაცია გარკვეულ სიძნელეებს იწვევს და მხოლოდ კვლევის დამატებითი უფრო რთული მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა. ამასთან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გულმკერდის რენტგენოგრაფია   შესაძლოა არ იყოს ინფორმატიული, რაც განპირობებულია პათოლოგიური კერის ჩრდილის გადაფარვით ნორმალურ ანატომიურ სტრუქტურებზე, ასევე არასწორი პროექციის დროს, განსაკუთრებით შუასაყრის   პათოლოგიის, მკერდის ძვლისა და ნეკნების მოტეხილობისას. ასეთ შემთხვევაში ალტერნატივას წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფია.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..