ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა, ჭარბოფლიანობა)

ჰიპერჰიდროზი  (ჭარბი ოფლიანობა, ჭარბოფლიანობა)
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ჰიდროზი  ოფლის გამოყოფას ნიშნავს. ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ჩვეულებრივ პირობებში, დაახლოებით ნახევარ ლიტრს. მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ათჯერ მეტსაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ჰიდროზი და ჰიპერჰიდროზი

ორგანიზმი, მუდმივად გამოყოფს ოფლს. ოფლდენას მრავალი ფუნქცია აქვს, მაგრამ  აქ, ცენტრალურად ორგანიზმის ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქციას მივიჩნევთ. ოფლის გამოყოფისა და აორთქლებით, ორგანიზმი ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას.
გარემოს ტემპერატურის აწევისას იზრდება სხეულის ტემპერატურაც. ორგანიზმმა კი უნდა შეინარჩუნოს მუდმივი ტემპერატურა. შესაბამისად, თავის ტვინი ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას ნიშანს აძლევს და ოფლის გამოყოფაც მატულობს. ამდენად, ტემპერატურისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად, ოფლის ზომიერი გამოყოფა ბუნებრივი პროცესია. დისკომფორს იწვევს  ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი (ჭარბოფლიანობა). კანის ბინადარი მიკროორგანიზმები ოფლს  “ამუშავებენ” და სპეციფიკურ სუნს აძლევენ.

ჰიპერჰიდროზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა, ჭარბოფლიანობა) დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი მუდმივად გამოყოფს ზედმეტ ოფლს. ჰიპერჰიდროზით (ჭარბი ოფლიანობით, ჭარბოფლიანობით) დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%. ჰიპერჰიდროზი იმდენად დიდი პრობლემაა, რომ შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში ჰიპერჰიდროზის  მკურნალობა სამედიცინო დაზღვევით იფარება.
ჰიპერჰიდროზმა შეიძლება მოიცვას  მთლიანად სხეულის კანი.  არსებობს ასევე ჰიპერჰიდროზის ადგილობრივი სახესხვაობა, რომლის დროსაც ოფლიანობა ჩნდება ერთ გარკვეულ, შემოსაზღვრულ უბანში. ყველაზე ხშირად ჭარბ ოფლიანობასვხვდებით ხელის გულების მიდამოში, ფეხის ტერფებზე, საზარდულის ნაოჭებთან, იღლიების მიდამოში, უკანა ტანის გასავალთან, ზედა ტუჩზე, ცხვირი წვერსა და ნიკაპზე.
ჰიპერჰიდროზის  დაავადების ადგილობრივი ფორმის მიზეზებიც შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი.
ხელებისა და ფეხების პათოლოგიურად მომატებული ოფლიანობის დროს აღნიშნული ადგილები მუდმივად ნოტიოა, ცივი და ხელის შეხებისას კანი შეცვლილია მუდმივად დატენიანების გამო.

სუნიანი ოფლი, ფერადი ოფლი, ბრომიდოზი

ჰიპერჰიდროზის დაავადების ცალკეული სახესხვაობაა ე.წ. ბრომიდოზი, რომელიც გულისხმობს დიდი რაოდენობით სუნიანი ოფლის გამოყოფას. იშვიათად შეიძლება შევხვდეთ ფერად ოფლს. მას შეიძლება ჰქონდეს წითელი, ლურჯი, ყვითელი, იასამნისფერი შეფერილობა, ხოლო კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში – სისხლისფერი.

ჰიპერჰიდროზის  სახეები

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს (ჭარბ ოფლიანობას).
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი – წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული. პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.
პირველადი ჰიპერჰიდროზი – ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე; იგი ღამის საათებში   გამოხატული ფაქტიურად არაა. ზოგჯერ პირველადი ჰიპერჰიდროზს (ჭარბ ოფლიანობას) აქვს ოჯახური, მემკვიდრული ხასიათი.
მეორადი ჰიპერჰიდროზი უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. ამ დაავადებების არასრული სია ასეთია:

  1. ენდოკრინული დაავადებები;
  2. ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები;
  3. ინფექციური დაავადებები;
  4. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  5. თირკმელების დაავადებები
  6. ავთვისებიანი სიმსივნეები;
  7. გენეტიკური დაავადებები;
  8. ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა და სხვა.

 პროფილაქტიკა

ჰიპერჰიდროზისადმი მიდრეკილ  პაციენტებს ეკრძალებათ რეზინის ფეხსაცმელების, კაპრონის წინდები, სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელის ტარება.  აუცილებელია ფეხების ყოველდღიური ჰიგიენა. დაავადების ზოგადი სახეობის დროს კარგ შედეგს იძლება შარკოს შხაპი და წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. ყველა პაციენტისათვის რეკომენდებულია სპორტის ამა თუ იმ სახეობით დაკავება.

 მკურნალობა

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) რთული ფორმის განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) ზოგადი ფორმის დროს აუცილებელია პაციენტების კონსულტირება ნევროპათოლოგთან.
დაავადების მსუბუქი შემთხვევებისას მთელი თერაპია მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ – შემცირდეს დღე–ღამის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა. გაძლიერებული ოფლდენის ადგილებში კანი მუშავდება სპეციალური ხსნარებით.
ხელისა და ტერფის ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) დროს კარგ თერაპიულ შედეგს იძლევა საღამოობით მუხის ქერქის ნახარშის აბაზანები, რის შემდეგაც რეკომენდებულია დაზიანებული ადგილების გაწმენდა სპეციალური ხსნარებითა და ლოსიონებით. დიდი ზომის ნაოჭების ადგილები შესაძლებელია დავამუშავოთ ტუალეტის ძმრით. ტერფის მიდამოში გამოიყენება სხვადასხვა სახის პუდრები.

“მოვლის“ მეთოდები

  • დიეტა – რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.). ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ოფლდენას;
  • ჰიგიენური წესების დაცვა – შხაპის მიღება სასურველია დღეში ორჯერ. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, ფეხსაცმელი – ტყავისაგან დამზადებული და შესაფერისი ზომის. არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!

ფიზიოთერაპიული მეთოდები. 

ჭარბ ოფლიანობის საწინააღმდეგოდ ფიზიოთერაპიული  მეთოდებიც გამოიყენება. ამ მეთოდებს მიეკუთვნება:

  • ცვლადი დენის გამოყენება;
  • სითბური პროცედურები;
  • იონოფორეზი;
  • ზოგადი და ლოკალური ულტრაიისფერი გამოსხივება;
  •  შარკოს შხაპი.

ფიზიოთერაპიულ მეთოდებს, უმეტეს შემთხვევაში აქვთ დადებითი ეფექტი, მაგრამ ეს ეფექტი ხანგრძლივი არაა.

ოფლის  საწინააღმდეგო დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები

ოფლთან ბრძოლის ყველაზე მარტივი საშუალება დეზოდორანტის ან ანტიპერსპირანტის  შეძენაა. მოსახლეობა მათ ერთმანეთისაგან ნაკლებად არჩევს, თუმცა ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.

  • დეზოდორანტიდეზოდორანტი   ოფლის სუნს საკუთარი, სასიამოვნო სუნით ცვლის. ხმარების წესის მიხედვით განასხვავებენ  ბურთულიან  დეზოდორანტებს, გელს, ტალკს, კრემს და სპრეის. არსებობს ანტიბაქტერიული დეზადორანტებიც.  იგი დამატებით შეიცავს ბაქტერიოციდულ და სადეზინფექციო დანამატებს, რომლებიც მიკროორგანიზმებს ანადგურებენ. დეზოდორანტების უარყოფითი მხარეა ხანმოკლე მოქმედება და ოფლის გაძლიერებული გამოყოფის შემთხვევაში სრული არაეფექტურობა. 
  • ანტიპერსპირანტები. ანტიპერსპირანტები ეწინააღმდეგებიან ოფლის გამოყოფის პროცესს. ისინი შეიცავენ ალუმინის მარილები. ალუმინის მარილები  კანში აღწევენ, ჯირკვლებს ახშობენ და ოფლის გამოყოფის საშუალებას არ აძლევენ. ანტიპერსპირანტებს ორი დიდი ნაკლი აქვთ: ა) ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში იწვევენ დერმატიტებს; ბ) ოფლის გამოყოფას მაშინაც ახშობენ, როც  იგი აუცილებელია ორგანიზმისათვის; გ) ბუნებრივი მიკროფლორის მუდმივ დათრგუნვას ბევრად უფრო სერიოზული უსიამოვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე თავად ოფლის სუნს. 

 აპარატურული მეთოდები

  • ელექტროფორეზი – სასურველია სეანსების ჩატარება კვირაში ერთხელ. ეფექტი ჩვეულებრივ კარგია და გამოიხატება 8-9 სეანსის შემდეგ;

 ქირურგიული მეთოდები

ჰიპერჰიდროზის  სამკურნალოდ ქირურგიულ ჩარევებსაც მიმართავენ. ეს ცხადია, ყველაზე რთული და ძვირადღირებული მეთოდია.

  • სიმპათექტომიის სხვადასხვა სახეები – ოპერაცია მდგომარეობს საოფლე ჯირკვლების მაინერვებელი ნერვების გადაკვეთაში (შეუქცევადი სიმპათექტომია) ან გადაჭერაში (შექცევადი სიმპათექტომია). ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია იღლიის ფოსოს და ხელისგულების ოფლიანობის დროს. გაუმჯობესება აღენიშნება ავადმყოფების 40-80%-ს. ეფექტი გრძელდება რამდენიმე წელი. 

გვერდითი მოვლენები: ოფლის გამოყოფის კომპენსატორული გაძლიერება, ოფლიანობა საკვების მიღების შემდეგ, ქუთუთოს ფტოზი, არითმიები და სხვ.

  • იღლიის ფოსოს კიურეტაჟის სხვადასხვა სახეები – ეს არის კანის გამოფხეკა შიგნიდან პატარა ზომის განაკვეთიდან მიდგომით. იგი ნაჩვენებია იღლიის ფოსოს იზოლირებული ჰიპერჰიდროზის დროს. პაციენტების უმრავლესობას ოფლის გამოყოფა უმცირდება ან საერთოდ უწყდება. გარკვეული დროის შემდეგ (დაახლოებით 6 თვის შემდეგ) ხდება ოფლის გამოყოფის აღდგება.

გართულებები: კანის ნაწიბუროვანი ცვლილებები, კანის ნეკროზი, არასაკმარისი გამოფხეკა.

  • ჰიპერჰიდროზის ზონაში კანის ნაწილის მოშორება;
  • ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  მკურნალობის  საკვები დანამატების მეთოდები;

მკურნალობა ბოტოქსით

ჰიპერჰიდროზთან ბრძოლისათვის  ბოტოქსსაც იყენებენ.  პრეპარატი  ბოტოქსი ნერვული ბოჭკოების ბლოკირებას ახდენს.  მისი საშუალებით იმპულსები საოფლე ჯირკვლებამდე აღწევს და ოფლის გამოყოფა უბრალოდ ჩერდება. 6–8 თვეში პროცედურის გამეორებაა საჭირო.

მკურნალობის  ფიტოთერაპია

არსებობს ხალხური მეთოდები. იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია. უნდა მიემართოს დერმატოლოგს ან ნევროპათოლოგს. იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

ჰიპერჰიდროზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💦 უჩივით ჭარბ ოფლს?!
🩺 სამედიცინო ენაზე ჭარბ ოფლიანობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება
🔎 განარჩევენ ორი ტიპის ჰიპერჰიდროზს:
➡️ ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი – ორგანიზმის დამცველობით ფუნქცია, რომელიც ორგანიზმს იცავს გადახურებისგან;
➡️ პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი – არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული. იგი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს:
✅ პირველადი ჰიპერჰიდროზი – ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. იგი ღამის საათებში გამოხატული არაა. ზოგჯერ პირველადი ჰიპერჰიდროზს აქვს ოჯახური, მემკვიდრული ხასიათი.
✅ მეორადი ჰიპერჰიდროზი – პათოლოგიური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ისეთი დაავადებების სიმპტომს, როგორიცაა:
📎 ენდოკრინული დაავადებები;
📎 ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები;
📎 ინფექციური დაავადებები;
📎 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
📎 თირკმელების დაავადებები;
📎 ავთვისებიანი სიმსივნეები;
📎 გენეტიკური დაავადებები;
📎 ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა და სხვა.
💭 დაინტერესდით?
👉 შეიტყვეთ მეტი ჰიპერჰიდროზის მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3RNJ0Mx
#ჰიპერჰიდროზი #ჰიდროზი #ჭარბოფლიანობა #ჭარბიოფლიანობა #ჭარბიოფლი #რაარისჰიპერჰიდროზი #ჰიპერჰიდროზისმკურნალობა #ჰიპერჰიდროზისმიზეზები #ჰიპერჰიდროზისნიშნები #ხელებისოფლიანობა #როგორმოვიშოროთხელებისოფლიანობა #როგორდავამარცხოთჭარბიოფლიანობა #ჰიპერჰიდროზისმკურნალობაბოტოქსით #ჰიპერჰიდროზისპროფილაქტიკა #ფიზიოლოგიურიჰიპერჰიდროზი #პათოლოგიურიჰიპერჰიდროზი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.