ტრიქომონადული კოლპიტი

ტრიქომონადული კოლპიტი

ტრიქომონადული კოლპიტი ეწოდება საშოს ანთებას, რომლის გამომწვევიცაა ტრიქომონა. ტრიქომონების გადაცემა ხდება სქესობრივი აქტის დროს, ხოლო დასნებოვნების სხვა ვარიანტები ნაკლებადსავარაუდოა. დაავადების განვითარებას განაპირობებს იმუნიტეტის დაქვეითება, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა ან საშოს ლორწოვანი გარსის სხვა ცვლილებები.

ტრიქომონებით დაავადების დროს ყველაზე ხშირად ვითარდება საშოს ანთება, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ურეთრიტი ან ცერვიციტი. დაავადების სიმპტომები გამოვლინდება ქავილის, წვის, ტკივილის და სიმძიმის შეგრძნებით მუცლის ქვემო ნაწილში. გამონადენი არის უხვი, ქაფისებური და უსიამოვნო თევზის სუნის მქონე. შესაძლებელია გარეთა სასქესო ორგანოების სიწითლე და შეშუპება.

ტრიქომონადულ კოლპიტს ქრონიკული მიმდინარეობისას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის ცირკულარული ეროზია თეთრად შლის გახანგრძლივების გამო. ურეთრიტის თანდართვის დროს აღინიშნება წვისა და ჭრის შეგრძნება შარდვის დროს.

ტრიქომონადული კოლპიტი ქალებში უხშირესად ატარებს გახანგრძლივებულ ხასიათს დაავადების პერიოდული რეციდივებით. ორივე პარტნიორის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში ადგილი აქვს ინფექციის გავრცელებას. დაავადების ქრონიკული ფორმებისას სიმპტომები ძირითადად წარმოდგენილია გამონადენით, ხოლო წვა და ქავილი შედარებით იშვათად გვხვდება.

ორსულობის პერიოდში ტრიქომონადული კოლპიტი წარმოადგენს საშიშროებას ნაყოფის ტრიქომონული დაბინძურების თვალსაზრისით. ასევე ინფექციურ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს თვითნებური აბორტი. ინფექცია განსაკუთრებით საშიშია ორსულობის ადრეულ სტადიებზე. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში აუცილებელია გაკეთდეს ანალიზები ინფექციის გამოვლინების თვალსაზრისით და ტრიქომონის არსებობის შემთხვევაში ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ნებისმიერი სიმპტომი არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და სათანადო გამოკვლევების გარეშე.

ტრიქომონიის მკურნალობის დროს აუცილებელია ორივე პარტნიორის გამოკვლევა და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების გატარება. მხოლოდ ერთი პარტნიორის მკურნალობა არაფერის მომცემი არაა, რადგანაც მეორადი ინფიცირება ასევე იწვევს დაავადების განვითარებას. ხშირად ტარდება კომპლექსური მკურნალობა თანდართული ვენერიული დაავადებების გამო. მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია. ტრიქომონადული კოლპიტის მკურნალობის სქემა მოიცავს ანტიბაქტერიულ თერაპიას, ორგანიზმის ზოგადი გამაჯანსაღებელი პრეპარატების მიღებასა და ფიზიოპროცედურებს ანტიბიოტიკების ეფექტის გასაძლიერებლად. ასევე ტარდება ადგილობრივი მკურნალობა ანტიმიკრობული მალამოების, სანთლების და საშოში აბაზანებისა და შესხურებების საშუალებებით.

ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპაარტების გამოყენება სიფრთხილით ხდება – ზოგიერთი მედიკამენტის მიღება ორსულობის დროს დაშვებული არაა. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა. ხშირად თვითმკურნალობა იწვევს დაავადების გამომწვევის რეზისტენტობას პრეპარატების მიმართ, რაც მომავალში კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..