ხელოვნური კვება

ხელოვნური კვება

გახსოვდეთ! ყველაზე საუკეთესო ხელოვნური საკვებიც ვერ შეედრება დედის რძის უნიკალურ თვისებებს და ვერ ჩაითვლება დედის რძის სრულყოფილ შემცვლელად.

ბავშვის ნაადრევი გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე შეიძლება გახდეს დედასა და შვილს შორის მჭიდრო კონტაქტის ნაკლებობის და, ამის გამო, მოგვიანებით ასაკში, ბავშვის ფსიქომოტორული დარღვევების საფუძველი.
ამიტომ, დ ე დ ე ბ ო, რომლებმაც რაიმე მიზეზის გამო გადაწყვიტეთ ძუძუს მოწყვიტოთ თქვენი შვილი, ჯერ კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგით ეს ნაბიჯი და ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ არის!


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ თუნდაც “1-2 წვეთი” რძე, აუცილებლად ყველა კვების წინ უნდა ჩაუდოთ ბავშვს ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ძუძუ და ამის შემდეგ მისცეთ ხელოვნური საკვები.
რძის უკმარისობის წამალი ძუძუს ხშირი და ხანგრძლივი კვებაა, რადგან სარძევე ჯირკვლის ხშირი დაცლა ხელს უწყობს რძის გამომუშავებას.

გაითვალისწინეთ! ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები ადვილად ხდებიან ავად და დაავადებაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მათში ხშირია ალერგიული გამოვლინებები, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები.
თუ დარწმუნდით, რომ ბავშვს დედის რძე არ ყოფნის, დასამატებლად შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური საკვები ანუ დედის რძესთან მიახლოებული ადაპტირებული ნარევები. საქართველოში გავრცელებული ადაპტირებული ნარევებია: მალიუტკა, ჰუმანა, ნანი, ნუტრილონი, ნუტრილაკი, ლაქტოფიდუსი, ჰიპი და სხვა. ყველა სახის ადაპტირებული ნარევი ორ ჯგუფად იყოფა: 0-დან – 6 თვემდე გამოსაყენებელ და 6-დან – 12 თვემდე გამოსაყენებელ ნარევად.
გარდა ამისა, არსებობს სამკურნალო ნარევები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული პრობლემების დროს. მაგალითად, ანტირეგურგიტივა – ღებინების და ხშირი წამოქაფების დროს; სოიოს რძეზე დამზადებული ნარევები – რძის კომპონენტებზე (რძის ცილა, რძის შაქარი) ალერგიის დროს და სხვა.

ხელოვნური კვებისას აუცილებელია მკაცრი საათობრივი რეჟიმის დაცვა ღამის 6-6,5 საათიანი ინტერვალით:

იშვიათად, მაგრამ დღესაც შეიძლება შეგვხვდეს ისეთი მდგომარეობა, როცა დედას რძე არა აქვს და ხელოვნური ადაპტირებული საკვებიც არ არის ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას არაადაპტირებული საკვები, მაგალითად მაწონი.
მაწონი შეიცავს ბუნებრივ, სასარგებლო ბაქტერიებს – ლაქტობაქტერიებს და აქვს მჟავე რეაქცია, რის გამოც ხელს უშლის ნაწლავებში მავნე ბაქტერიების ზრდას და აუმჯობესებს ცხიმის შეთვისებას.
ბინის პირობებში მაწვნის დამზადებისას აუცილებლად უნდა დაიცვათ მისი მომზადების წესი: მაწვნის “დედა~ გაგლისეთ 20 გრადუსამდე გამთბარ თბილ რძეში, შეურიეთ სუფთა ქილაში წინასწარ ჩასხმულ ანადუღარ და 38-40 გრადუსამდე შეგრილებულ რძეში და მოურიეთ. ქილა შეფუთეთ და დადგით ჯერ თბილ ადგილას 3 საათის განმავლობაში, შემდეგ კი, ნახევარი საათით, გრილ ადგილას, რის შემდეგაც გაგრილებული მაწონი უნდა მოათავსოთ მაცივარში 8-10 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, მაწონი მზადაა და ბავშვისთვის საკვებად ვარგისია 24 საათის მანძილზე. ‘მაწვნის დედად~ უნდა გამოვიყენოთ წინა დღის მაწვნის “ნაწილი”.
თავდაპირველად, სასურველია, მაწონი განაზავოთ ბურღულეულის (ბრინჯი, შვრია-“ჰერკულესი”) ნახარშებით. მაწვნის ნარევის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 წილი მაწონი და 1 წილი ბურღულეულის ნახარში.
ნახარშის მომზადება: 10 გრ. ბურღულეული გარეცხეთ, დაასხით 160 მლ. წყალი და გააჩერეთ 1-2 საათი დასალბობად. შემდეგ კარგად მოხარშეთ და ბოლოს გახეხეთ ხის კოვზით დოლბანდჩაფენილ საცერში. მიღებული მასა შეავსეთ ანადუღარი წყლით 100 მილილიტრამდე და წამოადუღეთ. ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას.
ნახარშის რაოდენობა ნარევში შეამცირეთ თანდათანობით და დაახლოებით ორ კვირაში შეიძლება ჩვილისათვის სუფთა მაწვნის მიცემა.
თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ, შეიძლება ჩვილის საკვებად ნაღებმოხდილი თხის რძეც გამოიყენოთ, ვინაიდან შემადგენლობით თხის რძე ძალიან ჰგავს ქალის რძეს.

  • ერთ თვემდე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილი, სასურველია, იკვებებოდეს 7-ჯერ დღეში ანუ 3 საათში ერთხელ.
  • 1-დან 4 თვემდე – 6-ჯერ ანუ ყოველ 3,5 საათში ერთხელ.
  • 4 თვის შემდეგ – 1 წლამდე – 5-ჯერ ანუ ყოველ 4 საათში ერთხელ.

ხელოვნური საკვების მიღებისას, აუცილებელია, კარგად და დაკვირვებით წაიკითხოთ და მკაცრად დაიცვათ კოლოფზე მინიშნებული საკვების მომზადების წესი!

  • საკვები მოამზადეთ სუფთა და სტერილურ ბოთლში: ბოთლი მოათავსეთ ცხელ წყალში, გარეცხეთ ჯაგრისით და გაავლეთ სუფთა გამდინარე წყალში.
    ბოთლის სტერილიზაცია ხორციელდება დუღილით 10 წთ-ის განმავლობაში.
    საწოვარა უნდა გარეცხოთ გამდინარე წყლით, შემდეგ გადაავლოთ მდუღარე წყალი და გაასტერილოთ დუღილით 10-15 წუთის განმავლობაში.
  • ყოველი კვებისას გამოიყენეთ ახლად მომზადებული საკვები.
    კვების დროს საკვები უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის (ანუ 370C-მდე), რისი შემოწმებაც შეგიძლიათ მაჯის შიდა ზედაპირზე საკვების წვეთების დასხმით.
  • კვებისას ბოთლი დაიჭირეთ დახრილ მდგომარეობაში ისე, რომ საკვები ავსებდეს ბოთლის ყელს და საწოვარას, რათა ბავშვმა ჰაერი არ ჩაყლაპოს.
  • საწოვარას ნახვრეტი უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ რძე გადმოდიოდეს წვეთობით (1 წვეთი 2-3 წამში) და არა ნაკადით. საწოვარა უნდა იყოს მკვრივი.
  • კვების ხანგრძლივობა უნდა იყოს 15-30 წუთი.
  • აუცილებელია საკვები მომზადდეს უშუალოდ კვების წინ! ბოთლში დარჩენილი საკვების ხელმეორედ გაცხელება არ შეიძლება, ის უნდა გადაიღვაროს!
  • კვების დროს ბავშვი აიყვანეთ ხელში და დაიჭირეთ ნახევრად ვერტიკალურ მდგომარეობაში, საწოლში კვება დაუშვებელია.
  • კვების დასრულების შემდეგ ბავშვს მიეხმარეთ რძესთან ერთად ჩაყლაპული ჰაერის ამოქარვებაში (იხილე სურათები).
  • ერთ თვემდე, სასურველია, ბავშვს კვების პროცესში რამდენჯერმე ამოაქარვებინოთ. ეს შეიძლება საჭირო გახდეს ერთი თვის ასაკის შემდეგაც, თუ ბავშვი, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკვებთან ერთად ჭარბად ყლაპავს ჰაერს.

აღებულია  http://www.genesis.org.ge/brochure32/brochure32.htm . ბროშურა მომზადებულია ასოციაცია “გენეზისი”-ს მიერ «NOVIB» – «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”