ქსანთომატოზი

ქსანთომატოზი [xanthomatosis; ქსანთომა (ბერძ. xanthos ყვითელი + – ოტა) + -ōsis] – წარმოადგენს ქოლესტერინის და/ან ტრიგლიცერიდების ჩანართებს კანში, ხრტილში და სხვა ქსოვილებში, ზოგჯერ შინაგან ორგამოებში, რომელსაც ეწოდება ქსანთომები. ქსანთომატოზი ვითარდება სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის მატებისას, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქოლესტერინი და სისხლის პლაზმის ტრიგლიცერიდები.

განარჩევენ პირველად ქსანთომატოზს, რომელიც განპირობებულია ლიპოპროტეინების ცვლის თანდაყოლილი დარღვევით და მეორადი – განპირობებული ჰიპერლიპოპროტეინემიით, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სახის დაავადებებით, მათ შორის შაქრიანი დიაბეტით, ჰიპოთირეოზით, ნეფროზული სინდრომით, ღვიძლის ბილიარული ციროზით.

ჰიპერლიპოპროტეინემიის სხვადასხვა ფორმების დროს კლინიკური გამოვლინებები სხვადასხვანაირია. ლიპოპროტეინლიდაზას უკმარისობის თანდაყოლილი ფორმა, რომელიც ხასიათდება სისხლში ქილომიკრონებისა და ტრიგლიცერინების შემცველობით, ძირითადად გვხვდება ბავშვებში. აღინიშნება წვრილკვანძოვანი გამონაყარი (ერუპტიული ქსანთომები) დუნდულების, ზურგის და კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, ასევე ლორწობან გარსებზე (ტუჩების, რბილი და მაგარი სასის მიდამოში). მათ გამოვლინებას ზოგჯერ თან ახლავს ქავილი. ქსანთომები მუდმივი არაა: გამოვლინდება პლაზმაში ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობისას და ქრება მისი დაქვეითებისას. ხშირად გვხვდება ჰეპატოსპლენომეგალიასთან ერთად (ღვძლის და ნაღვლის ბუშტის ქსანთომატოზთან დაკავშირებით. ფრედრიქსონის ჰიპერლიპოპროტეინემიის IIტიპის დროს, 20 წელზე ასაკოვანი პირების შემთხვევაში ჰიპერქოლესტერინემიისას (სისხლში დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მატების შედეგად), ყველაზე ხშირად გამოვლინდება ხრტილის ქსანთომები სხვადასხვა ზომის კვანძების სახით 2მმ–დან 5სმ დიამეტრამდე. ასევე აღინიშნება ქსანთომები კანზე: ბრტყელი – მოყვითალო–სტაფილოსფერი, ზედაპირიდან მცირედ წამოწეული ბალთების ან თაღების სახით. ეს ქსანთომები განლაგებულია იზოლირებულად ან ჯგუფებად, უპირატესად ხელის გამშლელ ზედაპირზე, განსაკუთრებით მტევნებზე, დუნდულებზე, იშვიათად ზურგსა და ფეხებზე. ესეთი ტიპის ქსანთომები მთელი ცხოვრება რჩება და თანდათანობით დიდდება ზომასა და რაოდენობაში. სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობის მქონე პათოლოგიური (მოფლოტირე) b–ლიპოპროტეინების დაგროვებისას ხშირია ბრტყელი ქსანთომები ხელის გულებზე (იშვიათად გვხვდება ერუპტიული და ერუპტიულ–თაღოვანი ქსანთომები კანზე, ასევე ქსანთომები ხრტილზე).

ქსანთომატოზის გვიანი გამოვლინების ფორმაა ქსანთელაზმები (ქუთუთოს კიდეზე ბრტყელი ქსანთომები) და რქოვანას ლიპოიდური რკალები. ხშირად გვხვდება ქსანთომებისა და ათეროსკლეროზის ერთობლივი არსებობა.

მკურნალობა მიმართულია ჰიპერლიპოპროტეინემიის აღდგენაზე. ძირითადად ცხიმების შეზღუდვაზე დაფუძნებული დიეტა. ერთეულ შემთხვევებში ქსანთომებს ამოკვეთენ ქირურგიული წესით კოსმეტიკური მიზნით.

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქსანთომატოზი – (xanthomatosis; ქსანთომა + osis) კანში და ზოგიერთ ქსოვილში ლიპიდების  –  ქოლესტერინის  და (ან) ტრიგლიცერიდების ჩალაგება მათი ცვლის პირველადი ან მეორადი მოშლის შედეგად. ვლინდება ქსანთომის გამოვლინებით; იშვიათად ეს არის ქრონიკული სისტემური ჰისტიოციტოზი ჰისტიოციტებში ლიპიდების დაგროვებით, ამ უჯრედებში მათი ცვლის დაღვევის შედეგად.