რენტგენოლოგიური გამოკვლევა

რენტგენოლოგიური გამოკვლევა

რენტგენოლოგიური გამოკვლევა ერთერთი საკმაოდ ინფორმატიული მეთოდია მედიცინაში, რომელიც გამოიყენება მთელი რიგი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის. რენტგენოლოგიური გამოკვლევისას გამოიყენება რენტგენის სხივები, რომელიც ქსოვილებში გავლისას სხვადასხვა ხარისხით შთაინთქმება და მიიღება გამოსახულება სპეციალურ ეკრანზე (რენტგენოსკოპია) ან რენტგენოგრაფიულ (რენტგენოგრაფია) ფირზე.

რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ბუნებრივი კონტრასტულობის წყალობით სპეციალური მომზადების გარეშე შესაძლებელია მოხდეს ძვლების, სახსრების, ფილტვების, გულისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს გამოკვლევა, თუმცა ისეთი ორგანოების (კუჭი, ღვიძლი, თირკმლები, სისხლძარღვები) გამოსაკვლევად, რომელთა ბუნებრივი კონტრასტულობა არაა საკმარისი, მიმართავენ ხელოვნურ კონტრასტულობას: ორგანიზმში შეყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, რომელიც უფრო ძლიერად (ბარიუმის სულფატი) ან სუსტად (აირი) შთანთქავს რენტგენის სხივებს, ვიდრე გამოსაკვლევი ორგანო, რის შედეგადაც მიიღება კონსტრასტული გამოსახულება. რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანა ხდება შინაგანად კუჭის გამოკვლევისას, სისხლძარღვოვან კალაპოტში, მაგ. უროგრაფიის დროს ან უშუალოდ ღრუში და პარენქიმულ ორგანოში, მაგ. ჰაიმოროგრაფია, ბრონქოგრაფია, ჰეპატოგრაფია. ოპტიმალური მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია გამოსაკვლევ ორგანოსა და კონკრეტულ დიაგნოსტიკურ ამოცანაზე.

რენტგენოლოგიური გამოკვლევის უკუჩვენებები

რენტგენოლოგიური გამოკვლევის ნებისმიერი მეთოდის (რენტგენოგრაფია, რენტგენოსკოპია, ფლუოროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) დროს გამოიყენება მაიონიზირებელი რენტგენის სხივები, რომელიც (მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რენტგენოლოგიურ აპარატებში გამოიყენება გამოსახულების მიღების ციფრული ტექნოლოგია და გამოსხივების მინიმალური დოზა), ახდენს არასასურველ გავლენას ორგანიზმზე, რაც განპირობებულია რენტგენის სხივების მავნე ზემოქმედებით გენეტიკურ მასალაზე, დნმ-ზე. განსაკუთრებით მგრძნობელობით გამირჩევა რენტგენის სხივების მიმართ სწრაფად გამრავლებადი უჯრედები.

განსაკუთრებით მგრძნობიარეა რენტგენოლოგიური დასხივებისადმი:

1. სასქესო ჯირკვლები – მაღალი დოზით დასხივებამ შესაძლოა გამოიწვიოს სტერილიზაცია
2. ძვლის ტვინი უჯრედები – ირღვევა სისხლწარმოქმნის  პროცესები
3. თვალის ბროლის უჯრედების  – ვითარდება სხივური კატარაქტა
4. კანის საფარველისა და შინაგანი ორგანოების ეპითელიუმი – ვითარდება ატროფიული პროცესები, რეგენერაციის დარღვევა ავთვისებიან გადაგვარებამდეც კი
5. ნაყოფის ქსოვილები და ორგანოები – იწვევს განვითარების ანომალიას, რის გამოც რენტგენოლოგიური გამოკვლევა უკუნაჩვენებია ორსულებისათვის, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ორსულის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი და სხვა ალტერნატიული მეთოდის გამოყენება არაა შესაძლებელი
6. ორგანოები და ქსოვილები სქესობრივი მომწიფების ხანამდე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (მოტეხილობა, პნევმონია  და ა.შ)
7. ორგანოები და ქსოვილები ინტენსიური ნივთიერებათა ცვლით (ფარისებრი და მკერდუკანა ჯირკვალი, სასქესო ორგანოები და სხვა)

გარდა ზემოთ აღნიშნულისა რენტგენოლოგიური გამოკვლევის უკუჩვენებები განისაზღვრება ავადმყოფის მდგომარეობით და კონკრეტული სპეციფიურ მეთოდით, მაგ. ბრონქოგრაფია უკუნაჩვენებია სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესის დროს.

გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრაფია
მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია
ხერხემლის რენტგენოგრაფია
მამოგრაფია
ანგიოგრაფია
ცერებრული ანგიოგრაფია (საძილე, ხერხემლის არტერიების ანგიოგრაფია)
აორტოგრაფია (გულმკერდის და მუცლის აორტის ანგიოგრაფია)
ანგიოკარდიოგრაფია (გულის ღრუებისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ანგიოგრაფია)
ვენტრიკულოგრაფია (გულის ღრუების გამოკვლევა)
ანგიოპულმონოგრაფია (ფილტვის არტერიებისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია)
ბრონქიალური არტერიოგრაფია
თირკმლის არტერიო- და ვენოგრაფია
პერიფერიული არტერიოგრაფია
კავაგრაფია
კორონაროგრაფია

____________________________________________

    • ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
    • ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
    • ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
    • თემატურად მომიჯნავე სტატიები
    • საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
    • ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
________________________________________
..